ბრიუსელში ხუთშაბათს დაიწყო ნატოს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა, რომელზეც ალიანსის წევრ სახელმწიფოთა მინისტრებს, სხვა საკითხებთან ერთად, განზრახული აქვთ რუსეთისგან მომდინარე ნებისმიერი პოტენციური საფრთხისგან მოკავშირეების თავდაცვის ე.წ. მთავარი გეგმის განხილვა.
„მთავარი გეგმა“ ევროატლანტიკურ სივრცეში შეკავების და თავდაცვის კონცეფციაა. გეგმა კონფიდენციალურია, თუმცა სააგენტო როიტერსი ავრცელებს ანონიმურად დატოვებული ოფიციალური პირების და ნატოს დიპლომატების სიტყვებს, რომ ის სცდება უკვე არსებულ, რეგიონულ თავდაცვის გეგმებს და მიზნად ისახავს მზადებას ბალტიის ზღვისა და შავი ზღვის რეგიონებზე შესაძლო ერთობლივი თავდასხმისთვის.
ახალი გეგმის საჭიროებას იწვევს ის გარემოება, რომ რუსეთი ავითარებს იარაღის მაღალტექნოლოგიურ სისტემებს და იარაღსა და სამხედრო კონტინგენტს განათავსებს ნატოს წევრი ქვეყნების საზღვრების სიახლოვეს, - ამბობენ ოფიციალური პირები.
ამას ემატება რუსეთსა და ნატოს შორის დაძაბულობის ახალი სიმძაფრე.
ურთიერთობა ნატოსა და რუსეთს უკიდურესად მას შემდეგ გართულდა, რაც ნატოს ხელმძღვანელობამ თვის დასაწყისში ალიანსიდან რუსეთის მისიის რვა წევრი „სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით“ გააძევა. პასუხად მოსკოვმა 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ სრულად წყვეტს თავისი მისიის მუშაობას ნატოს შტაბბინაში.
ეს ნაბიჯი კიდევ ერთი დარტყმა აღმოჩნდა აღმოსავლეთ-დასავლეთის კავშირებზე, რომლებიც ისედაც უახლოვდება ცივი ომის პერიოდის ნიშნულს.
სამხედრო სწავლება „უდრეკი შუადღე“
საკუთრივ რუსეთ-ნატოს უთანხმოება არ შედის ბრიუსელში მიმდინარე ორდღიანი შეხვედრის დღის წესრიგში. მაგრამ დღის წესრიგს მიღმა, ყველა პრესკონფერენციაზე, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი და სტუმარი მინისტრები ბრიუსელში ჩაატარებენ, ეს თემა, როგორც ჩანს, მთავარი იქნება.
„ჩვენ კვლავ ვრჩებით ღია დიალოგისათვის, მათ შორის, რუსეთ-ნატოს კავშირის საშუალებით. ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ შეფასებას, თუ როგორ შეგვიძლია უფრო მეტად გავაძლიეროთ თავდაცვა და შეკავება“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელიც ალიანსის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების საბჭოს, მინისტერიალს, მასპინძლობს.
ნატოს ოფიციალური საიტის თანახმად, ორდღიან შეხვედრაზე მინისტრები განიხილავენ კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებას და წევრი ქვეყნების ტერიტორიების დაცვის საკითხს.
გავრცელებული ცნობით, ბრიუსელში ჩავიდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი, რომელმაც მინისტერიალამდე ტურნე გამართა შავი ზღვის ქვეყნებში. საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე.
საქართველოში ყოფნისას პენტაგონის შეფმა ასევე ცალსახად დაგმო „რუსეთის მიერ საქართველოს გაუთავებელი ოკუპაცია და შავი ზღვის რეგიონში გავლენის გაფართოების მცდელობა სამხედრო იძულებისა და ბოროტმოქმედების გზით“.
