სად რა არჩევანი გაქვთ მეორე ტურში

30 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე 5 ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში ამომრჩეველს ბიულეტენებზე მხოლოდ ორი კანდიდატის სახელი დახვდება. სამი მუნიციპალიტეტის გარდა ყველგან არჩევანი „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის არის გასაკეთებელი. თიანეთში, ოზურგეთსა და ცაგერში „ქართული ოცნების” კანდიდატებს ყოფილი თანაგუნდელები უპირისპირდებიან.

რა შეიცვალა?

პირველი ტურიდან მეორემდე ხელისუფლებაც და ოპოზიციამაც შეცვალა წინასაარჩევნო კამპანია.

„ქართული ოცნება“ ახალ დაპირებებს იძლევა, ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებული და განაწყენებული ადამიანების ისტორიებს იხსენებს და ამტკიცებს, რომ #ნაცობასირცხვილია. მმართველი პარტიის წევრების რიტორიკა უფრო აგრესიული გახდა.

ოპოზიციის დიდი ნაწილი ქვეყანაში დაბრუნებული და დაპატიმრებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემოა გაერთიანებული: „ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივი კოალიციური მთავრობების მოდელს ქმნის, ლიდერები და მერობის კანდიდატები კი, პირველი ტურისგან განსხვავებით, ადგილობრივ ამომრჩევლებს კონკრეტულ დაპირებებს აძლევენ.

პირველიდან მეორე ტურამდე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მმართველმა პარტიამ ძალები კიდევ ერთხელ მოსინჯეს და ერთმანეთის მიყოლებით აქციები გამართეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის უფრო მეტია, ვიდრე თვითმმართველობის არჩევნები: იმის მიუხედავად, რომ პირველ ტურში ხელისუფლებამ 43%-იანი ზღვარი გადალახა და ამით თითქოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, ოპოზიციას სურს დააჩქაროს „ქართული ოცნების” მმართველობის დასასრული, „ქართული ოცნება“ კი არ აპირებს დათმოს ძალაუფლების რომელიმე რგოლი.

ქალაქები და მუნიციპალიტეტები, სადაც მეორე ტური იმართება

თბილისი : გაერთიანებული ოპოზიცია კალაძის წინააღმდეგ

თბილისში ერთმანეთის კონკურენტები არიან „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის მერი კახა კალაძე და „ერთიანი ნააციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. თუკი გაიმარჯვებს, მელია თბილისის მართვას ელენე ხოშტარიასთან, ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან, მამუკა ხაზარაძესა და ირაკლი აბესაძესთან ერთად აპირებს.

კახა კალაძე

პირველ ტურში - 45.00%

ნიკა მელია

პირველ ტურში - 34,01%

„მოდით არჩევნებზე და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ბოლშევიზმი, ბოროტება, სიძულვილი და სიცრუე, რასაც განასახიერებს "ნაციონალური მოძრაობა" ამ ქვეყანაში!” - კახა კალაძე 18 ოქტომბერის მიმართვიდან.

ყოფილი წარმატებული ფეხბურთელი ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ენერგეტიკის მინისტრი გახდა; 4 წლის წინ პარტიამ დედაქალაქის მერად წარადგინა. მაშინ მან პირველივე ტურში გაიმარჯვა.

2017 წელს კალაძე თბილისელებს „ურბანული გენოციდის” დასრულებას და დედაქალაქის „სიცოცხლით სავსე ქალაქად” გადაქცევას დაჰპირდა. მაშინდელი დაპირებების ნაწილი არ შესრულებულა. კალაძე დამატებით 4 წელს მსხვილი ურბანული პროექტების დასასრულებლადაც ითხოვს და კიდევ უფრო მეტ სიცოცხლეს ჰპირდება დედაქალაქის ყველა უბანს. ის ხშირად ხდება ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე.

„თქვენ ალბათ მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ ჩვენ რეაბილიტაციას ვაპირებთ, საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ რესტორნის სახით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის ის, რომ ჩვენ იქ გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოვებთ და შეუძლიათ, ეს ადამიანები, ვინც ჩამოვთვალე, აბრძანდნენ და გამოექანონ. ნუ, მიშას არ გამოუვა, მაგრამ შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს“, - თქვა თბილისის მერმა 2019 წლის იანვარში ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ.

„შეიძლება მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს, შეიძლება მუშაობის პროცესშიც ყველა აქტუალურ საკითხზე შესაბამისი ყურადღება ვერ გავამახვილეთ. ამისთვის ბოდიში”, - თქვა კახა კალაძემ 2021 წლის 3 ოქტომბერს, როდესაც ცხადი გახდა, რომ მეორე ტური გარდაუვალი იყო.

მეორე ტურის წინ კალაძემ თქვა, რომ გადამდგარი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ამომრჩევლის იმედი აქვს. ყოფილმა პრემიერმა, რომელსაც „ოცნების“ მაღალჩინოსნები ნარკოდამოკიდებულებაში ადანაშაულებდნენ, მერის არჩევნებში 9.4% მიიღო.

„მისი ამომრჩეველი არასდროს მისცემს ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“. არასდროს მისცემს ხმას წარსულს, ბოროტებას”, - დარწმუნებულია კახა კალაძე მეორე ტურის წინ.

მეორე ტურის წინ კალაძემ გახსნა განახლებული გუდიაშვილის მოედანი და ვაკის პარკი, სადაც შადრევნის ფსკერი მმართველი პარტიის დროშის ფერად არის შეღებილი.

„პოლიტიკური გამარჯვება შეუძლებელი არის, თუ მანამდე მორალურად არ გაიმარჯვე” - ნიკა მელია, 14 ოქტომბერს, სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე გამოსვლისას.

პოლიტიკაში ყოფნის თითქმის რვა წლის განმავლობაში, ნიკა მელიაც, ოპონენტის მსგავსად, მეორედ იბრძვის თბილისის მერობისთვის. 2014 წელს „ოცნების“ კანდიდატმა დავით ნარმანიამ ის მეორე ტურში დაამარცხა.

2020 წლის დეკემბერში ნიკა მელია ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე გახდა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მისი დაკავება პარტიის ოფისში, გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა იყო.

„ოცნების” პარლამენტმა მას ორჯერ მოუხსნა იმუნიტეტი. ოპონენტებისთვის მელია კანონდამრღვევი და „ხულიგანია”, მომხრეებისთვის კი, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები პოლიტიკური ნიშნით დევნის მაგალითია.

ნიკა მელიას საარჩევნო კამპანია მეორე ტურისთვის შეიცვალა. თუ 2 ოქტომბრამდე კონკრეტული დაპირებების ნაცვლად, ოპოზიცია ამბობდა, რომ მონაწილეობდა არა თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ რეფერენდუმში, სადაც ხალხს უნდა ეთქვა, სურს თუ რა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა, მეორე ტურის წინ თბილისის ქუჩებში გამოჩნდა ნიკა მელიას ახალი სარეკლამო ბილბორდები კონკრეტული დაპირებებით: უფასო კვება თბილისის სკოლებში მოსწავლეებს, საუკეთესო უნივერსიტეტებში გაგზავნა ყოველ წელს 100 სტუდენტს და ფულადი დანამატი თბილისელ პენსიონერებს.

