სააკაშვილისა და აქციაზე დასწრების კლიპების გამო "მთავარ არხს" სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინეს

კომუნიკაციების კომისიამ "მთავარ არხს" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებისა და 14 ოქტომბრის აქციის შესახებ ვიდეოკლიპების განთავსების გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. კომისია აცხადებს, რომ არხმა ამ ვიდეორგოლების განთავსებით საარჩევნო რეკლამის განთავსების წესი დაარღვია.

"კომუნიკაციების კომისიამ შეისწავლა აღნიშნული ვიდეორგოლები და მიიჩნია, რომ ორივე რგოლი შეიცავს საარჩევნო კამპანიის ნიშნებს და შინაარსობრივად განეკუთვნებიან პოლიტიკური წინასაარჩევნო რეკლამის კატეგორიას, თუმცა ორივე განთავსებულია საარჩევნო კოდექსის დარღვევით", - აღნიშნავს კომუნიკაციების კომისია.

კომისია ასევე განმარტავს, რომ ვიდეორგოლებში დარღვეული იყო წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის განთავსების კიდევ ერთი წესი - მითითებული უნდა ყოფილიყო პოლიტიკური პარტია და საარჩევნო ნომერი.

"მთავარ არხში" ფიქრობენ, რომ ეს კომუნიკაციების კომისიის მიერ ხელისუფლების დავალების შესრულებაა, რადგან უკმაყოფილო დარჩა "მთავარი არხის" სამოქალაქო პოზიციით. არხის იურისტი, თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ კანონში არსებული პოლიტიკური რეკლამის განმარტებაში მათ არხზე განთავსებული რგოლები არ ჯდება.

"ეს არის მონური დამოკიდებულება, როცა პარტია მარეგულირებელს უკვეთავს მედიის დასჯას იმ კლიპების გამო, რომელიც არ მოსწონს მას. ამ მონური დამოკიდებულები მარეგულირებელმა ჩვენი არხის სამოქალაქო პოზიციის გამომხატველი კლიპები, რომელიც მოშიმშილე პატიმრის მხარდამჭერი კლიპები ჩათვალა პოლიტიკურ რეკლამად", - უთხრა რადიო თავისუფლებას მურადაშვილმა.

ის ამბობს, რომ კომუნიკაციების კომისიის მსგავსად სასამართლოც მათი სანქცირების გადაწყვეტილებას მიიღებს. ამიტომ არხი გეგმავს საქმე სტრასბურგის სასამართლოში წაიღოს, რადგან ამით არხს აუკრძალეს ჰქონდეს პოზიცია.

"მსგავსი კლიპები ჩვენ გვქონდა 20 ივნისის და 5 ივლისის მოვლენებზეც გვქონდა, როცა აქციები იგეგმებოდა, რატომღაც მაშინ არ იყო პრობლემა. ახლა, როცა ეს პოზიცია გამოვხატეთ მოშიმშილე პატიმარზე, ახლა იქცა პრობლემად, რადგან სააკაშვილი ხელისუფლებისთვის არის პრობლემა", - დასძინა მან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე ცნეს დამნაშავედ, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს და ამ დროიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სასამართლოს ჩანიშვნის მოთხოვნით მან შიმშილობა დაკავების დღესვე გამოაცხადა.

სააკაშვილის მხარდასაჭერი და გათავისუფლების მოთხოვნით აქცია თბილისში 14 ოქტომბერს გაიმართა. ამ აქციის ანონსი "მთავარი არხის" ეთერში გადიოდა.