იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მნახველებს, არამედ ადვოკატებსაც არ აქვთ უფლება, მისი წერილები ციხიდან გამოიტანონ. ასე გამოეხმაურა პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელის, კობა ნაყოფიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის გააფრთხილეს, რომ არ ჰქონდა წერილის გამოტანის უფლება.
პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ წერილის გაგზავნა და მიღება "პატიმართა კოდექსით" არის დარეგულირებული.
"ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია კი ადრესატს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით ეგზავნება.
ასევე აღვნიშნავთ, რომ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე მისული პირისთვის რაიმე სახის კორესპონდენციის გადაცემა და მისი მეშვეობით დაწესებულებიდან გამოტანა სპეციალური პენიტენციური სამსახურის არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში არ ხდება და სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ეს არის ახალი დაწესებული შეზღუდვა და ვრცელდება რომელიმე ერთ კონკრეტულ ბრალდებულ/მსჯავრდებულზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
აქვე ერთ ბრალდებასთან დაკავშირებით არის პასუხი. კობა ნაყოფიამ ასევე თქვა, რომ სააკაშვილისთვის კომუნიკაციის შესაზღუდად დაბურეს პენიტენციური დაწესებულების მინები.
"შეიცვალა მხოლოდ საშხაპე ოთახში, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავად ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა გადაძახილით მიმართვის დროს დააზიანა. ახალ მინას გაუკეთდა დამცავი, გამჭვირვალე ფირი, რომელიც ამცირებს მინის დაზიანების რისკს. ასევე შეუფერხებლად ატარებს მზის სხივს", - განმარტა პენიტენციურმა სამსახურმა.
ასევე ნახეთ კობა ნაყოფიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს ახალი შეზღუდვები დაუწესესსაქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე ცნეს დამნაშავედ, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს და ამ დროიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სასამართლოს ჩანიშვნის მოთხოვნით მან შიმშილობა დაკავების დღესვე გამოაცხადა.
ერთადერთი გზა, რითაც ის საკუთარ მხარდამჭერებს ციხიდან ეხმიანებოდა, ადვოკატებისა და მასთან შესახვედრად შესული ადამიანების მიერ გამოტანილი წერილები იყო.