„30 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი ან შეეგუება, რომ მარცხდება, ან ბრძოლა იქნება ბოლომდე, შეუპოვარი. არჩევნების შემდეგ ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე, თუ როგორ მოვიქცევით, ეს დამოკიდებული იქნება ბიძინა ივანიშვილზე და მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს”, - თქვა მელიამ 14 ოქტომბერს, სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, მრავალათასიანი მიტინგის დასასრულს.

მეორე ტურის წინ მელიამ თბილისელებს ქალაქის კოალიციური მთავრობის წევრები წარუდგინა „ლელოდან“, „დროადან“, ზურაბ ჯაფარიძის „გირჩიდან“, „ევროპული საქართველოდან“, რომელთაც მერად არჩევის შემთხვევაში

თბილისი 27 ოქტომბერს. ქართული ოცნების აქციისთვის სამანქანო მოძრაობა ღამის 00:00 საათიდან შეიზღუდა რუსთაველის გამზირზე. მმართველი გუნდის მტკიცებით, აქციას 150 000 ადამიანი ესწრებოდა

ბათუმი ​: მეორე ტური დიდი ტრაგედიის შემდეგ

ბათუმში ერთმანეთს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი გიორგი კირთაძე და მმართველი „ოცნების“ კანდიდატი, არჩილ ჩიქოვანი უპირისპირდებიან. პირველ ტურში უპირატესობა კირთაძეს ჰქონდა. არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის ბათუმში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ქალაქის ცენტრში შვიდსართულიანი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა. 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი. უბედური შემთხვევის შემდეგ გიორგი კირთაძემ საარჩევნო კამპანია შეაჩერა, არჩილ ჩიქოვანი ამ დროს კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

სამაშველო სამუშაოები ჩამონგრეულ კორპუსში, 9 ოქტომბერი

არჩილ ჩიქოვანი

პირველ ტურში - 41, 07%

გიორგი კირთაძე

პირველ ტურში - 41,96%

არჩილ ჩიქოვანი, 2019 წლიდან ასრულებს ბათუმის მერის მოვალეობას. მანამდე ის აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი იყო. ამ თანამდებობაზე 2018 წელს დაინიშნა, როცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა მისი მეჯვარე თორნიკე რიჟვაძე.

ჩიქოვანის გამარჯვებას პირველივე ტურში ელოდა მმართველი პარტია. პარტიის გათვლებით, მას არჩევნებში 54% უნდა მიეღო, მისი შედეგი პირველ ტურში მოსალოდნელზე 13%-ით ნაკლები იყო.

„არსებობს ადამიანები და ხალხი, რომლებიც მოდიან ჩვენთან და გვეუბნებიან, რომ პირველ ტურში მხარი არ დაგვიჭირეს, მაგრამ ახლა მზად არიან დაგვიჭირონ მხარი, ვინაიდან ისინი არასოდეს დააბრუნებენ ქალაქს წარსულში”, - უთხრა 18 ოქტომბერს არჩილ ჩიქოვანმა ტელეკომპანია „იმედს“.

გიორგი კირთაძე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატია და ამბობს, რომ თუკი ის მერი გახდება, ბათუმს კოალიციური მთავრობა ეყოლება. კირთაძის კიდევ ერთი დაპირება, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული კვალიფიციური თანამშრომლების პოლიტიკური შეხედულებისა და განსხვავებული აზრის გამო დევნის დასრულებაა.

ოპიზიციის კანდიდატი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულ ორგანიზაციას. 2010-2013 წლებში იყო ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე.

კირთაძე 2 ოქტომბრის არჩევნებამდეც დარწმუნებული იყო, რომ მის მეტოქეს მმართველი გუნდიდან 40%-ის აღება გაუჭირდებოდა. პირველ ტურში მან 667 ხმით აჯობა არჩილ ჩიქოვანს.

რუსთავი ​: განსხვავება მხოლოდ 1%

რუსთავის მერობისთვის იგივე კანდიდატები იბრძვიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ქართული ოცნებიდან“, ვისაც ერთი წლის წინ ამ ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით სურდა პარლამენტში მოხვედრა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დავით კირკიტაძემ ამომრჩველთა 32,6% აიღო, ნინო ლაცაბიძემ 47,3%. ერთი წლის შემდეგ მათ მხარდამჭერებს შორის განსხვავება მხოლოდ 1%-ია.

ნინო ლაცაბიძე

პირველ ტურში - 44,83 %

დავით კირკიტაძე

პირველ ტურში - 43,54%

2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს შორის ნინო ლაცაბიძე იყო ერთადერთი ქალი, რომელიც პარტიის თავმჯდომარემ, როგორც „ოთხი შვილის დედა”, ისე წარუდგინა საზოგადოებას.

რუსთავის მერად გახდომის შემთხვევაში ნინო ლაცაბიძე ამომრჩევლებს ლიფტით უფასოდ სარგებლობას ჰპირდება.

„არცერთ ჩვენგანს არ დაგვიშვია და არც დავუშვებთ, რომ ნებისმიერმა ადამიანმა შემოიტანოს ამ ქალაქში დესტრუქცია, სიძულვილი და ძალადობა. ჩვენ, ჩვენი გუნდი, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ დავუშვათ ჩვენს ქალაქში, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ერთად”, - ეს ნინო ლაცაბიძის მიმართვის ფრაგმენტია არჩევნების პირველი ტურის შემდეგ. მას და მის გუნდს იმედი ჰქონდათ, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებდნენ.

ნინო ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წევრია, ხელმძღვანელობს საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიას. პარლამენტში მოხვედრამდე იყო თბილისის საკრებულოს წევრი.

2008-13 წლებში ის თბილისის მერიის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ცენტრის კონსულტანტი, შემდეგ კი ამავე ცენტრის ხელმძღვანელი იყო.

„ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ყველა რუსთაველის ცხოვრება შეიცვლება უკეთესობისაკენ”, - ამბობს დავით კირკიტაძე მეორე ტურის წინ.

მიწების გადაცემა, გადაცემულ მიწებზე კომუნიკაციების გამართვა და ავტოფარეხების საკუთრებაში გადაცემა - ეს კირკიტაძის მთავარი დაპირებებია.

კირკიტაძე თავის ამომრჩეველს არწმუნებს, რომ მეორე ტურში ოპოზიციისთვის მიცემული ხმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის მიცემული ხმაა. დავით კირკიტაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრია 2001 წლიდან. იყო მე-6 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი. 2003-2004 წლებში მუშაობდა თბილისის მერიაში სპორტისა და ტურიზმის საქალაქო სამსახურში. 2008-13 წლებში იყო პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლში.

2015 წელს პროკურატურამ მას, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეს, დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის.

კირკიტაძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსთავში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს ხელმძღვანელობდა. რუსთავში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოიგო. იმავე წლის ბოლოს კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის დააკავეს. სასამართლომ ის პირობითი სასჯელით გაათავისუფლა.

რუსთავში პირველი ტურიდან მეორე ტურამდე რამდენიმე აქცია გაიმართა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, რომელიც რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს. გაიმართა სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციებიც;

ქუთაისი ​: ქალაქი, რომელსაც შეიძლება ჰყავდეს პირველი არჩეული შერიფები

ცესკოს მონაცემებით, ქუთაისში ოპოზიციის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ 1 232 ხმით მეტი მიიღო პირველ ტურში, ვიდრე მისმა კონკურენტმა მმართველი პარტიიდან, იოსებ ხახალეიშვილმა. ხახალეიშვილი ქუთაისის მოქმედი მერია, რომელსაც ამ თანამდებობაზე კიდევ 4 წლით სურს ყოფნა, ოპოზიცია კი ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასა და ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაში ადანაშაულებს.

იოსებ ხახალეიშვილი

პირველ ტურში - 41,45%

ხატია დეკანოიძე

პირველ ტურში - 43,3%

„თუ ქალბატონ დეკანოიძეს გონია, რომ პირველ ტურში 1200 ხმით მეტის მოპოვება ნიშნავს გამარჯვებას, ძალიან ცდება. როგორც იტყვიან, ორი პარასკევიღა რჩებაო და ნახავს ვინ სად გაიმარჯვებს”, - ასე პასუხობს იოსებ ხახალეიშვილი მეორე ტურის წინ მის წარუმატებლობის მიზეზებზე დასმულ კითხვებს.

მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და მაშინაც, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო, სახელმწიფო რწმუნებულის(გუბერნატორის) ადმინისტრაციაში მუშაობდა.

იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მერი 2020 წელს რიგგარეშე ჩატარებული არჩევნების შემდეგ გახდა.

იოსებ ხახალეიშვილმა არჩევნების პირველსა და მეორე ტურს შორის „მთავარი არხის“ და მისი ჟურნალისტის, ეკა გაგუას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ის „მთავარ არხს“ 55 555 ლარს სთხოვს. ხახალეიშვილი სასამართლოში შეეცდება დაამტკიცოს, რომ ის არ არის სუს-ის აგენტი მეტსახელით „ბოცა”, როგორც ამას „მთავარი არხი“ ამბობს.

იოსებ ხახალეიშვილი გამარჯვების შემთხვევაში ამომრჩეველს ჰპირდება, რომ ქუთაისს აქცევს:

  • ტრადიციებისა და ინოვაციების ქალაქად
  • განავითარებს კულტურულ ტურიზმს და მოიზიდავს ახალგაზრდებს.

ხატია დეკანოიძე მერად გახდომის შემთხვევაში ქუთაისს კოალიციურ მთავრობას და არჩეულ შერიფებს სთავაზობს. ვიცე-მერებად მას სურს დანიშნოს:

  • პარტია „ლელოს“ წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი;
  • „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი იმედა კლდიაშვილი
  • წყალბურთელი რევაზ ჩომახიძე
  • თემურ ცამციშვილი

ხატია დეკანოიძე ქუთაისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით პირველად იყრის კენჭს. ამ ქალაქში ენმ-ის სახელით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარ კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე იყრიდა კენჭს და მან ხატია დეკანოიძეზე გაცილებით დაბალი პროცენტი, 34,72% აიღო. „ქართული ოცნების” კანდიდატებს საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებზე მიღებულ ხმებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არ აქვთ (42,44% მიიღო მმართველო პარტიის მაჟორიტარმა კანდიდატმა საპარლამენტო არჩევნებზე, 41,45 - მერობის კანდიდატმა);

დეკანოძე, რომელიც ორი ქვეყნის, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეა, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, წარსულში კი უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი და საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრია.

2007-2012 წლებში იგი საქართველოს პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელობდა.

დეკანოიძე 2016 წლიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრია.

ქუთაისი, 14 ოქტომბერი, 2021. მოქალაქეები ცოცხებით და შეძახილებით აცილებენ თბილისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციაზე მიმავალ ავტომობილებს.

ფოთი : თბილისის ყოფილი მერი ახლა ფოთისთვის იბრძვის

ფოთში ერთმანეთს თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა და ფოთის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ბექა ვაჭარაძე უპირისპირდებიან.

ბექა ვაჭარაძე

პირველ ტურში - 46,8%

გიგი უგულავა

პირველ ტურში - 38,0%

„ახალგაზრდა, მოტივირებული, ენერგიული კაცი, რომელიც გამოირჩევა პატიოსნებით, ძალიან კარგი განათლებით, არის პატრიოტი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იზრუნებს ფოთზე და ფოთელებზე“, - ასე წარადგინა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთის მერობის კანდიდატი 27 აგვისტოს. ბექა ვაჭარაძე მერობის კანდიდატად წარდგენამდე ფოთის საკრებულოში მუშაობდა. 2020 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მან ამ წელს 20 000 დოლარზე მეტი მიიღო საჩუქრად მამისა და ძმისგან.

„ფოთი ოდესღაც აჯობებს ოდესას”, - ნიკო ნიკოლაძის სიტყვებს იხსენებს გიგი უგულავა მეორე ტურის წინ.

თბილისის ყოფილი მერი და სხვადასხვა დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი, გიგი უგულავა ფოთის მერობისთვის ამჯერად მე-5 ნომრით იბრძვის.

გიგი უგულავა მსჯავრდებული იყო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვისთვის თბილისის მერობის დროს. უგულავა თბილისის პირველი არჩეული მერი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ და ამ თანამდებობას 2005-13 წლებში იკავებდა.

უგულავამ მერობის პერიოდში დაიწყო ძველი თბილისის რეაბილიტაცია, შემოიყვანა ყვითელი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები, ქალაქს აღუდგა 24-საათიანი ელექტროენერგიის მიწოდება, გაიცა ნებართვა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის მშენებლობაზე, აშენდა გმირთა მოედნის ესტაკადა, ვერეს ხეობაში გაჭრეს სამანქანო გზა, რიყე გათავისუფლდა რესტორნებისგან და პარკი გაკეთდა. აშენდა იუსტიციის სახლი, მშვიდობის ხიდი, რიყის „დოქები”. რიყის დოქების აუქციონზე გაყიდვას „ქართული ოცნების” მთავრობა წლებია უშედეგოდ ცდილობს.

ფოთი, ნიკო ნიკოლაძის კოშკი (საარქივო ფოტო).

თელავი ​: თელაველები ირჩევენ თელაველს

თელავის მერობის ორივე კანდიდატი წარმოშობით ამ ქალაქიდანაა. ორივე ყოფილი საჯარო მოხელეა. მმართველი პარტიის კანდიდატი ლევან ანდრიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა წლების განმავლობაში, ოპოზიციის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი კახეთის რწმუნებულის ყოფილი მოადგილეა.

ლევან ანდრიაშვილი

პირველ ტურში - 46,74%

გიორგი ბოტკოველი

პირველ ტურში - 45,42%

ხალხს მობეზრდა ეს პოლიტიკური პოლემიკა, რასაც ყოველდღე ადევნებს თვალყურს, თელავს სჭირდება განვითარება და ამისთვის საუკეთესო კანდიდატი არის ლევან ანდრიაშვილი...” - უთხრა თელაველებს მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თვითმმართველობის 2021 წლის არჩევნების წინ და ხელისუფლებაში ყოფნის მეცხრე წლის მიწურულს.

პრემიერ მინისტრი ღარიბაშვილი ამბობს, რომ თუკი მეორე ტურში ლევან ანდრიაშვილი გაიმარჯვებს, ქალაქში „გრანდიოზული ურბანული განახლების პროგრამები” დაიწყება და „ტურისტული ატრაქციონები” მოეწყობა.

ლევან ანდრიაშვილი თვითმმართველობის არჩევნებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე.

2020 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ლევან ანდრიაშვილის მეუღლე თეა მაისურაძე ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია.

გიორგი ბოტკოველი კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იყო 2012-13 წლებში, 2014 წელს მუშაობდა გლდანი-ნაძალადევის გამგებლის მრჩევლად.

2020 წელს ენმ-ის პარტიული სიით გახდა მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი.

ბოტკოველის უახლესი დეკლარაციის მიხედვით, 2020 წელს ის ერთდროულად ორი პარტიისთვის მუშაობდა რეგიონულ საკითხებზე: იყო ენმ-ის რეგიონული სამსახურის უფროსი და ქრისტიან კონსერვატიული პარტიის კოორდინატორი რეგიონულ საკითხებში. დეკლარაციაში მითითებულია, რომ ქრისტიან- კონსერვატიული პარტიიდან მიღებული შემოსავალი მეტია, ენმ-დან მიღებულ ხელფასზე.

თვითმმართველობის არჩევნების წინ გიორგი ბოტკოველი ამტკიცებდა, რომ კახეთში საარჩევნო კომისიებს მმართველი პარტია თავისი წევრებით და მხარდამჭერებით აკომპლექტებდა და წინასწარ იყო განსაზღვრული კომისიებში თანამდებობის განაწილების საკითხიც.

თიანეთი ​: „ახალგაზრდა” სამთავრობო კანდიდატი გამოცდილი თამაზ მეჭიაურის წინააღმდეგ

არჩევნების მეორე ტურის წინ თიანეთში ჩასულმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილ თანაგუნდელს და მერობის ოპოზიციონერ კანდიდატს, თამაზ მეჭიაურს მოუწოდა, გზა დაეთმო „ქართული ოცნების ახალგაზრდა, ნიჭიერ კანდიდატისთვის” და არ მიეღო მონაწილეობა არჩევნებში. თამაზ მეჭიაურმა პრემიერ-მინისტრის შეთავაზება არ მიიღო და კონსულტაციები წამოიწყო ენმ-თან კოალიციურ მმართველობაზე.

ლევან წიკლაური

პირველ ტურში 43,20%

თამაზ მეჭიაური

პირველ ტურში - 30,09%

უპრეცენდენტო მხარდაჭერა მაქვს ჩვენი პრემიერის და ჩვენი მთავრობის მხრიდან. ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, მათი მხარდაჭერით ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებ ჩემი რაიონისთვის და თიანელი ხალხისთვის”, - ეს არის გეგმა, რომლითაც მმართველი პარტიის კანდიდატი ამომრჩეველების გულის მოგებას გეგმავს.

„ღირსეული, ახალგაზრდა, წესიერი და ნიჭიერი კაცი”, როგორც ლევან წიკლაურს გუნდის წევრები ახასიათებენ, 35 წლისაა.

მერობის კანდიდატის ფეისბუკის გვერდზე ატვირთული ვიდეოდან ირკვევა, რომ ის სტიქაროსანია ერთ-ერთ ტაძარში - ამ ვიდეოში მისი მოძღვარი და სხვა მღვდლები აქებენ მერობის კანდიდატის პიროვნულ თვისებებს. პარტიის მიერ მომზადებულ წინასაარჩევნო პუბლიკაციიდან კი ვიგებთ, რომ მის მშობლებს საოჯახო ბიზნესსა და პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდათ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

წიკლაურის ოფიციალური ფეისბუკგვერდიდან და მოსახლეობასთან გამართული შეხვედრებიდან ჩანს, რომ თიანეთში მოსახლეობას ახალი გზები, ბუნებრივი აირით მომარაგება და სასმელი წყალი სჭირდება. აქაურებს არც ინტერნეტი აქვთ.

თამაზ მეჭიაური მმართველი პარტიის ყოფილი წევრი და თიანეთის ყოფილი მერია. ის ამაყობს იმით, რომ ერთ-ერთი პირველი იყო 2012 წელს, ვინც ბიძინა ივანიშვილის გვერდით დადგა.

მმართველი პარტია მან 2017 წელს დატოვა თანაგუნდელებთან საქართველოს საგარეო კურსზე შეუთანხმებლობის გამო - მეჭიაური საფრთხედ განიხილავდა საქართველოში ნატოს სწავლებებს. „ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ მეჭიაური განიხილავდა პრორუს, ჰომოფობიური განცხადებებით ცნობილ ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან თანამშრომლობის შესაძლებლობასაც.

2017 წელს თამაზ მეჭიაურმა ჩამოაყალიბა საკუთარი პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ და ამავე წელს გახდა თიანეთის მერი.

„...ეს 4 წელი იყო არასტაბილურობის 4 წელი, არასწორი კოორდინაცია, მუდმივი დაძაბულობა, საკრებულოსთან მუშაობაში იყო ბევრი სირთულე და საბოლოო ჯამში ეს აისახა... თიანეთის მოსახლეობაზე. ათჯერ მეტი საქმის გაკეთება შეგვეძლო, შეეძლო მასაც [მეჭიაურს], საკრებულოს, ჩვენს გუნდს, სამხარეო ადმინისტრაციას, ცენტრალურ მთავრობას, მაგრამ ვინაიდან მერი არ იყო პარტიის კანდიდატი, ეს იყო მუდმივი დაძაბულობის მიზეზი, საბოტაჟის და კოორდინაციის არარსებობა”, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურის წინ. პრემიერი თიანეთის მაგალითზე ხსნიდა, რატომ არ იმუშავებს საქართველოს რეგიონებში მრავალპარტიული მმართველობითი სისტემა.

სასულიერო პირები ქართული ოცნების მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე

ქარელი: ძველი, ერთგული კადრი ისევ მერად?

ქარელში მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ წარადგინა ძველი, ერთგული კადრი, ზაზა გულიაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახდა ქარელის მერი. მისი ოპონენტი ამავე ქალაქის საკრებულოს ყოფილი წევრი, ნიკოლოზ ახალკაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

ზაზა გულიაშვილი

პირველ ტურში - 45,77 %

ნიკოლოზ ახალკაცი

პირველ ტურში - 34,07 %

„გუნდმა იცის ჩემი გაკეთებული საქმეების შესახებ”, - ამბობს ისევ მერობის კანდიდატი.

2020 წელს „ფორმულამ” მასალა მოამზადა იმაზე, თუ როგორ აჩუქა ქარელის მერმა საკუთარ თავს ქარელში ბინა საკუთარივე ბრძანებით. ოპონენტები გულიაშვილს ბიუჯეტის გაფლანგვაში, ოპონენტების დევნასა და დაუსაბუთებელი ქონების დაგროვებაში ადანაშაულებენ.

