დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ "მთავარი არხი", რომელსაც "ქართული ოცნება", საერთაშორისო კვლევით ორგანიზაცია IPSOS-სთან ერთად, საზოგადოებრივი აზრის კვლევებით მანიპულაციაში ადანაშაულებს, ეგზიტპოლს IPSOS-ის გარეშე ჩაატარებს.
"მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე IPSOS-სთან ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან, მისი თქმით, პარტნიორებმა უხეშად დაარღვიეს კონტრაქტი.
რა მოხდა IPSOS-სა და "მთავარ არხს" შორის
"მთავარსა" და IPSOS-ს შორის დაპირისპირება მეორე ტურის წინ, 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარებული კვლევის შედეგების გამოქვეყნებას მოჰყვა.
"მთავარმა არხმა" 27 ოქტომბერს პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ზუგდიდში მეორე ტურში უპირატესობა ექნებოდა ანზორ მელიას, რომელმაც პირველ ტურშიც უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მისმა კონკურენტმა მმართველი პარტიიდან. ტელეკომპანიამ მონაცემები IPSOS-ის კვლევაზე დაყრდნობით გაავრცელა. IPSOS-ი საქართველოში ამომრჩეველთან განწყობებს დღემდე "მთავარი არხის" დაკვეთით იკვლევდა.
მას შემდეგ, რაც "მთავარმა არხმა" არჩევნების მეორე ტურამდე ბოლო გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, IPSOS-მა მისი უკრაინული სამსახურის ოფიციალურ ვებსაიტზე განათავსა დოკუმენტი, რომელშიც საველე სამუშაოების ჩატარების თარიღი და ზუგდიდში მერობის კანდიდატების შედეგები აცდენილია იმ მონაცემებთან, რაც "მთავარმა არხმა" 27 ოქტომბერს გააცნო საზოგადოებას.
IPSOS-ის ვებსაიტზე განთავსებული დოკუმენტის მიხედვით, წინასწარი გამოკითხვებით, ზუგდიდის მერის პოსტზე ოპოზიციის კანდიდატს "ოცნების" კანდიდატი უსწრებს. დანარჩენი 4 ქალაქის მონაცემები იდენტურია. ამ ცდომილების შესახებ პირველად "ქართული ოცნების" ოფისში ჩატარებული საგანგებო ბრიფინგის შემდეგ გახდა ცნობილი, სადაც "მთავარი არხი" მონაცემების გაყალბებაში დაადანაშაულეს.
"თუ გავაკეთებთ დაშვებას, რომ მთავარმა არხმა გადაწყვიტა შედეგების გაყალბება, ჩნდება კითხვა: ჩვენი მიკერძოებული მიდგომა გავრცელდა მხოლოდ ქალაქ ზუგდიდზე, სადაც კონსენსუსია ქართულ საზოგადოებაში, რომ ოპოზიციური კანდიდატი ყველაზე დიდი უპირატესობით იგებს? სადაც სულ 2% დააკლდა ოპოზიციის კანდიდატს პირველ ტურში მოსაგებად და ყველაზე დიდი სხვაობა იყო ნაცმოძრაობის კანდიდატსა და ქართული ოცნების კანდიდატს შორის? და, ამის პარალელურად, მინიმალური სხვაობები (ცდომილების ფარგლებში) ხელუხლებელი დავტოვეთ ყველა სხვა ქალაქში და განსაკუთრებით, ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას, თბილისში -3%ით უკან დავტოვეთ ოპოზიციის კანდიდატი?
ასეც რომ ყოფილიყო, იფსოსს არ აქვს უფლება გამოაქვეყნოს რაიმე ინფორმაცია, ჩვენი თანხმობის გარეშე. თუ თვლის, რომ ან შეგვეშალა, ან გავაყალბეთ მონაცემი, წინასწარ უნდა შედგეს კომუნიკაცია ამ საკითხზე დაზუსტების მიზნით, რასაც ადგილი არ ქონია. თუ ეჭვს შეიტანდა ჩვენს კეთილსინდისიერებაში, პარტნიორ კომპანიას შეეძლო მხოლოდ დაუყოვნებლივ გაეწყვიტა კონტრაქტი", - დაწერა 29 ოქტომბერს "მთავარის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ფეისბუკზე.
