ISFED: მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე

„სამართლიანი არჩევნები“ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 30 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების შედეგების შესახებ განცხადებას ავრცელებს და თვლის, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია 30 ოქტომბრის არჩევნებს უბნის 542 დამკვირვებლისა და უბნის გარე პერიმეტრის 100 დამკვირვებლით ადევნებდა თვალს. განსაკუთრებული ყურადღებით ორგანიზაცია რვა ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და თელავში მიმდინარე პროცესს აკვირდებოდა.

ISFED-ის დამკვირვებლებმა 30 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების ფაქტებზე, სამივე დონის საარჩევნო კომისიებში, შეიტანეს 161 საჩივარი. 22 შენიშვნა კი ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირეს.

სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მიერ მიღებული ინფორმაციით, ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით, არჩევნების დღე ძირითადად კანონით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართა. თუმცა, არჩევნების დღეს გამოვლენილი პირთა საეჭვო შეკრებების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, რასაც რიგ მუნიციპალიტეტებში, მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა:

„კენჭისყრის პროცესის დღეს, განსაკუთრებით საგულისხმო იყო მარკირების მქონე პირთა მიერ ხმის მიცემის, კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობისა და მარკირების შემოწმების პროცედურის დარღვევის ფაქტები. ასევე დაფიქსირდა ამომრჩევლების სიებთან და გადასატან ყუთთან დაკავშირებული არაერთი დარღვევა. სამწუხაროდ, დღის განმავლობაში, ადგილი ჰქონდა, დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების შეურაცხყოფისა და ზეწოლის ფაქტებს. რაც შეეხება, შედეგების შეჯამების პროცესს, ორგანიზაციას ამ მხრივ მნიშვნელოვანი ხარვეზები არ გამოუვლენია, თუმცა დაფიქსირდა, ბიულეტენების არასწორად, ან/და სავარაუდოდ, მიზანმიმართულად გაბათილების შემთხვევები. არჩევნების დღეს გამოვლენილმა ტენდენციების ერთობლიობამ დააზიანა საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა. სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე“, - აცხადებს „სამართლიანი არჩევნები“.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 30 ოქტომბრის არჩევნები 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველგან, წალენჯიხის გარდა, მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება.