რევოლვერში, რომლითაც ალეკ ბოლდუინმა შემთხვევით მოკლა ოპერატორი, საბრძოლო ტყვია იყო

ფილმ Rust-ის გადაღების ადგილი

ჰოლივუდის ფილმის, Rust-ის გადაღებისას გამოყენებული რევოლვერი „კოლტი“, რომლითაც კინომსახიობმა ალეკ ბოლდუინმა შემთხვევით მოკლა ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი, კარგად შემოწმებული არ იყო, რადგან საბრძოლო ტყვიით დატენილი აღმოჩნდა.

გამოძიების ზოგიერთ დეტალზე ნიუ-მექსიკოს შტატის სანტა-ფეს ოლქის შერიფმა და პროკურორმა ილაპარაკეს 27 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. ალეკ ბოლდუინისთვის რევოლვერის გადაცემის პროცესში მონაწილეობდნენ რეკვიზიტზე პასუხისმგებელი ჰანა გუტიერეში და რეჟისორის თანაშემწე დეივ ჰოლსი. გუტიერეშის ჩვენების მიხედვით, გადასაღებ მოედანზე საბრძოლო ტყვიები არასდროს ყოფილა, რევოლვერი კი, შესვენებების დროს ინახებოდა სეიფში და მასზე წვდომა ჰქონდა რამდენიმე პირს.

სცენის გადაღების წინ, ალეკ ბოლდუინს რევოლვერი გადასცა რეჟისორის თანაშემწემ დეივ ჰოლსმა, რომელმაც მსახიობს უთხრა, რომ ის უსაფრთხო იყო. თუმცა, სავარაუდოდ, იარაღში ყველა ტყვია შემოწმებული არ ყოფილა. ამ კვირაში, საპროდიუსერო კომპანია Rocket Soul-მა განაცხადა, რომ 2019 წელს, ჰოლსი ერთ-ერთი ფილმის გადაღებიდან დაითხოვეს იარაღის გამოყენებით მომხდარი უბედური შემთხვევის გამო.

სანტა-ფეს ოლქის შერიფის ეიდან მენდოსას განცხადებით, გამოძიება ჯერ საწყის სტადიაზეა და ნაადრევია საუბარი შესაძლო ეჭვმიტანილებზე, ბრალის წარდგენასა და დაკავებაზე. სანტა-ფეში, ფილმის Rust-ის გადაღებისას უბედური შემთხვევა 21 ოქტომბერს მოხდა. კინომსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ რევოლვერიდან გასროლამ ოპერატორ ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიჭრა ფილმის რეჟისორი ჯოელ სოუზა.