ამავე სტატუსში მან თქვა, რომ აქვს ეჭვი კორუფციულ გარიგებაზე და შესაბამისი ქვეყნების საგამოძიებო უწყებებს მიმართავს გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ქვეყნები ნიკა გვარამიამ გვიან საღამოს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე დაასახელა - იტალია და საფრანგეთი, სადაც, მისი ინფორმაციით, კორუფციული გარიგება მოხდა IPSOS-ის წარმომადგენელსა და თბილისის მერს, კახა კალაძეს, ან მის წარმომადგენელს შორის.
რადიო თავისუფლებამ ჯერჯერობით ვერ მოახერხა IPSOS-ის პასუხის მოპოვება კორუფციული გარიგების შესახებ ბრალდებებზე.
ამავე დროს, "მთავარი არხი", რეპუტაციული ზიანის გამო საარბიტრაჟო წესით აპირებს ყოფილ პარტნიორთან დავას და რეპუტაციული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას.
ასევე ნახეთ "მთავარი არხი" თანამშრომლობას წყვეტს კომპანია "იფსოსთან" კონტრაქტის პირობების დარღვევის გამორას ამბობენ IPSOS-ში
29 ოქტომბრის დღის ბოლოს, "მთავარ არხში" გამართულ საგანგებო ბრიფინგამდე, კომპანია IPSOS-მა საჯაროდ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ 27 ოქტომბერს "მთავარმა არხმა" "შეუწონელი მონაცემები" გამოაქვეყნა, რაც საჯარო გამოქვეყნებისთვის არ იყო განკუთვნილი და მომხდარი გაუგებრობით ახსნა.
"IPSOS-ს სწამს, რომ ინციდენტი გამოიწვია „მთავარი არხის“ მხრიდან გაუგებრობამ, თუ რა იყო განკუთვნილი გამოსაქვეყნებლად. „მთავარი არხისადმი“ გაგზავნილი ჩვენი ანგარიში მოიცავს სრულ შეწონილ და შეუწონელ შედეგებს ზუგდიდისთვის. IPSOS-ის პრაქტიკის თანახმად, ამას ვაკეთებთ სრული გამჭვირვალობისთვის.
სამწუხაროდ, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა შეუწონელი მონაცემები, რომელიც არის წინასწარი და არ არის განკუთვნილი საჯარო გამოქვეყნებისთვის, განსხვავებით შეწონილი შედეგებისგან, რომელიც არის ზუსტი და საბოლოო. ეს არის დაბნეულობის წყარო".
კომპანიის განცხადებაში კონტრაქტის პირობების დარღვევა ნახსენები არ არის; არც ის არის ნათქვამი, ჰქონდა თუ არა მას უფლება გაესაჯაროებინა "მთავარი არხის" დაკვეთით შესრულებული კვლევის მონაცემები.
რას ირწმუნება "ოცნება"
"მთავარი არხი" და IPSOS-ი არ არის "ერთმანეთისგან გამიჯნული ორი კომპანია", - თქვა 29 ოქტომბერს "ოცნების" დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა და დააყოლა: "გაყალბება გვაქვს ყოველ ჯერზე, შესაბამისად, ეს არის შეთანხმებული მოქმედება, გადაბრალება კიდევ მეტად დიდი სკანდალია, როცა ცდილობს მთავარი არხი, იფსოსს გადააბრალოს".
ასევე ნახეთ შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, "მთავარი არხი" და კომპანია "იფსოსი" შეთანხმებულად მანიპულირებდნენ კვლევებითშალვა პაპუაშვილმა დღეს თქვა ისიც, რომ IPSOS-ი საქართველოში საველე სამუშაოებს კომპანია BCG-ს [ბიზნეს საკონსულტაციო ჯგუფი] უკვეთავდა. კომპანიის ხელმძღვანელი ანი თარხნიშვილი ამბობს, რომ დეპუტატის ეს განცხადება მცდარია და 2021 წელს მის კომპანიას არც ერთი კვლევა არ ჩაუტარებია, IPSOS-თან კი არც წელს და არც წარსულში არ უთანამშრომლია. ანი თარხნიშვილი ევროპული საქართველოს წევრის და ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის, ლევან თარხნიშვილის ცოლია. შალვა პაპუაშვილის თქმით, სწორედ ლევან თარხნიშვილის კომპანიაა BCG და ლევან თარხნიშვილი არის ადამიანი, რომელიც საარჩევნო დარღვევებთან ასოცირდება.
"ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩემი მეუღლის კომპანიას არ ჩაუტარებია პოლიტიკური კვლევა, ძველად აკეთებდა როგორც პოლიტიკურ კვლევებს, ისე ეგზიტპოლებს, თანამშრომლობდა ედისონთან, არასოდეს იფსოსთან. მე მაგ ორგანიზაციასთან არასოდეს არანაირი შეხება მქონია, არც წილი მაქვს, არც დირექტორი ვყოფილვარ. ჩემი მეუღლე დამოუკიდებელი ადამიანია, დამოუკიდებლად შეუძლია აკეთოს თავისი საქმე", - უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან თარხნიშვილმა. მართლაც, საჯარო რეესტრში BCG დასახელებით რამდენიმე კვლევითი კომპანია იძებნება და ლევან თარხნიშვილი არც ერთის ხელმძღვანელი არ არის.
"შევახსენოთ საზოგადოებას, ვინ არის ლევან თარხნიშვილი. ლევან თარხნიშვილი, სააკაშვილის დროს, იყო ცესკოს თავმჯდომარე, ანუ მთავარი გამყალბებელი სააკაშვილის არჩევნების, ხალხის ხმების მომპარავი, ჩვეულებრივი ქურდი. ამ ადამიანის მიერ ჩატარებული მიკერძოებული, გაყალბებული კვლევები, რა თქმა უნდა, არ არის სანდო ჩვენთვის, არავისთვის. დღეს რაც მოხდა, ეს ხომ საერთოდ გამაოგნებელია, კატასტროფაა პირდაპირ", - თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე.
ლევან თარხნიშვილი ცესკოს თავმჯდომარე იყო 2007-2010 წლებში. 2010 წელს ის ზურაბ ხარატიშვილმა შეცვალა, რომელიც ამ პოსტს 2013 წლამდე იკავებდა. "ქართული ოცნების" 9-წლიანი მმართველობის 7 წლის განმავლობაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თამარ ჟვანია ხელმძღვანელობდა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საველე სამუშაოებს "იფსოსისთვის" კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია "ანოვა" ატარებდა. კომპანიაში ამ ფაქტს არ უარყოფენ, თუმცა არც ადასტურებენ.
დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" დაკვეთით ეგზიტპოლის საველე სამუშაოებს 30 ოქტომბერს კვლავ "ანოვა" ჩაატარებს, ხოლო მონაცემებს მიწვეული სპეციალისტები დაამუშავებენ.
საარჩევნო პროცესში ჩართული სპეციალისტები ამბობენ, რომ რამდენიმე ეგზიტპოლის არსებობა უკეთესია, ვიდრე ერთის და ისიც მიკერძოებულის, თუმცა თვითმმართველობის არჩევნების 20 ქალაქში გასამართი მეორე ტურის შედეგების დათვლა გაცილებით მარტივი და მოკლე პროცესია, ვიდრე ეს პირველი ტურის შემთხვევაში იყო.
30 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს ერთი ან ორი ბიულეტენი დახვდებათ იმის მიხედვით, მხოლოდ მერი ჰყავთ ასარჩევი თუ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი და მერი. თითო ბიულეტენზე მხოლოდ ორი კანდიდატის გვარი და სახელი იქნება. ამგვარი ბიულეტენების დათვლაც მარტივია და ამ პროცესისთვის გონივრული ვადა უბნებისა და ოლქებისთვის 2-3 საათი უნდა იყოს.
ეგზიტპოლები, როგორც წესი, საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, საღამოს 8 საათზე ქვეყნდება.
"ღამის 12 საათისთვის, თუკი გაყალბების მცდელობებს არ ექნება ადგილი, წინასწარი შედეგებიც უნდა ვიცოდეთ", - ამბობს ლევან თარხნიშვილი.
ასევე ნახეთ სად რა არჩევანი გაქვთ მეორე ტურში