ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბრიფინგი გამართეს, სადაც ხელისუფლებას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი ის მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებაში და გადავიდეს ექიმების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმისათვის, რომ არ დასჭირდეს გადაუდებელი სამეციდინო დახმარება. ექიმების თქმით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის 25 დღეს უკვე არის კრიტიკულ მიჯნაზე და შესაძლოა მისი გადარჩენა ვერც მოხდეს რეანიმაციაში განთავსებისას.
"ბატონი მიხეილი ასეთ მდგომარეობაში უკვე უნდა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ. გაფრთხილებთ, რომ ეს უკვე ისეთი ზღვარია, მოცდას აღარ ექვემდებარება. ეს ისეთი საშიში რისკია, რომლის გაწევაც არ ღირს. მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ არის გადასაყვანი კლინიკაში", - თქვა ბრიფინგზე ეკატერინე მხეიძემ. ის სააკაშვილის და მისი ოჯახის პირადი ექიმია ჰოლანდიაში 2018 წლიდან და, როგორც თავად ამბობს, კარგად იცნობს მსჯავრდებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მხეიძეს სამედიცინო პრაქტიკა აქვს ამსტერდამში და თბილისში სპეციალურად მიხეილ სააკაშვილზე ზრუნვისთვის ჩამოვიდა.
ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილი ციხის კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობს: ამ სიტუაციას დაასრულებს ან ჩემი სიკვდილი, ან ჩემი თავისუფლება"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის თანდაყოლილი დაავადებები და პათოლოგიები, რომლებიც ნორმალური მკურნალობისა და მართვის შემთხვევაში შეიძლება არც ჩაითვალოს პრობლემად, მაგრამ ამდენხნიანი შიმშილობის შემდეგ არის დიდი რისკი. ის შეიძლება ღამე, მაგალითად, როცა საკანში მარტოა, ისე ცუდად გახდეს, ვერც გაიგონ. რეანომობილმა შეიძლება ვერც მოასწროს. არსებობს სპეციალური კონვენცია მოშიმშილე პატიმრების შესახებ და ეს, რაც ხდება, არის ყველა კონვენციის და ყველაფრის დარღვევა, რაც ხდება", - ამბობს მხეიძე.
"არც ახლა და არც არასოდეს, როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, არ არის დრო პოლიტიკური ანგარიშსწორების.
დღევანდელი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს მყისიერ, გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას პოლიპროფილურ კლინიკაში, რაც დღეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ის საჭიროებს ყოველდღიურ, 24-საათიან მონიტორინგს და მაღალკვალიფიციურ მონიტორინგს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მრავალპროფილურ კლინიკაში, რაზეც შეთანხმდა სწორედ კონსილიუმი... ეს რესურსი ციხის სამკურნალო დაწესებულებას, სამწუხაროდ, არ გააჩნია", - თქვა ამ ბრიფინგზე სოფო ჯაფარიძემ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა.
ასევე ნახეთ ტიკარაძე სააკაშვილზე: თუ დასჭირდება სხვადასხვა ქირურგიული ჩარევა, გადავიყვანთ სხვა კლინიკაში"ეს არის ცეცხლთან თამაში. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ინტენსიური თერაპია, რომ არ მივიდეთ რეანიმაციამდე და თუკი მაინც მივედით რეანიმაციამდე, უნდა იყოს კლინიკა მზად ნებისმიერი დრამატული დამძიმების შემთხვევეში რეაგირებისთვის. რეანიმაციულ ღონისძიებამდე მისვლა იქნება კატასტროფა - დიდი ალბათობით, ის იქნება წარუმატებელი. დაუყოვნებლივ უნდა გადავიყვანოთ პაციენტი ც კატეგორიის კლინიკაში", - თქვა ექიმმა-რეანიმატოლოგმა გოჩა გორგოძემ ამ ბრიფინგზე.
"სამარტოო საკანში მოხდება ისეთი რამ, რასაც ვეღარ შევცვლით. 26 დღე მოშიმშილე პაციენტი ეს არ არის ჩვეულებრივი პაციენტი. ეს არის პაციენტი, რომელსაც ჭირდება ყოველ ორ საათში დაკვირვება და გართულების გამოვლინების შემთხვევაში მყისიერი მოქმედება", - ამბობს ექიმი ლევან ქაცარავა.
ამავე ბრიფინგზე "ლელოს" წევრმა ვატო სურგულაძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ირღვევა ყველა ის საერთაშორისო კონვენცია და ილახება უფლება, რაც საერთაშორისო დონეზე არის აღიარებული მოშიმშილე პატიმრების შემთხვევაში.
ასევე ნახეთ გვარამია სააკაშვილზე: რასაც "ქართული ოცნება" ჭამას ეძახის, ვალიდოლის ზომის ცარცის გემოს აბებიასაქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე ცნეს დამნაშავედ, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს და ამ დროიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სასამართლოს ჩანიშვნის მოთხოვნით მან შიმშილობა დაკავების დღესვე გამოაცხადა.