თამარ კორძაია ამბობს, რომ გაყალბებული პირადობის მოწმობები აღმოაჩინეს

საქართველოს პარლამენტის წევრი და გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი, თამარ კორძაია ამბობს, რომ აღმოაჩინეს გაყალბებული პირადობის მოწმობები, რომლითაც არჩევნები ყალბდებოდა. მან მედიას წარუდგინა დოკუმენტების ფოტო, სადაც ემთხვეოდა პირის სახელი, პირადი ნომერი და პირადობის მოწმობის მოქმედების ვადა, თუმცა განსხვავებული იყო დოკუმენტის სერიული ნომერი და მოქალაქის გვარი.

"დღეს ამ მტკიცებულებით დასტურდება ის, რასაც წლების განმავლობაში ვამტკიცებთ, რომ გაყალბებული პირადობის მოწმობებით საქართველოს ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს. შესაბამისად, დღეს საგამოძიებო უწყებების წინაშე ვაყენებთ სისტემური დანაშაულის გამოძიების მოთხოვნას, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროდან დაწყებული, ცენტრალური საარჩევნო კომისიით დასრულებული", - განაცხადა კორძაიამ.

სერვისების განვითარების სააგენტოში კორძაიას გავრცელებულ ინფორმაციას ცრუ ბრალდება უწოდეს.

"ხსენებული მოქალაქე ედუარდი მსტოიანი ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში მხოლოდ ერთი მონაცემითაა შეყვანილი. ედუარდ მსტოიანმა 22 ოქტომბერს ანა ჯიქურთან ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი - ჯიქური.

გვარის შეცვლა განხორციელდა 14 სექტემბრის ანუ ცესკოსთვის საარჩევნო სიის გადაცემის შემდეგ. იგი საარჩევნო სიაში ძველი სახელით და გვარით არის დაფიქსირებული.

აქვე განვმარტავთ, რომ ახალი პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების შემდეგ, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ძველი პირადობის მოწმობა გაუქმდა", - აცხადებენ უწყებაში.

დღეს, 30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქში მერის ასარჩევად მეორე ტური იმართება. მეორე ტური იმართება ხუთივე თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში.

მასალა განახლდა სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციის მიღების შემდეგ.