ასევე ნახეთ
ლოიდ ოსტინი და უკრაინა-საქართველოს სამხედრო დახმარების საკითხისაქართველოს შემდეგ უკრაინაში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა, 19 ოქტომბერს პირდაპირ რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყებასა და კონფლიქტის გაგრძელებაში.
„ეს ომი რუსეთმა დაიწყო და რუსეთი უშლის ხელს მის მოგვარებას“, - თქვა ოსტინმა უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრი ტარანთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბრიუსელში ნატოს მინისტერიალის დაწყებამდე ორი დღით ადრე, 18 ოქტომბერს, სამხრეთ ევროპაში სტარტი აიღო ალიანსის ერთკვირიანმა თავდაცვითი დანიშნულების საავიაციო წვრთნამ სახელწოდებით „ურყევი შუადღე“ (Steadfast Noon), რომელშიც ნატოს 14 წევრი სახელმწიფოს კუთვნილის ავიაცია და პირადი შემადგენლობა მონაწილეობს.
ნატოს საიტის თანახმად, სამხედრო მანევრი ყოველწლიურად ტარდება და ის არ უკავშირდება რომელიმე მიმდინარე მსოფლიო მოვლენას.
რუტინულ წვრთნაში მონაწილე პირადი შემადგენლობა და ტექნიკა არ იყენებს საბრძოლო აღჭურვილობას. ვარჯიშს არ ახლავს არც სამეთაურო-საშტაბო კომპონენტი, ცეცხლის ხაზზე გასვლითა და უხილავი მოწინააღმდეგის საყრდენი პუნქტების განადგურებითა თუ სხვა ტაქტიკური ელემენტებით. მიუხედავად ამისა, იტალიაში ავიანოს საავიაციო ბაზაზე მიმდინარე ამ ერთკვირიან წვრთნას ევროატლანტიკური სივრცისათვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს სწორედ გლობალური მოვლენების და საფრთხეების კონტექსტში.
ნატოს ოფიციალური ინფორმაციით, წვრთნამ, რომელშიც ალიანსის 14 ქვეყნის ავიაცია, მათ შორის, F-16-ი ტიპის მრავალფუნქციური რეაქტიული თვითმფრინავების ესკადრილია მონაწილეობს, „ნატოს საიმედო, ეფექტიანი და უსაფრთხო ბირთვული შეკავება უნდა უზრუნველყოს“.
ყირიმის ანექსიიდან რუსი მზვერავების სკანდალამდე
„დიალოგი და შეკავება“, - ეს არის ის ტერმინები, რომელსაც ნატოს ხელმძღვანელობა რუსეთთან მიმართებით ხშირად ხმარობს მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წელს უკრაინის ყირიმის ანექსია მოახდინა და სამხედრო ძალების დაუსრულებელი კონცენტრირებით დღემდე საფრთხეს უქმნის ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგს.
2014 წლის სექტემბერში, ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად, ნატომ არ მიიწვია რუსეთი თავის სამიტზე. ამ პერიოდიდან მოყოლებული, 90-იანი წლების ბოლოს ნატო-რუსეთის დამთბარი ურთიერთობები, რასაც 2002 წელს უპრეცედენტო საკონსულტაციო ორგანოს - ნატო-რუსეთის საბჭოს შექმნა მოჰყვა, ჯერ გაგრილდა, შემდეგ გაცივდა და ბოლო მოვლენების შემდეგ, როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, „ცივი ომის“ შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დავიდა.
„ეს რუსეთის ხელისუფლების საქციელმა გამოიწვია. მათი აგრესიული მოქმედება უმთავრესად უკრაინის წინააღმდეგ გამოვლინდა, ის გამოიხატა ასევე სამხედრო ძალის გააქტიურებითა და შეიარაღებული ძალების კონტროლის შესახებ ისეთი მნიშვნელოვანი შეთანხმების დარღვევით, როგორიცაა INF-ის (საშუალო და მცირე სიშორის ბირთვული იარაღის ლიკვიდაციის შესახებ-რედ.) შეთანხმება, რასაც შედეგად საშუალო სიშორის ფაქტობრივად ყველა სახის შეიარაღებული სისტემების ამკრძალავი ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა მოჰყვა“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის წინ ნატოს შტაბბინაში გამართული პრესკონფერენციის დროს.
