ლევან ხაბეიშვილი: რაზეც საჯაროდ არ ვსაუბრობთ, იქ [სუს-ის ჩანაწერებში] საუბარი არ ყოფილა

ლევან ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისიდან გამოეხმაურა პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს, რომელზეც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის საქმის შესახებ იყო ლაპარაკი.

„შემდგარი რეალობაა, რომ კახი კალაძის და „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას არა პარტია, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) სუსის ოფიციალური „შპიონები“ აწარმოებენ. დღეს ამ ხალხმა გვამცნო ის, რასაც საჯაროდ ისედაც ვამბობთ და ვსაუბრობთ. პირველი, არ მივცემთ სააკაშვილის მკვლელობის უფლებას, რაზეც ოცნებობს ღარიბაშვილი და გუშინ ეს წამოცდენაც ჰქონდა პირდაპირ ეთერში. ცხადია, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არ მოხდეს გლდანის დაწესებულებაში, სადაც მთლიანად კრიმინალების მმართველობის და გავლენის სფეროა იქაურობა. ეს ცხადია და ფაქტია, რომ ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ამისთვის კონსტიტუციით მონიჭებულ ყველა უფლებას, მათ შორის, აქციასაც, სხვა - მანიფესტაციას თუ მანქანების კოლონებით გადაადგილებას და პროტესტს განვახორციელებთ და ამაში ვერავინ ხელს ვერ შეგვიშლის“, - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

პოლიტიკოსი სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებას უწოდებს ბესო წერედიანის „მეგაფონის გადატრიალებას“. სწორედ, წერედიანი არის მთავარი ფიგურანტი აუდიოჩანაწერში, რომელიც, როგორც სუს-მა განაცხადა სასამართლოს სანქციის საფუძველზე „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში“ ფარული მიყურადების შედეგად არის ჩაწერილი.

ხაბეიშვილმა გაიხსენა ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოების განცხადებები, რომელიც მისი შეფასებით ანალოგიურ შინაარსს ატარებდა:

  • 2014 წელს ჭიკაიძე იყო შს მინისტრი, როდესაც დესტაბილიზაციაზე საუბრობდა („საბურავების საქმე“) და სისხლის სამართლის კოდესის 315-ე მუხლით აღძრა საქმე;
  • 2015 წელს სუს-მა თქვა, რომ თურმე დესტაბილიზაციას ვაპირებთ;
  • 2016 წელს სუს-მა იგივე თქვა, რომ თურმე ამბოხს აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“;
  • 2017 წელს თქვა, რომ გადატრიალებას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“;
  • 2018 წელს პროკურატურამ თქვა, რომ სახელმწიფო გადატრიალებას, პროვოკაციას და დესტაბილიზაციას უნდა ჰქონდეს ადგილი.

ხაბეიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ „ბოდვებს ნუ მოუსმენენ“.

„თუ მოუსმენთ, კარგად გაიაზრეთ და ნახავთ, რომ იქ კანონდარღვევა არაფერი არ არის. იმას, რაზეც საჯაროდ არ ვსაუბრობთ, იქ საუბარი არ ყოფილა. დიახ, არ მივცემთ მესამე პრეზიდენტის მკვლელობის შესაძლებლობას რუსებს და არც მის წარმომადგენლებს, ივანიშვილ-ღარიბაშვილს“, - განაცხადა დეპუტატმა.

29 ოქტომბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად. 1. შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად).

ასევე ნახეთ სუს-ში სახელმწიფო ხელისუფლების დამხობაზე გამოძიება დაიწყეს, საქმეში სააკაშვილი ფიგურირებს

გამოძიების ვერსით, საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს, კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის #8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისთვის ხელის შეშლის მიზნით მისასვლელი გზების, სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას. როგორც სუს-ი აცხადებს, მათ განზრახული აქვთ აღნიშნული დესტრუქციული ქმედებით გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით ხელი შეუშალონ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს.

ინფორმაცია სუს-მა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გამართვის წინა დღეს გაავრცელა.