პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამედიცინო მომსახურებასა და ანალიზებზე უარს ამბობს, ამის შესახებ უკრაინელმა ექიმმა, რადის დეპუტატმა მაქსიმ პერებიინისმა განუცხადა მედიას, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულა რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
„მისი გასინჯვის საშუალება არ მომცეს, შუშის მიღმა ვისაუბრეთ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც 27 დღე შიმშილობს, წარმოადგენს პაციენტს, რომელსაც სჭირდება სამედიცინო მეთვალყურეობა, მედიკამენტოზური ჩარევა და ანალიზები. მიხეილმა თქვა, რომ ვინაიდან მისი უფლებები ირღვევა, ის უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე, ანუ უარს ამბობს ანალიზებზე და იმ სამედიცინო პროცედურებზე, რომელიც შიმშილობას ამსუბუქებს“, - განაცხადა ექიმმა.
მისი თქმით, ის მზად არის გასინჯოს მიხეილ სააკაშვილი, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემა.
ექიმის თქმით, ციხის ადმინისტრაციამ არ გააცნო პაციენტის ავადმყოფობის ისტორია, მისთვის უცნობია ანალიზებისა და ტესტების პახუხები, ინფორმაციას ის კოლეგა ექიმებისგან ფლობს.
მაქსიმ პერებიინისის თქმით, "ის რომ [მიხეილ სააკაშვილი] სამედიცინო მხარდაჭერაზე უარს ამბობს, ართულებს და ამძიმებს მისი შიმშილობის პროცესს".
უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა. შეხვედრის შემდეგ ომბუდსმენმა მედიასთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ ადგილი აქვს მისი უფლებების შელახვას.
ასევე ნახეთ უკრაინის სახალხო დამცველი სააკაშვილზე: თავს პუტინის ტყვედ მიიჩნევს, ამბობს რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშიასაქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაკავების შემდეგ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
ადვოკატები მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვენ მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანას, სადაც შესაძლებელი იქნება მუდმივი და სრულფასოვანი ზრუნვა მის ჯანმრთელობაზე. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდება გლდანში, პენიტენციური სისტემის საავადმყოფოში. მიხეილ სააკაშვილი ამ დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ამბობს, მისი უფბედამცველები და სახალხო დამცველი მიიჩნევენ, რომ ამ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. 2018 წელს, სააკაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი ყველას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს, პოლიციამ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.