საქართველოს კულტურის მინისტრი და "ქართული ოცნების" ლიდერი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ბრძოლა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებით არ დამთავრებულა. მან აქციაზე ტრიბუნა ციხეში მყოფი სააკაშვილისადმი მიმართვისთვისაც გამოიყენა.
"მე მინდა შევახსენო ყველას, როგორც ჩემი თაობის წარმომადგენელმა, დღეს ჩვენ, "ქართულ ოცნებას", ხელისუფლება დემოკრატიული წესით გვაქვს მოპოვებული.
სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ. დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით მის წინააღმდეგ. ხომ ბევრს გეგონათ, ჩვენო მხარდამჭერებო, რომ თუ ეს დიდი ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში, ბრძოლაც დამთავრდებოდა. არა! უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტივად არ მთავრდება. ასე ცხოვრობდა ყველა ამ მიწაზე ჩვენამდე და ჩვენც გვაქვს ახალი და ბევრი ბრძოლები“, - თქვა წულუკიანმა.
მანვე ამომრჩეველს 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურში მისვლისკენ მოუწოდა, უთხრა, რომ ბოროტებაზე თქვან უარი და აირჩიონ „გულწრფელი ძალა“.
რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების მომენტიდან შიმშილობს. როგორც მისი პირადი ექიმი ამბობს, მისი კლინიკაში გადაყვანა აუცილებელია, ხელისუფლება კი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, რისი წინააღმდეგიც ადვოკატები და თავად პატიმარი არიან.
დღეს, 27 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ხელისუფლებაში მყოფი "ქართული ოცნება" აქციას მართავს. აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე იმართება - ზუსტად იმ ადგილზე, სადაც 14 ოქტომბერს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარდამჭერები შეკრიბა.
30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მერის ასარჩევად 20 ქალაქში იმართება, მათ შორის, ხუთივე თვითმმართველ ქალაქში.