სასამართლომ თაბაგარის წინააღმდეგ 15-დღიან პატიმრობაზე პოლიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შუამდგომლობა და არ დააკმაყოფილა "თბილისის პრაიდის" ხელმძღვანელის წინააღმდეგ 15-დღიანი პატიმრობის მოთხოვნა. 22 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მოსამართლე მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.

"მიგვაჩნია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ სტანდარტებს და ქმნის მომავალში აქტივისტების წინააღმდეგ კიდევ უფრო რეპრესიული პოლიტიკის გატარების საშიშ პრეცედენტს... ხაზგასასმელია, რომ გიორგი თაბაგარის მიერ პოლიციის კრიტიკა სრულიად ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და ევროპული კონვენციის მე-10 მუხლებით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში", - ასე შეაფასეს მოსამართლის გადაწყვეტილება "საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაში", ორგანიზაციაში, რომელიც თაბაგარის ინტერესებს იცავდა.

ასევე ნახეთ 5 ივლისის ინციდენტზე პოლიციამ გიორგი თაბაგარის 15 დღით დაპატიმრება მოითხოვა

საქმე ეხებოდა 5 ივლისის იმ ეპიზოდს, როცა თბილისის ქუჩებში ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობდნენ, მას კი პოლიცია დაუკავშირდა და დარბეულ ოფისში მისვლა სთხოვა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მოსამართლის კითხვაზე, რა პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვდა პოლიცია თაბაგარის წინააღმდეგ, გამომძიებელმა უპასუხა, რომ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა სურდა.

"მაინც შეგახსენებთ, რომ ეს იმ ქვეყანაში ხდება, სადაც 5 ივლისის არც ერთი ორგანიზატორის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა. არც კი დავუბარებივარ გამოკითხვაზე ვინმეს", - წერდა გიორგი თაბაგარი "ფეისბუკზე" მას შემდეგ, რაც გაიგო, რას ითხოვდა პოლიცია.

ასევე ნახეთ გიორგი თაბაგარის ინფორმაციით, პოლიციამ 5 ივლისის ეპიზოდზე მის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო

თაბაგარი საქმის წარმოების დაწყების დროს ასე იხსენებდა 5 ივლისს მასსა და პოლიციელს შორის საუბარს:

"ალბათ იკითხავთ, რა მოხდა 5 ივლისსო?.. 2-3 საათია ალბათ 5 ივლისს და მეოთხე ადგილიდან ევაკუაციის პროცესში ვართ, ოფისები უკვე დარბეულია და ტერორისტები ქუჩებში ბოგინებენ, დაგვსდევენ პირდაპირი მნიშვნელობით და პოლიცია არ მინახავს თვალით არსად. ასეთ დროს, მანქანით მივდივართ მორიგ ლოკაციაზე და მირეკავს ეს პოლიციელი, მშვიდად მეუბნება, რომ ოფისის დარბევის ფაქტზე გირეკავთ და იქნებ კარი გაგვიღოთ, რომ ზარალი აღვწეროთ და გამოძიება დაიწყოსო.

იმდენად არაადეკვატური იყო ეს ზარი მთელი თავისი არსით, რომ ამ ტიპს ვაგინე. პოლიცია, რომელიც არსად არ იყო იმ დღეს, სადაც სიცოცხლის მოსპობის რეალური რისკები იდგა, 5 ივლისს 3 საათზე მირეკავდა, ოფისის კარი გამიღე რომ დავათვალიეროთო...

არც ერთ სიტყვას არ ვნანობ! ველოდები ამ საინტერესო და აბსურდული საქმის განვითარებას".

5 ივლისს თბილისში ღირსების მარში უნდა გამართულიყო, თუმცა ამ დღეს დილიდან შეიკრიბნენ ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები და დაიწყეს ჟურნალისტებზე ძალადობა, დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი. ამ დღეს 53 ჟურნალისტი დაშავდა, თუმცა დღემდე დაკავებულია მხოლოდ 30 პირი, მათ შორის არ არიან ორგანიზატორები.

იმის მიუხედავად, რომ ამ 30 პირის შემთხვევაში განაჩენი ჯერ არ დამდგარა და გამოძიება ისევ გრძელდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 3 სექტემბერს განაცხადა, რომ ყველა მოძალადე დაკავებული და დასჯილია.