საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჰიტლერს ადარებს. მისი თქმით, სააკაშვილი საქართველოს მასშტაბით იგივეა, რაც ჰიტლერი იყო მსოფლიოში.
"შედარება მინდა გავაკეთო, ერთი მხრივ, პარადოქსულია და აბსოლუტურად არარელევანტური შეიძლება იყოს შედარება სააკაშვილის ჰიტლერთან, მაგრამ ყველაფერში ეს ადამიანი ბაძავს, უბრალოდ, გამოდის ფეიკი ჰიტლერი. როდესაც ჰიტლერი პირველად ჩასვეს ციხეში, მანაც დაიწყო შიმშილობა და ძალიან ბევრი მნახველი მიდიოდა, დაახლოებით იგივე სცენა დადგა ამ საცოდავმა კაცმა ციხეში.
ეს დაახლოებით იგივეა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოეთხოვა კიდევ ძალაუფლებაში, ხელისუფლებაში დაბრუნება და ხალხს რომ დაეჯერებინა. ჩვენს მასშტაბებში, დაახლოებით, იგივეა. იმ კაცმა დაანგრია ქვეყანა, აწამა, ტანჯა, დახოცა პირდაპირ ხალხი, ტერიტორიები დაკარგა, ომი წააგო..." - თქვა ღარიბაშვილმა.
ადოლფ ჰიტლერი კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი დანაშაულის ორგანიზატორად მიიჩნევა, მას უკავშირება ებრაელი ხალხის გენოციდი, ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები.
1933-1945 წლებში ნაცისტური გერმანიის ლიდერს ადოლფ ჰიტლერს უკავშირდება ექვს მილიონამდე ებრაელის, ბოშების, სექსუალური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი განადგურება - ჰოლოკოსტი. კაცობრიობისა და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ჰოლოკოსტს სამხედრო დამნაშავეების წინააღმდეგ ჩატარებული ნიურნბერგის პროცესის შემდეგ, 1946 წელს ეწოდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. ის პირველ ოქტომბერს დააკავეს, თუმცა, როგორც გაირკვა, საქართველოში რამდენიმე დღით ადრე შემოვიდა.
ასევე ნახეთ სააკაშვილი საქართველოში 29 სექტემბერს ჩამოვიდა - პროკურატურა გადაადგილების მარშრუტს აქვეყნებსმიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.