„ჰიუმან რაიტს უოჩი“ კაცობრიობის წინაშე დანაშაულს უწოდებს ისლამური დაჯგუფების თავდასხმას ავღანელ შიიტებზე

შიიტური მეჩეთი 7 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმის შემდეგ

უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ გაავრცელა მორიგი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ავღანეთში ბოლო კვირაში „ისლამური სახელმწიფოს“ ფილიალის მიერ მოწყობილი თავდასხმები შიიტურ უმცირესობაზე კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს წარმოადგენს.

ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივმა დანაყოფმა, „ხორასანის პროვინციის ისლამურმა სახელმწიფომ“ (IS-K), იკისრა პასუხისმგებლობა ავღანეთის ტერიტორიაზე, ყუნდუზისა და ყანდაარის პროვინციებში ეთნიკური ჰაზარების შიიტურ სალოცავებში თვის დასაწყისში მომხდარ ტერაქტებზე, რომელსაც 150 ადამიანი შეეწირა.

„ჰაზარებზე მრავალრიცხოვანი თავდასხმები კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს უტოლდება და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“, - ნათქვამია HRW-ს 25 ოქტომბრის განცხადებაში.

წინა კვირაში უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ (HRW) თალიბანის მმართველობა დაადანაშაულა შიიტი ჰაზარების ასობით ოჯახის „კოლექტიურ დასჯაში“, რაც მათთვის მიწებისა და სახლ-კარის ჩამორთმევასა და სხვა რაიონებში გადასახლებაში გამოიხატება.

ჰაზარები სპარსულად მოსაუბრე ირანელი ხალხია, რომლებიც ძირითადად ცხოვრობენ ავღანეთში. შიიტური ისლამის მიმდევარი ჰაზარები ავღანეთის სიდიდით მესამე ეთნიკურ ჯგუფს და მთლიანი მოსახლეობის 9%-ს შეადგენენ.