მომავალ ზამთარს 23 მილიონამდე ავღანელს საკვების მწვავე ნაკლებობა ემუქრება, გვალვის, კონფლიქტის, კორონავირუსის პანდემიის და იმ ეკონომიკური კრიზისის გამო, რომელიც კიდევ უფრო გაღრმავდა ქვეყანაზე თალიბანის მიერ კონტროლის დამყარების შედეგად, - აცხადებს გაეროს ორი სააგენტო 25 ოქტომბერს.
მსოფლიოს საკვების პროგრამა (WFP) და საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ერთობლივ განცხადებაში გამოდიან გაფრთხილებით, რომ ისედაც არასტაბილური ქვეყანა მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა. "ამ ზამთარს მილიონობით ავღანელი იძულებული იქნება არჩევანი გააკეთოს მიგრაციას და შიმშილს შორის, იმ შემთხვევაში, თუკი ვერ შევძლებთ სიცოცხლისთვის აუცილებელი დახმარების გაძლიერებას", - ამბობს დევიდ ბისლი, WFP-ის აღმასრულებელი დირექტორი, და განაგრძობს: "ავღანეთში ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე - ან, შესაძლოა, უმძიმესი - ჰუმანიტარული კრიზისია, იქ საკვების უსაფრთხოების სისტემა კოლაფსშია.... კატასტროფისკენ მივდივართ და თუკი ახლავე არ ვიმოქმედებთ, ჩვენ წინაშე ნამდვილი უბედურება დატრიალდება".
ავღანეთი, რომელსაც ისედაც მძიმე პრობლემებს უქმნიდა ორი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე ომის შედეგები, კიდევ უფრო რთული ზამთრის წინაშეა მას შემდეგ, რაც აგვისტოში თალიბანმა დაამხო საერთაშორისო მხარდაჭერის მქონე ხელისუფლება.