აშშ 2019 წლის 2 აგვისტოს ოფიციალურად გამოვიდა საშუალო რადიუსის რაკეტების აკრძალვის, 33 წლის წინ გაფორმებული, ორმხრივი ხელშეკრულებიდან (INF), რომელიც საეტაპო შეთანხმებად ითვლებოდა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის.
საშუალო რაკეტების აკრძალვის ხელშეკრულება საბჭოთა კავშირს და აშშ-ს უკრძალავდა, შეექმნათ, ეწარმოებინათ ან განეთავსებინათ სახმელეთო ან ბალისტიკური რაკეტები 500-დან 5500 კილომეტრის რადიუსით. ხელშეკრულების რატიფიცირება 1988 წელს მოახდინეს აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა და საბჭოთა კავშირის ლიდერმა, მიხაილ გორბაჩოვმა.
ასევე ნახეთ
აშშ და რუსეთი გამოვიდნენ საშუალო სიშორის რაკეტების აკრძალვის ხელშეკრულებიდან
ბოლო ათწლეულში აშშ და ნატო რუსეთს ადანაშაულებდნენ ხელშეკრულების დარღვევაში. ლაპარაკია, პირველ რიგში, 9M729 - იმავე SSC-8 - რაკეტებზე, რომელთა მოქმედების სიშორე, ნატოს თანახმად, 1500 კილომეტრია. მოსკოვი უარყოფდა ბრალდებას და აცხადებდა, რომ 9M729-ის მოქმედების სიშორე 500 კილომეტრია და თავის მხრივ ადანაშაულებდა აშშ-ს, რომ მას სურდა ხელშეკრულებიდან გასვლა გამალებული შეიარაღების ახალი პროცესის დასაწყებად.
დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად ნატოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ შესთავაზა რუსეთის ხელისუფლებას ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრების განახლება, მაგრამ, როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, მოსკოვისგან ალიანსს დადებითი პასუხი დღემდე არ მიუღია. ამასობაში კი ნატო-რუსეთის დაძაბულ ურთიერთობაში რუს მზვერავებთან დაკავშირებულმა სკანდალმა იჩინა თავი. 6 ოქტომბერს ნატოს ხელმძღვანელობამ ალიანსში რუსეთის მისიის რვა თანამშრომლის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
„ნატოში რუსეთის დელეგაციის 8 წევრისათვის აკრედიტაციის ჩამორთმევის გადაწყვეტილება ეფუძნება სადაზვერვო მონაცემებს, რადგან ისინი რუსეთის დაზვერვის ფარული თანამშრომლები აღმოჩნდნენ. და ჩვენ ასევე ვხედავთ რუსეთის მავნებლურ მოქმედებას სულ მცირე ევროპაში, ამიტომ იძულებული ვართ, ვიმოქმედოთ. რუსეთთან მიმართებით ნატოს პოზიცია მკაფიო და თანამიმდევრულია და იგი ჩვენს ორვექტორიან მიდგომას - შეკავება-თავდაცვას და დიალოგს ეფუძნება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ამგვარად, რუსეთის წარმომადგენლობაში დიპლომატთა სრული შემადგენლობა განახევრდა და 10-ს გაუტოლდა რუსეთის მისიაში, რომელიც არა ნატოს შტაბბინაში, არამედ ბრიუსელის სამხრეთით მდებარე უბანშია განთავსებული.
პასუხად რუსეთმა შეწყვიტა თავისი მისიის მუშაობა ნატოში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ ოპერაციები 1 ნოემბრიდან შეწყდება, და ამავე დღეს შეუწყდებათ აკრედიტაცია მოსკოვში ნატოს მისიაში მომუშავე პირებს.