30 ოქტომბერს გამარჯვების შემთხვევაში, ზაზა გულიაშვილი ამომრჩეველს ჰპირდება, რომ:

  • არ გააუქმებს ადრეულ და სკოლამდელ უფასო განათლებას;
  • არ გააუქმებს საარსებო მინიმუმს მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის;
  • 2022 წლის ბოლომდე მოაასფალტებს ურბნისის ტაძრამდე მისასვლელ გზას 237 000 ლარად;
  • მოაასფალტებს გზას ქარელის სტადიონის ორივე მხარეს მილიონ ლარად.

მერობის კანდიდატი ამბობს, რომ დაგეგმილია და შესაძლოა 1 მლნ 250 ათას ლარად ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციაც მოასწროს.

ნიკოლოზ ახალკაცი ქარელის საკრებულოს ყოფილი წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

საკრებულოში მუშაობის პარალელურად ის ძიუდოს მწვრთნელად მუშაობს სოფელ დვანში. არის ძიუდოს კლუბ ფრონეს ხეობის დირექტორი.

2020 წელს ძიუდოს ფედერაციამ წარმატებული მწვრთნელობისთვის მას ჯილდოდ 25 500 ლარი გადასცა.

ხაშური ​: ყოფილი პროკურორი ყველა მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელის წინააღმდეგ

ხაშურში ერთმანეთს უპირისპირდებიან თენგიზ ჩიტიაშვილი მმართველი პარტიიდან და იოსებ ბუაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით. ის ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი იყო პირველ ტურში.

თენგიზ ჩიტიაშვილი

პირველ ტურში - 43,76%

იოსებ ბუაძე

პირველ ტურში - 34,62%

ადგილობრივ თვითმმართველობაში თენგიზ ჩიტიაშვილი პროკურორის გამოცდილებით მიდის. ხაშურის მერობის კანდიდატობამდე ის სიღნაღის პროკურორი იყო.

თენგიზ ჩიტიაშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი ფავორიტი მხატვარი ნათელა იანქოშვილია - ის იანქოშვილის ორ ფერწერულ ტილოს ფლობს.

ოპოზიციის კანდიდატი იოსებ ბუაძე სხვადასხვა დროს არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა. ამბობს, რომ კარგად ესმის ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხები და საარჩევნო სისტემები.

იოსებ ბუაძე 2016-2020 წლებში იყო ხაშურიდან „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, სიმონ ნოზაძის ბიუროს ხელმძღვანელი, 2004 წელს კი ასევე ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ბიუროს ხელმძღვანელობდა.

2005 წელს „ხაშურობის“ დღესასწაულის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებდა საკრებულოში წარსადგენი პეტიციისთვის.

2014 წელს იყო პოლიტიკური გაერთიანება „ირაკლი ღლონტი - რეფორმატორების” წევრი.

თვითმმართველობის არჩევნებისთვის მმართველმა პარტიამ ბილბორდების უჩვეულოდ დიდი რაოდენობა დაიქირავა სარეკლამოდ

ცაგერი ​: ეყოლება თუ არა ცაგერს ფეხბურთელი მერი?

ცაგერში ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე მმართველი პარტიის სახელით უპირისპირდება გიორგი გახარიას პარტიის წევრს, ბესარიონ ბენდელიანს. პირველ ტურში მათ ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობა გაუყო ენმ-ის კანდიდატმა, რომელმაც 15% მიიღო.

გიორგი ნემსაძე

პირველ ტურში - 49,3%

ბესარიონ ბენდელიანი

პირველ ტურში - 35%

„45 ხმა დააკლდა ჩვენს კანდიდატს ცაგერში და 55 ხმა ჩვენს კანდიდატს ბაღდათში.

რაიმე არაკანონიერის გაკეთება გვდომებოდა, ჩვენს ხელშია ყველა რესურსი, მარტივად შეიძლებოდა ამით მანიპულირება, მაგრამ ჩვენ ამას არ ვკადრულობთ. ეს არ არის ჩვენი ხელწერა. ჩვენ ვართ ნამდვილად დემოკრატიული მთავრობა, რომელიც ნამდვილ დემოკრატიულ არჩევნებს ატარებს“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 ოქტომბერს, მეორე ტურის წინ.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, გიორგი ნემსაძემ პოლიტიკური კარიერა ჯერ კიდევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაიწყო - ნემსაძე 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ენმ-დან თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

ნემსაძე საკრებულოს წევრად მეორედაც აირჩიეს, თუმცა 2012 წელს „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, მან სამ დეპუტატთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დატოვა. მოგვიანებით გიორგი ნემსაძე ფრაქცია „ქართული ოცნება-თბილისის“ თავმჯდომარე გახდა.

2007 წლის მაისში ნემსაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს, თუმცა რამდენიმე საათში მან განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა. ხელახალ არჩევნებში კი მონაწილეობა არ მიუღია. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნემსაძეს ფედერაციის პრეზიდენტობაზე ხელისუფლებამ ათქმევინა უარი.

ბესარიონ ბენდელიანი ერთ-ერთია იმ ოპოზიციონერ კანდიდატებს შორის, რომლებიც არჩევნების წინ ხელისუფლების მხრიდან დაშინებისა და ზეწოლის შემთხვევებზე საუბრობდნენ.

25 სექტემბრის დილას მას პირადი ავტომანქანა დაცხრილული დახვდა.

„ეს არის დაშინების მცდელობა, მაგრამ მე მეომარი ვარ, ვეტერანი ვარ, კობახიძეები, თალაკვაძეები, ბატონი ივანიშვილი, რომელიც კოლბაში ზის, მე ვერ დამაშინებენ“, - ამბობდა მაშინ ბენდელიანი. ამ საქმეზე გამოძიებას ბრალდებულები არ ჰყავს.

ბესარიონ ბენდელიანი, გარდა ზეწოლისა, საუბრობს დეზინფორმაციულ კამპანიაზეც, რომელსაც, მისი თქმით, ხელისუფლება იყენებს მის წინააღმდეგ.

ბაღდათი ​: საჯარო მოხელეების ბრძოლა ქალაქის მერობისთვის

ბაღდათში მმართველი პარტიის სახელით კახა ენუქიძე იბრძვის ქალაქის მერობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი რობაქიძეა.

კახა ენუქიძე

პირველ ტურში - 49,5%

გიორგი რობაქიძე

პირველ ტურში - 35,8%

„მუნიციპალიტეტის მთავარი გამოწვევა სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებაა, ამ საკითხის გადაჭრაზე აქტიურად ვმუშაობთ”, - ამბობდა აგვისტოში კანდიდატურის წარდგენისას მერობის კანდიდატი. კახა ენუქიძე ბაღდათის მერის მოადგილეა.

2018 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წერდა, რომ ენუქიძე არღვევდა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონს”. მერის მოადგილეს ამ დროს დეკლარაციაში ჰქონდა მითითებული, რომ იყო შპს “კაპ გრუპის” 100%-იანი წილის მესაკუთრე და ამავე კომპანიის დირექტორი. თანამდებობის პირს არ აქვს უფლება, იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი.

