დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ვაქცინაციის შემცირებული ტემპის ფონზე თვლის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები სავალდებულო უნდა გახდეს გარკვეული ჯგუფებისთვის მაინც. პანდემიის მეორე წლის მიწურულს ის ასევე საუბრობს ინფორმაციის ნაკლებობაზე მოსახლეობაში.
„მომხრე ვიქნებოდი აცრების გასააქტიურებლად სხვადასხვა შემზღუდველი თუ წამახალისებელი ღონისძიებების. სოფლებში რომ დავდივართ, გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა, არა. იმავეს გვეუბნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ერთის მხრივ, გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, მეორეს მხრივ კი არაპირდაპირი, ე.წ. ირიბი მანდატორიზმი, როდესაც აუცრელ ადამიანებს ექნებათ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისას. ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი ბერკეტია და მას ბევრი ქვეყანა იყენებს აცრების გასააქტიურებლად და რაღაც ეტაპის შემდეგ შემოაქვს ეს მექანიზმი. მოსახლეობის 35-37 %-ზე შეიძლება ავიდეთ ნებაყოფლობითი ვაქცინაციით, მაგრამ შემდგომი გაზრდა უკვე რთული იქნება თუ სხვა ტიპის მექანიზმები არ ჩაერთვება.
რატომ არ გადავდგით ეს ნაბიჯი აქამდე? ყველაფერს თავის დრო და ფაზები აქვს განვითარების. მოგეხსენებათ, სავალდებულო აცრა რთულად გადასაწყვეტი საკითხია და ძირითადად აცრების დიდ კამპანიებში ეყრდნობა პირველ ეტაპზე აქტიურ კომუნიკაციას და ნებაყოფლობითობას, მაგრამ რაღაც ეტაპზე ყველა ქვეყანას მოუწია ამ სავალდებულობის პირდაპირი თუ ირიბი მექანიზმების შემოტანა. ზოგისთვის ეს იყო მაშინ, როცა მიაღწიეს მოსახლეობის 40%-ის ვაქცინაციას, დასავლეთის ქვეყნებში როცა მიაღწიეს 50-55 %, ჩვენთან კი როგორც ჩანს ეს ზღვარი არის 35-37 % ფარგლებში. ნებაყოფლობითობით მოსახლეობის ამაზე დიდი ნაწილის აცრა გაგვიჭირდება“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.
ასევე ნახეთ 23 ოქტომბერს კვლავ 5 000-ზე ნაკლები აცრა ჩატარდაოქტომბრის თვეში ვაქცინაციის ტემპმა დრამატულად იკლო, დღეში საშუალოდ 5-6 ათასი აცრა კეთდება. სრულად ვაქცინირებული ზრდასრული მოსახლეობის მაჩვენებელი ოქტომბერში 3%-ითაც კი ვერ გაიზარდა. მთავრობის გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე აცრილი უნდა იყოს ზრდასრული მოსახლეობის 60% მაინც. ამ დროისთვის აცრილთა რაოდენობა მცირედით აჭარბებს 30%-ს.
ამირან გამყრელიძე აუცრელებისთვის გარკვეული შეზღუდვების ინიციატივით აგვისტოს თვეშიც გამოდიოდა. ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დღესაც თვლის, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესების საფუძველს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება არ იძლევა.
„ამ დროისთვის კოვიდპაციენტებისთვის ადგილები არის, ვინაიდან რამდენიმე რეგიონი, სადაც გვაქვს კორონავირუსის შემთხვევების განსაკუთრებული ზრდა, ეს არის ქვემო ქართლი, კახეთი და სამცხე-ჯავახეთი, დანარჩენ რეგიონებში ზრდა არ შეინიშნება. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ სწორედ ამ რეგიონებში იყო ვაქცინაციის დაბალი აქტივობა, მაღალი იყო აქტივობა რთველიდან და იმ საველე სამუშაოებიდან გამომდინარე, რომელიც ჩაატარა მოსახლეობამ.
ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ ეპიდსიტუაციას, ასევე ვმართავთ საწოლფონდსაც. პაციენტების უსაფრთხოებას არანაირი წინაღობა არ აქვს. ვთვლი, რომ ეს ტალღა, რომელიც რეალურად არის მეოთხე ტალღის გაგრძელება და არანაირად არ გახლავთ მეხუთე ტალღა, იმ შესაფერის პირობებში დაიძლევა, რომელსაც ჩვენ დღესდღეობით ვატარებთ“, – უთხრა ჯანდაცვის მინისტრმა 23 ოქტომბერს ჟურნალისტებს და დაამატა, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესების საფუძველი ამ დროისთვის არ არსებობს.
მხოლოდ ოქტომბრის თვეში კორონავირუსს 600-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.