ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ბესო წერედიანი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები მხოლოდ იმას მოწმობს, რომ მას 24 საათის განმავლობაში უსმენენ.
„მართალი გითხრათ ამ მისმენია ამ ჩანაწერებისთვის და ვერ დავადასტურებ მის ავთენტურობას. მაგრამ ის რომ „ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს ამაში ეჭვი არავის არ ეპარება. ყველაზე საოცარი ის არის, რომ რასაც ახლა თქვენ მეუბნებით, რომ მათ ბრიფინგზე განაცხადეს, მე ამას ყოველდღე ვწერ ფეისბუკზე, საკუთარ გვერდზე და ის რომ მათ სადღაც ჩანაწერები გააკეთეს, ეს იმას ნიშნავს, რომ 24 საათის განმავლობაში გვისმენენ.
დიახ, ისეთ საზიზღარი მეთოდებით გააყალბებენ არჩევნებს, რომ იმ 70 ათას კაცს, რომელიც იდგა თავისუფლების მოედანზე, მოუწევს იმ არჩევანის დასაცავად გამოსვლა ამაზე შეიძლება ყოფილიყო საუბარი, ერთადერთი, მეტი არაფერი“,- უთხრა ბესო წერედიანმა ტელეკომპანია პირველს. .
ბესო წერედიანის თქმით, მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელმა დაურეკა და გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა იმის გამო, რომ საბურთალოზე საარჩევნო კომისიის წევრია და ხვალ არჩევნებზე უნდა იყოს, ვერ მოახერხებს მისვლას და მოგვიანებით, მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცემს ჩვენებას.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ დაწყებულია გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების შეთქმულებით დამხობის მუხლით. სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ ეს საქმე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.
სუს-ის თახმად "საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის #18 სასჯელაღასრულების დაწესებულებაში გადაყვანისთვის ხელის შეშლის მიზნით, მისასვლელი გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას. მათ განზრახული აქვთ აღნიშნული დესტრუქციული ქმედებით გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით ხელი შეუშალონ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. მსგავს ქმედებებს ადგილი შეიძლება ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში ეტაპირების დროსაც"- განცხადების სტილი დაცულია.
სუს-მა გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტი ბესო წერედიანია. უწყების ინფორმაციით ჩანაწერი მოსამართლის კანონიერი განჩინების საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენო ბიბლიოთეკაშია გაკეთებული.
ასევე ნახეთ სუს-ში სახელმწიფო ხელისუფლების დამხობაზე გამოძიება დაიწყეს, საქმეში სააკაშვილი ფიგურირებსმსგავსი სცენარის გაჟღერება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაასწრო. მან "იმედის" ეთერში თქვა, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში დაიწყებოდა მუდმივი ქაოსი.
"სრული პასუხისმგებლობით მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, ერთადერთი გეგმა, რაც შემუშავებული აქვთ, რომ რამენაირად, შიმშილობაც მაგიტომ არის ორგანიზებული, თავის მოკლე ჭკუით დალაგებული აქვს, რომ ჩვენ მას გადავიყვანდით კერძო კლინიკაში... გეგმა არის, რომ რამდენიმე ათასი ადამიანის მობილიზაციას შეძლებენ და ჩვენ მოგვიწევდა მუდმივი ქაოსი და ჯაჯგური და პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენება და აქაც ვუბრუნდები პირველ სცენარს [პოლიტიკოსების მოკვლა], იგივე სცენარია ერთი-ერთში", - თქვა ღარიბაშვილმა.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილს არ გადაიყვანენ კერძო კლინიკაში, რადგან იქ "მუდმივი ჯაჯგური" იქნებასაქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაკავების შემდეგ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
ადვოკატები მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვენ მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანას, სადაც შესაძლებელი იქნება მუდმივი და სრულფასოვანი ზრუნვა მის ჯანმრთელობაზე. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდება გლდანში, პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში. მიხეილ სააკაშვილი ამ დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ამბობს, მისი უფლებადამცველები და სახალხო დამცველი კი მიიჩნევენ, რომ ამ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2018 წელს საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი ყველას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს, პოლიციამ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.