ბაღდათის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი, გიორგი რობაქიძე ყოფილი საჯარო მოხელეა.

2014-17 წლებში იყო ბაღდათის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე.

რობაქიძე ბაღდათის საკრებულოს წევრი იყო 1998-2002 და 2006-2010 წლებშიც. 2004-2005 წლებში იყო ბაღდათის რაიონის გამგებლის პირველი მოადგილე.

წყალტუბო ​: მერის ყოფილი მოადგილე საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის წინააღმდეგ

გენადი ბალანჩივაძე

პირველ ტურში - 48,5%

ზაზა მეტრეველი

პირველ ტურში - 42,5

გენადი ბალანჩივაძე წყალტუბოს გამგებლოს ყოფილი მოადგილეა. ის წყალტუბოს გამგეობაში არაერთი წელია მუშაობს. ოპონენტების თქმით, ბალანჩივაძე წინა ხელისუფლების დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო - თავად ბალანჩივაძე ენმ-ის წევრობას ან გულშემატკივრობას უარყოფს. მისი ახსნით, მხოლოდ ერთხელ და ისიც იძულებით ეცვა წინა ხელისუფლების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული მაისური და ეს არის ერთადერთი არგუმენტი, რის გამოც მას ამ პარტიის წევრად მიიჩნევენ.

„ნაცმოძრაობის წევრი არასდროს ვყოფილვარ, არც ერთი დღე. [ენმ-ს] მაისურს რაც შეეხება, წყალტუბოს გამგეობაში ვმუშაობდი და დამავალეს. არ ჩავიცვამდი და დიდი შანსი იყო, დავეჭირეთ - პირდაპირი გაგებით და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. პარადოქსი ისაა, რომ 10 წლის წინ მათი მაისურის ჩაცმას დღეს თვითონ ისინი იყენებენ კომპრომატად, მაგრამ არ უშველით, წყალტუბოში „ქართული ოცნება“ სამაგალითოდ მოიგებს ამ არჩევნებს“, - ამბობდა გენადი ბალანჩივაძე.

ზაზა მეტრეველი 2012-2013 წლებში წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.

2013 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე იყო მისი მეუღლე.

„ქუთაისიპოსტის” არქივში იძებნება 2015 წლის სტატია, სადაც საუბარია ზაზა მეტრეველსა და იმ სკოლის დირექტორის მოადგილეს შორის ჩხუბზე, სადაც მისი მეუღლე მუშაობდა. მეტრეველი თვლიდა, რომ მისი ცოლი დაკავებული თანამდებობიდან იძულებით გაათავისუფლეს პოლიტიკური შეხედულებების გამო, დირექტორის მოადგილე კი, რომელიც მეტრეველის ცოლის ადგილზე დაინიშნა, ამბობდა, რომ მეტრეველი და მისი ცოლისძმა მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

2021 წლის 2 ოქტომბრის შემდეგ ის საუბრობდა წყალტუბოში მის საწინააღმდეგოდ არჩევნების გაყალბების მცდელობაზე.

ოზურგეთი ​: დამოუკიდებელი კანდიდატი VS არჩილ თაკალვაძის ძმა

ოზურგეთში მმართველმა პარტიამ მერობის კანდიდატად დეპუტატ არჩილ თალაკვაძის ძმა წარადგინა. კონსტანტინე შარაშენიძე, მისი მეტოქე, რომელიც უკვე მეორედ მონაწილეობს მერობისთვის ბრძოლაში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრია.

ავთანდილ თალაკვაძე

პირველ ტურში - 44,22%

კონსტანტინე შარაშენიძე

პირველ ტურში - 28,99%

„ჩვენი ოჯახისთვის დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობაც, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა სწორედ ავთანდილ თალაკვაძეზე შეაჩერა არჩევანი”, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის წარდგენაზე 19 აგვისტოს.

ავთანდილ თალაკვაძე, პარლამენტარ არჩილ თალაკვაძის ძმაა. სანამ ოზურგეთის მერობის კანდიდატი გახდებოდა, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ-ს ხელმძღვანელობდა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის პოსტი, ხუთწლიანი საქმიანობის შემდეგ, 2020-ის ნოემბერში საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ამ პოსტზე ავთანდილ თალაკვაძე კურირებდა 20 ივნისს დაშავებულების მკურნალობის პროცესსაც, რომელიც ამ დრომდე ხარვეზებით მიმდინარეობს.

მას შემდეგ, რაც თალაკვაძემ პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა, მისმა ძმამ, არჩილ თაკალვაძემ მრავალპარტიულობის პრინციპის წინააღმდეგ გაილაშქრა და თქვა, რომ მერი არასამთავრობო გუნდიდან „ნაციონალური მოძრაობის” საქმეს აკეთებს.

„ოპოზიციონერ მერს ოზურგეთში ჰქონდა შემაფერხებელი გავლენა”, - ეს არჩილ თალაკვაძის განცხადებაა 23 ოქტომბერს. ამ დღეს მან ისიც თქვა, რომ კონსტანტინე შარაშენიძესთან დაპირისპირება სინამდვილეში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირებაა.

კონსტანტინე შარაშენიძე ოზურგეთის მოქმედი მერია. 2017 წელს არჩევნებში მან 84 ხმით მოუგო „ქართული ოცნების” კანდიდატს, ბეგლარ სიორიძეს. ოზურგეთის მერის ასარჩევად 2017 წელსაც ორი ტური გახდა საჭირო.

თვითმმართველობის არჩევნებამდე კონსტანტინე შარაშენიძე მმართველი პარტიის წევრი იყო. 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ის „ქართულმა ოცნებამ” ოზურგეთის გამგებლად დანიშნა და ამ პოსტს 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე იკავებდა. ”ქართული ოცნებიდან” ის 2017 წლის სექტემბერში გაირიცხა, არჩევნები ამ წელს ოქტომბერში გაიმართა.

ხელისუფლება კონსტანტინე შარაშენიძეს წინასაარჩევნო პერიოდში მათთან სუსტ თანამშრომლობაში ადანაშაულებს, თვითონ კი ამტკიცებს, რომ ბოლო წლებში ოზურგეთში იმაზე მეტი რამ გააკეთა, ვიდრე მისმა წინამორბედმა, რომელიც „ქართული ოცნების” წევრი იყო.

ოზურგეთის მერმა, 2017 წელს, არჩევიდან ერთ თვეში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გურიის რეგიონალურ ორგანიზაციას, რომლის ხელმძღვანელი მისი სიძე, ლაშა ლომაძეა, 30 000 ლარი ჩაურიცხა - ამ საქმეზე მაშინ გამოძიება დაიწყო სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა.

