სუს-ში სახელმწიფო ხელისუფლების დამხობაზე გამოძიება დაიწყეს, საქმეში სააკაშვილი ფიგურირებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ატარებენ გამოძიებას სახელმწიფო ხელისუფლების შეთქმულებით დამხობის მუხლით. სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ ეს საქმე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.

ინფორმაცია სუს-მა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გამართვის წინა დღეს გაავრცელა.

"სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას. გამოძიების ფარგლებში დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს, კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის #8 სასჯელაღასრულების დაწესებულებაში გადაყვანისთვის ხელის შეშლის მიზნით მისასვლელი გზების, სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას. მათ განზრახული აქვთ აღნიშნული დესტრუქციული ქმედებით გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით ხელი შეუშალონ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. მსგავს ქმედებებს ადგილი შეიძლება ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში ეტაპირების დროსაც", - თქვა ბაჩა მგელაძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოადგილემ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით (შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყებაში მტკიცებულების სახით სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ჩაწერილი აუდიოჩანაწერი გაავრცელეს. სუს-ის წარმომადგენელმა ჟურნალისტების დამატებით კითხვებს არ უპასუხა.

მსგავსი სცენარის გაჟღერება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაასწრო. მან "იმედის" ეთერში თქვა, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში დაიწყებოდა მუდმივი ქაოსი.

"სრული პასუხისმგებლობით მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, ერთადერთი გეგმა, რაც შემუშავებული აქვთ, რომ რამენაირად, შიმშილობაც მაგიტომ არის ორგანიზებული, თავის მოკლე ჭკუით დალაგებული აქვს, რომ ჩვენ მას გადავიყვანდით კერძო კლინიკაში... გეგმა არის, რომ რამდენიმე ათასი ადამიანის მობილიზაციას შეძლებენ და ჩვენ მოგვიწევდა მუდმივი ქაოსი და ჯაჯგური და პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენება და აქაც ვუბრუნდები პირველ სცენარს [პოლიტიკოსების მოკვლა], იგივე სცენარია ერთი-ერთში", - თქვა ღარიბაშვილმა.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილს არ გადაიყვანენ კერძო კლინიკაში, რადგან იქ "მუდმივი ჯაჯგური" იქნება

ღარიბაშვილმა იმავე გადაცემაში თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გეგმავდა, რომ 2 ოქტომბერს, მაშინ, როცა თვითმმართველობის არჩევნები იმართებოდა, თავისივე თანაპარტიელები მოეკლათ. მისი თქმით, ეს სცენარი განმეორდება, თუ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

"პოლიციას მოუწევდა სპეცრაზმის, მათ შორის, სპეციალური საშუალებების გამოყენება, ალბათ წყლის ჭავლის, გაზის და შიგნიდან რა ინფორმაციაც გვაქვს, აქ გათვლა იყო, რომ რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ოპოზიციონერი ლიდერის, არ მინდა გვარები ვთქვა, ზედმეტი სპეკულაცია რომ არ გამოგვივიდეს, მკვლელობა პირდაპირ, მისი პარტიის წევრების, 2-3 ადამიანის... იყო გეგმა, რომ აიღებდნენ ცესკოს შენობას, პარლამენტის შენობას, კანცელარიის შენობას და სრულ ქაოსში გაეხვეოდა ჩვენი ქვეყანა", - თქვა ღარიბაშვილმა.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილის თქმით, არ იყო გამორიცხული, რომ 2 ოქტომბერს ოპოზიციის აქციაზე გვარამია მოეკლათ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე ცნეს დამნაშავედ, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს და ამ დროიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სასამართლოს ჩანიშვნის მოთხოვნით მან შიმშილობა დაკავების დღესვე გამოაცხადა.

შიმშილობის გამო მისი მდგომარეობა მძიმდება. სახალხო დამცველი ამბობს, რომ ის სამედიცინო ტექნიკა, რომელიც აუცილებელია მასზე დასაკვირვებლად, გლდანის ციხის კლინიკაში არ არის. სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ "მილევად რეჟიმში" მყოფი ციხის საავადმყოფოს გადაიარაღება საგანგებოდ სააკაშვილის მისაღებად დაიწყეს.