საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზური ენის დღე მიულოცა „სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით, აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებს, ვისთვისაც აფხაზური ენა მშობლიურია“.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აფხაზური ენა, კულტურა და ტრადიციები საერთო, მრავალფეროვანი კულტურის შემადგენელი ნაწილი და სიმდიდრეა, ქართულთან ერთად, აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციითაა დაცული და სახელმწიფოს მისი შენარჩუნების და განვითარების განსაკუთრებული ვალდებულება აქვს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახმად, აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციისა და მიმდინარე რუსიფიკაციის უკანონო პოლიტიკის პირობებში აფხაზური ენა გაქრობის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას:
„საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს მისი გადარჩენისა და დაცვის, განვითარების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიმართულებით. აფხაზური კულტურული იდენტობის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ენის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ძალისხმევა იყოს ერთიანი და მეტი ახალგაზრდა დავაინტერესოთ ამ უნიკალური ენის შესწავლით. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ მშვიდობიანი მომავალი გამთლიანებულ ევროპულ სახელმწიფოში. Еицыҳахьчап аҧсуа бызшәа - ერთად დავიცვათ აფხაზური ენა”.
საქართველოში აფხაზური ენის დღე 27 ოქტომბერს აღინიშნება 2007 წლიდან. 2011 წელს, იუნესკომ აფხაზური შეიტანა გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ენების ნუსხაში. ოკუპირებულ აფხაზეთში ძირითადად, რუსულად საუბრობენ.