2 ოქტომბერი, არჩევნების პირველი ტური

სენაკი ​: შეიძლება ქალაქის მერი გახდეს ის, ვისაც ამ ქალაქში „სახლიც კი არ აქვს”

სენაკი იმ რამდენიმე მუნიციპალიტეტს შორისაა, სადაც პირველ ტურში ოპოზიციონერმა კანდიდატმა, კობა ნაყოფიამ მიიღო მეტი ხმა. არჩევნების მეორე ტურის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში მედიასთან მმართველი პარტიის კანდიდატის, ვახტანგ გადელიას უპირატესობაზე ხაზგასასმელად თქვა, რომ ნაყოფიას „სახლიც კი არ აქვს სენაკში“.

ვახტანგ გადელია

პირველ ტურში - 40,25%

კობა ნაყოფია

პირველ ტურში - 42,35%

ვახტანგ გადელიას საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. მისი ოფიციალური ბიოგრაფია ასეთია:

2002-2003 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალიზებული სასწავლო ცენტრის, სკოლა კოლეჯში „ჰარმონია“;

2003-2007 წლებში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სპეციალობით – ფინანსები და საბანკო საქმე;

2017 წელს – საქართველოს უნივერსიტეტში, ფინანსური აღრიცხვისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე.

2007-2008 წლებში იყო სს „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო ოფიცერი;

2009-2013 წლებში – სს „არქეოპოლისის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

2013- 2017 წლებში - შპს „მშენებელი 999“-ის დირექტორი;

2017-2020 წლებში – შპს GBG-ს დირექტორი;

2020 წლიდან დღემდე – შპს „ჰიდროქონსტრაქშენჯორჯიას“ პროექტის დირექტორი - ეს არის კომპანია, რომელიც რაჭაში აშენებს „ჭიორაჰესს“.

კობა ნაყოფია 2008 წლიდან 4 მოწვევის პარლამენტის წევრია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2016 წლის ზაფხულში გამოქვეყნდა, კობა ნაყოფია იმ დეპუტატებს შორისაა, რომელთაც 2013, 2014 და 2015 წლებში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით არასდროს უსარგებლიათ.

ნაყოფია ლიდერობდა ასევე გამცდენი დეპუტატების სიაშიც. 2012-2016 წლებში მან საკომიტეტო განხილვა 172-ჯერ გააცდინა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 2017 წლის ჩათვლით კი ნაყოფია არ დაესწრო 62 პლენარულ სხდომას და 73 საკომიტეტო მოსმენას. ამ დროს ის განათლების კომიტეტის წევრი იყო.

დეპუტატობამდე ნაყოფია მხოლოდ ბიზნესმენია და პოლიტიკაში არ ჩანს. 2019 წელს ის გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი.

2021 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნაყოფიას საქართველოს გარდა სახლები აქვს რუსეთსა და ესპანეთში. 1995 წელს ნაყოფიამ პატარა, 55 კვადრატული მეტრი ბინა მოსკოვში შეიძინა, 300 კვადრატული მეტრი ვილა კი კანარის კუნძულებზე. ქონებრივ დეკლარაციაში ნაყოფიას მითითებული აქვს ასევე მემკვიდრეობით მიღებული სახლი და მიწის ნაკვეთი გალის რაიონში.

კობა ნაყოფია იყო ერთ-ერთი მთავარი სპონსორი და პროდიუსერი რენი ჰარლინის ფილმისა „აგვისტოს 5 დღე”, რომელიც imdb.com-ის მონაცემებით, დაახლოებით 12 მილიონი დოლარი დაჯდა.

მარტვილი ​: ერთი პოსტი, ორი ჯანაშია

მარტვილში ერთმანეთს თეიმურაზ და თორნიკე ჯანაშიები უპირისპირდებიან. თეიმურაზ ჯანაშია ენმ-ის კანდიდატია, თორნიკე ჯანაშია - „ქართული ოცნების”. მარტვილში 2 ოქტომბერს პირველ ტურზე ხმების 20% გიორგი გახარიას პარტის სასარგებლოდ წავიდა.

თორნიკე ჯანაშია

პირველი ტური - 43,75%

თეიმურაზ ჯანაშია

პირველი ტური - 36,29%

„2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გავხდი, საკუთარი თვალით ვხედავ, რომ განვლილი წლების განმავლობაში მართლაც კოლოსალური საქმე გაკეთდა, თუმცა ვიცი, რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენი მოსახლეობა ჯერ კიდევ არაერთი პრობლემის წინაშე დგას, თუმცა, ზუსტად ვიცი, თუ როგორ უნდა აღმოვფხვრათ ისინი”, - ამბობდა „ქართული ოცნების“ კანდიდატი, თორნიკე ჯანაშია აგვისტოში, როცა ის პრემიერმა მარტვილში მერობის კანდიდატად წარადგინა.

სანამ მერად გახდომას გადაწყვეტდა, თორნიკე ჯანაშია მარტვილის საკრებულოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო.

თორნიკე ჯანაშიამ 2021 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ იგი არის შპს „ტეხურა 2011”-ის 100% და შპს „გეოვუდ კომპანის” 33.33% წილის მფლობელი, თუმცა კანონის საწინააღმდეგოდ, მას წილები დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.

„საერთოდ გაუგებარია, რა უნდა საერთოდ ამ კაცს, რატომ მოდის მარტვილში, რა განზრახვით, რა მოტივაციით, რა გაუკეთებია საერთოდ მარტვილისთვის, იცნობს თუ არა საერთოდ მარტვილს”, - თქვა თემურ ჯანაშიას შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა 21 ოქტომბერს, მეორე ტურის წინ მარტვილში მხარდამჭერებთან შეხვედრისას.

თეიმურაზ ჯანაშია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი იყო 2010-დან 2013 წლამდე. მანამდე ის ჯერ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს, შემდეგ კი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს იცავდა. 2020 წელს გახდა მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი ენმ-ს პარტიული სიიდან.

ჯანაშია ბრალდებულია დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაში. ეს ბრალდება პროკურატურამ მას ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად 2014 წლის 13 აგვისტოს წაუყენა - სახელმწიფო მათ ბიუჯეტის კუთვნილი რვა მილიონ რვაასი ათასამდე ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს.

მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნაგვაზაო

ხობი ​: მეორე ტური პოლიციელების პროტესტის ფონზე

ხობი მეორე ტურის წინ ქვეყნის ყურადღების ცენტრში მოექცა. 21 ოქტომბერს პოლიციის ყოფილი უფროსის, ლექსო რაფავას დაკავების შემდეგ პროტესტის ნიშნად სამსახური 10-მდე პოლიციელმა დატოვა. აქ მმართველი პარტიის კანდიდატი დავით ბუკიაა, ბესიკ შენგელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იბრძვის მერობისთვის.

დავით ბუკია

პირველ ტურში - 46,83%

ბესიკი შენგელია

პირველ ტურში - 33,84%

ვიცე-პოლკოვნიკი დავით ბუკია 2018 წლიდან ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეა. წინა წლებში, 2003-დან 2018-მდე ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე. 2003 წლამდე იყო ფოთის პროკურატურაში ჯერ უფროსი გამომძიებელი, შემდეგ პროკურორის თანაშემწე.

„მთავარი გამოწვევა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, 24-საათიანი წყალმომარაგების გაყვანა და გაზიფიცირებაა. მასშტაბური სამუშაოები უკვე დაწყებულია და ეს პროექტები აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე”, - ასე პასუხობს ხობის მერობის კანდიდატი კითხვას ხობთან დაკავშირებულ გეგმებზე.

ბესო შენგელია ენმ-ს აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ის რამდენჯერმე მოექცა ყურადღების ცენტრში, როდესაც წლების წინ დევნილთა აქციებში მონაწილეობდა. დევნილები სახელმწიფოსგან ბინების გადაცემას მოითხოვდნენ.

ზუგდიდი : ნიკა მელიას მამა პირველ ტურში მკვეთრი უპირატესობით

ზუგდიდში პირველად არ ხდება, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ოჯახის წევრი მონაწილეობს არჩევნებში. 2017 წელს აქ ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა გაიმარჯვა და მაჟორიტარი დეპუტატი გახდა, თუმცა შემდეგ დეპუტატის მანდატზე უარი თქვა. ამჯერად ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია იბრძვის ქალაქის მერობისთვის - მან პირველ ტურში მმართველი პარტიის კანდიდატზე მეტი ხმები მოიპოვა. ანზორ მელიას მეტოქე „ქართული ოცნებიდან“ მამუკა წოწერიაა.

მამუკა წოწერია

პირველ ტურში - 41,15%

ანზორ მელია

პირველ ტურში - 46,88%

ზუგდიდის მერობა მმართველი პარტიის სახელით სურს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს. მამუკა წოწერია ამ პოსტს 2017 წლიდან იკავებდა.

ზუგდიდის საკრებულოსა და გამგეობამდე წოწორია თბილისის მერიაში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე. 2002-2004 წლებში იყო ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირების განყოფილების უფროსი, საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურში, 2000 - 2002 წლებში კონკურენციის განვითარების განყოფილების უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა ამავე სტრუქტურაში.

ზუგდიდის საკრებულომ მისი თავმჯდომარეობის დროს დაადგინა მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი.

ექიმ კარდიოლოგს, კლინიკა „გულის” დამაარსებელ ანზორ მელიას არაერთხელ უთქვამს, რომ 2012 წელს ის „ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რიგებში იყო, თუმცა მათ იმდენად გაუცრუეს იმედი, რომ ახლა მათ წინააღმდეგ შვილთან ერთად იბრძვის.

როცა პარტიამ მელია ზუგდიდში მერად წარადგინა, პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა: „როგორი დეგრადირებული უნდა იყოს ის პოლიტიკური ძალა, რომ პარტიის თავმჯდომარემ [ნიკა მელია] საკუთარი მამა გააგზავნოს ასევე პოლიტიკური ბრძოლის ველზე. მოხუცი მამა, ასაკში მყოფი მამა გამოუშვა არჩევნებისთვის ქალაქ ზუგდიდში”.

ანზორ მელია კი ამბობს, რომ არც ისეთი მოხუცია, როგორც „ქართულ ოცნებას“ ჰგონია და იმითიც ბედნიერია, რომ მიეცა საშუალება, შემოევლო სამეგრელოს სოფელი და ენახა, როგორ უყვარს ხალხს მისი შვილი და როგორ სცემენ პატივს მას.

„მე დამწამეს ცილი, რომ ზუგდიდი არ ვიცი, იმიტომ, რომ 15 წლის შემდეგ რამდენიმე დღე ჩამოვდიოდი მშობლებთან...“ - თქვა ანზორ მელიამ, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა.

27 ოქტომბერს ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების აქცია გაიმართა -

წალენჯიხა ​: შეინარჩუნებს თუ არა ოპოზიცია პირველ ტურში მოპოვებულ უპირატესობას?

წალენჯიხაში, ზუგდიდის, სენაკის, რუსთავისა და ქუთაისის მსგავსად, პირველ ტურში უკეთესი შედეგი ოპოზიციის კანდიდატმა აჩვენა. აქ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით გიორგი ხარჩილავა იბრძვის მერობისთვის. „ქართული ოცნების“ კანდიდატი გუგა გულორდავაა.

გუგა გულორდავა

პირველ ტურში - 38,23%

გიორგი ხარჩილავა

პირველ ტურში - 39,68%

გუგა გულორდავა მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემდეგ გახდა. მანამდე, 2013 წელს იყო წალენჯიხის გამგებელი.

2000-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში მთავარი კონტროლიორის პოსტზე;

გიორგი ხარჩილავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეა.

2016 წელს ის პაატა ბურჭულაძის პარტიის სახელით ცდილობდა გამხდარიყო წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი - პაატა ბურჭულაძე წელსაც მონაწილეობს ხარჩილავას მოსახლეობასთან შეხვედრებში, რომელსაც იგი მეორე ტურის წინ მართავს.

ჩხოროწყუ ​: ყოფილი მერი საკრებულოს ყოფილი წევრის პირისპირ

ჩხოროწყუში „ქართული ოცნების” კანდიდატი დათო გოგუაა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კი ბადრი ქარჩავა ცდილობს მერად გახდომას.

დათო გოგუა

პირველ ტურში - 43,2%
ბადრი ქარჩავა
პირველ ტურში - 35,3%

დათო გოგუა ჩხოროწყუს მერია 2017 წლიდან. მერად გახდომამდე იყო ამავე ქალაქის გამგებელი 2012 წლიდან. „ქართულ ოცნებაში” 2011 წელს გაწევრიანდა.

2008 წელს ლეიბორისტული პარტიის სახელით იყრიდა კენჭს ისნის მაჟორიტარ დეპუტატად.

2021 წელს შევსებული მისი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, წალენჯიხის მერის წლიური შემოსავალი 21 295 ლარია. 2011 წლიდან ამ დრომდე მან სახლები და მიწის ნაკვეთები შეიძინა თბილისსა და ჩხოროწყუში, რომელთა ღირებულება 73 000$-ს შეადგენს.

ბადრი ქარჩავა ჩხოროწყუს საკრებულოს ყოფილი წევრია.

ხელვაჩაური ​: ყოფილ პოლიციელს მერობა სურს

ხელვაჩაურში მმართველი პარტიის სახელით ზაზა დიასამიძე ცდილობს გახდეს მერი. მისი კონკურენტი მიშა ბოლქვაძეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

ზაზა დიასამიძე
პირველ ტურში - 43%
მიშა ბოლქვაძე
პირველ ტურში - 39,6 %

ზაზა დიასამიძე, სანამ მერობის კანდიდატად დააყენებდა მმართველი პარტია, შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, ხელვაჩაურის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე.

„ბათუმელების” ინფორმაციით, ზაზა დიასამიძე დავით რიჟვაძის ახლო მეგობარია. დავით რიჟვაძე კი, თავადაც პოლიცის მაღალჩინოსანი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამაა.

მიშა ბოლქვაძე ენმ-ის წევრია 2006 წლიდან. მუშაობდა ხელვაჩაურის გამგეობაში სხვადასხვა პოზიციაზე, იყო ორი მოწვევის საკრებულოს წევრი ხელვაჩაურშივე.

ერთ-ერთი საარჩევნო უბანი თბილისში, 2 ოქტომბერი