"ევროპული საქართველო" არ იზიარებს ლოზუნგს "არჩევნები გაუქმებულია"

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ არჩევნებისთვის მობილიზება არ აღმოჩნდა საკმარისი "ქართული ოცნების" დასამარცხებლად, რომელსაც ის "ივანიშვილის რეჟიმად" მოიხსენიებს. მისი თქმით, ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიც კი აჩვენებს, რა მხარდაჭერა მიიღო ოპოზიციამ.

ის ამბობს, რომ საზოგადოებას წარმატების სწრაფად მოპოვების მოლოდინი არ უნდა შეუქმნან.

"ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას სჭირდება კომპლექსური და თანმიმდევრული მიდგომა, რომლის აუცილებელი ნაწილია მშვიდობიანი აქციები, მაგრამ აქვე მინდა წინასწარ საზოგადოებამაც იცოდეს "ევროპული საქართველოს" პოზიცია, ჩვენმა პარტნიორებმაც, კონსულტაციებამდეც იცოდნენ, რომ ლოზუნგი არჩევნები გაუქმებულია ჩვენ მცდარად მიგვაჩნია პრაგმატულად, მინდა ყველას შევახსენო, რომ ასეთი ავტორიტარული რეჟიმების არასაარჩევნო გზით შეცვლას ბევრად მეტი მხარდაჭერის მოპოვება სჭირდება საზოგადოებისგან და მოსახლეობისგან, ვიდრე საარჩევნო პროცესში არალეგიტიმური და ძალადობრივი მეთოდების გადალახვას, ეს არის რეალობა და ეს ყველას უნდა გვესმოდეს, ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენს საზოგადოებას არ უნდა შევუქმნათ მოლოდი სწრაფ წარმატებაზე, სამწუხაროდ იმიტომ, რომ ეს არის რეალობა ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მზად თანმიმდევრული, სამწუხაროდ როგორც ჩანს არამოკლევადიანი ბრძოლისთვის", - განაცხადა ბოკერიამ.

ასევე ნახეთ ნიკა მელია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, აცხადებს "ბრძოლას ბოლომდე" 

30 ოქტომბერს საქართვლოს 20 ქალაქში ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქში. ცესკოს მონაცემებით, 19 ქალაქში "ქართული ოცნების" კანდიდატია გამარჯვებული, ერთში - "ნაციონალური მოძრაობიდან". ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ შედეგებს არ აღიარებს. იგივეს აცხადებენ მასთან კოალიციაში მყოფი "ლელოსა" და "დროას" ლიდერები და აცხადებენ, რომ "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადებიან.