C ვიტამინის თაღლითური სქემა - რატომ არ გამოიძია პროკურატურამ ექიმის საქმე ერთი წლის წინ?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, თაღლითობის მუხლით დაიწყო გამოძიება 20 ოქტომბერს, „გოგელიას კლინიკაში“ მომხდარი ფაქტის გამო. მოქალაქეები, რომლებსაც სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა „ვაქსიგრიპი“ უნდა გაეკეთებინათ, აცხადებენ, რომ ვაქცინის მაგივრად, ექიმმა ისინი C ვიტამინით აცრა. როგორც შს სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპზე, უწყება ახორციელებს ყველა შესაბამის საგამოძიებო ღონისძიებას. იდენტიფიცირებული და დაკავებულია თუ არა პირი, რომელმაც 35-მდე მოქალაქე გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინით აცრა, ამ კითხვაზე პასუხს შსს ჯერჯერობით არ აკონკრეტებს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უკვე დადასტურებულია, რომ მოქალაქეებს „ვაქსიგრიპის“ ნაცვლად C ვიტამინი გაუკეთდათ.

რა მოხდა „გოგელიას კლინიკაში“?

სოციალურ ქსელში აღარ იძებნება „გოგელიას კლინიკის“ გვერდი. სწორედ ამ გვერდის საშუალებით მიაგნო თათია დვალიშვილმა რამდენიმე დღის წინ „გოგელიას კლინიკას“, რომელიც მოქალაქეებს სეზონური გრიპის ვაქცინას, ფრანგული წარმოების „ვაქსიგრიპს“ სთავაზობდა. თათია გვიყვება, რომ დედა და 4 წლის შვილი ვაქცინაციაზე 20 ოქტომბრისთვის ჩაწერა. თითო აცრაში 75 ლარი უნდა გადაეხადა:

„ვიცოდი, რომ ჯერჯერობით, ვაქცინა ქვეყანაში დეფიციტურია და ძალიან გამიხარდა, როდესაც სოციალურ ქსელში კლინიკის შეთავაზებას გადავაწყდი. დავრეკე, უპრობლემოდ ჩამწერეს. ეჭვი არ გამჩენია, რომ რაიმე თაღლითობასთან შეიძლებოდა მქონოდა საქმე, რადგან ვიფიქრე, შესაძლოა, ვაქცინები კერძო გზით აქვთ შეძენილი-მეთქი“.

თათიამ 20 ოქტომბერს, დილით, დათქმულ დროს მიიყვანა შვილი და დედა კლინიკაში. სანამ მის შვილს ვაქცინას გაუკეთებდა, ექიმს ვაქცინის ყუთისა და ფლაკონის ჩვენება მოსთხოვა:

„ყოველთვის ვითხოვ ხოლმე, რომ მაჩვენონ, რა ვაქცინას უკეთებენ ბავშვს. ყველა გეგმიურ აცრაზე ასე ვითხოვ. ამცრელი ექიმები, ცხადია, ყველანაირი პრობლემის გარეშე მაჩვენებენ ვაქცინას და ყუთს სახლშიც მატანენ. როდესაც ამ ბიჭს მოვთხოვე ყუთის ჩვენება და რამდენიმე კითხვა დავუსვი, მაშინვე დაიძაბა, ანერვიულდა. ვკითხე სახელი და გვარი და მიპასუხა, რომ იყო გიორგი ჩანდლერი. ტელეფონი ამოვიღე, მეგობარ ექიმებთან დარეკვა გადავწყვიტე, სიტუაციაში გასარკვევად, მაგრამ სანამ მე ტელეფონი ავკრიფე, ბავშვი უკვე აცრილი ჰყავდა. რატო აცერი-მეთქი და რომ არ ეტირა, იმიტომო. მაშინვე მივხვდი, რომ თაღლითურ სქემასთან მქონდა საქმე. გამოვედი რეგისტრატურაში დეტალების გასარკვევას და სანამ მე რეგისტრატორს ველაპარაკებოდი, ამასობაში დედაჩემი აიცრა, ვეღარ მოვასწარი მისი გაფრთხილება. ბავშვი მაშინვე წავიყვანე კლინიკიდან და მე და ჩემი მეუღლე 15 წუთში უკან მივბრუნდით, რადგან თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად, რაღაც სხვა ინექციას აკეთებდა ექიმი“.

როგორც თათია გვიყვება, მას შემდეგ, რაც ის და მისი მეუღლე კლინიკაში მიბრუნდნენ და კვლავ მოსთხოვეს ექიმს ვაქცინის ყუთისა და ფლაკონის ჩვენება, მან აღიარა, რომ გრიპის ვაქცინის ნაცვლად იქ მისული ადამიანები C ვიტამინით აცრა:

„ვეღარ დამალა, თქვა, რომ ხალხი C ვიტამინით აცრა და 15-თეთრიან C ვიტამინში, ხალხს 75 ლარს ახდევინებდა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, C ვიტამინი საკმაოდ ალერგიულია, ვინმეს, რომ ალერგიული ფონი განვითარებოდა, რას აპირებდა, სად მიდიოდა? ვკითხეთ, რამდენი ადამიანი აცრა და თქვა, რომ დაახლოებით 35 ადამიანიო. მაშინვე გამოვიძახეთ პოლიცია და სანამ პოლიცია მოვიდა, კლინიკაში აღარავინ იყო, არც თავად ეს ბიჭი, ვინმე გიორგი ჩანდლერი და არც რეგისტრატორი“.

როგორც თათია დვალიშვილი გვეუბნება, საინტერესო ისაა, რომ მთელ კლინიკაში მხოლოდ ამცრელი ექიმი და რეგისტრატორი იყო. იქ სხვა ექიმი, მას არ დაუნახავს:

„თავიდან ვიფიქრე, რომ დილაა და ალბათ მოგვიანებით მოვლენ ექიმები-მეთქი, თუმცა, სავარაუდოდ, ამ ადამიანს, ანუ, გიორგი ჩანდლერს, მარჯანიშვილზე ჰქონდა დაქირავებული ფართი, სადაც, ასე, არალეგალურად ცრიდა ხალხს და არალეგალურ საქმიანობას ეწეოდა“.


თათია დვალიშვილის ვარაუდით, გიორგი ჩანდლერი, ფსევდონიმით სარგებლობს, მისი რეალური გვარი კი გოგელიაა. მისივე ინფორმაციით, კლინიკა გაფორმებულია გიორგი ჩანდლერის დის სახელზე, რომელიც გამოძიებამ 20 ოქტომბერს უკვე გამოკითხა.

თავად გიორგი ჩანდლერის სახელით ცნობილ ექიმს, სოციალურ ქსელში უწერია, რომ ის არის ექიმთა უფლებების დაცვის სააგენტოს დამფუძნებელი და პრეზიდენტი, კლინიკა „ელიტმედში“ გასტროენტეროლოგი, ასევე ნეიროფიზიოლოგი და ნევროლოგი. კლინიკა „ელიტმედი“ ინტერნეტ-სივრცეში მხოლოდ ერთი განცხადებით იძებნება: „ფრანგული წარმოების ვაქსიგრიპის (4 კომპონენტიანი) გრიპის ვაქცინა 20 ოქტომბრიდან იქნება ხელმისაწვდომი, სამწუხაროდ შემოდის ძალიან მცირე რაოდენობით“. ტელეფონი, რომლის საშუალებითაც, ვაქცინაციის დაჯავშნაა შესაძლებელი, გათიშულია.

რატომ არ მოახდინა რეაგირება პროკურატურამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ?

20 ოქტომბერსვე გამოეხმაურა მომხდარ ფაქტს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. როგორც სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ განაცხადა, მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის რეესტრში, აღნიშნულ მისამართზე, აღნიშნული საიდენტიფიკაციო კოდით, არანაირი კლინიკა დარეგისტრირებული არ იყო, შესაბამისად, დაწესებულებას იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა და ექიმს არ გააჩნდა არც შესაბამისი სერტიფიკატი. მისივე თქმით, ექიმი, რომელიც იმუნიზაციას ახორციელებდა, წარსულშიც უკანონოდ ეწეოდა საექიმო საქმიანობას:

ზაალ კაპანაძე

„2020 წელს სააგენტომ გამოავლინა, რომ აღნიშნული პირი ეწეოდა უკანონო საექიმო საქმიანობას და საქმიანობდა გაყალბებული სერტიფიკატებით, აღნიშნული პირის მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და ასევე, საქმე გადაეცა პროკურატურას“.

რადიო თავისუფლება შეეცადა გაერკვია, რა რეაგირება მოჰყვა პროკურატურის მხრიდან, სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიერ ერთი წლის წინ გადაცემულ საქმეს ექიმის წინააღმდეგ. თუმცა, ამ ეტაპზე, პროკურატურისგან პასუხი ვერ მივიღეთ.

„გოგელიას კლინიკისა“ და მისი ექიმის საქმის პროკურატურაში მოკითხვას გეგმავს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც. ყოველ შემთხვევაში, ასეთი კომენტარი გააკეთა მან 21 ოქტომბერს ჟურნალისტებთან:

„ამ კლინიკის საქმე გადაგზავნილი იყო ერთი წლის წინ პროკურატურაში. ჩვენ მათ დავუკავშირდებით და გავეცნობით, თუ რატომ არ მოხდა დღემდე რეაგირება“, - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

მისივე თქმით, 20 ოქტომბერს, „გოგელიას კლინიკიდან“ სამართალდამცავებმა ამოიღეს ექიმის კაბინეტში არსებული გაყალბებული საექიმო სერტიფიკატები, რომლებიც ასევე გადაგზავნილია პროკურატურაში.

რაც შეეხება ამბულატორიული საქმიანობის დაწყების შესახებ კანონმდებლობას, რომელიც 2009 წელსაა მიღებული და რომელიც საქართველოში 20 ოქტომბერს მომხდარი ფაქტის მსგავსი მაქინაციების შესაძლებლობას იძლევა, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სამინისტროსა და სამედიცინო საქმიანობის სააგენტოს მიერ მომზადებულია ცვლილებათა პაკეტი, რომელიც უკვე გადაგზავნილია პარლამენტში და მისი თქმით, ცვლილებათა პაკეტს პარლამენტი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში განიხილავს:

ეკატერინე ტიკარაძე

„ამ ეტაპზე, ჩვენ ვართ გარკვეულწილად შეზღუდულები, ვინაიდან, რეგულირების სააგენტოს არ გააჩნია მანდატი, გეგმიურად შეამოწმოს კლინიკები. ამისთვის საჭიროა კანონის ცვლილება და ჩვენ ველოდებით პარლამენტს, იმისთვის, რომ მიიღოს შესაბამისი ცვლილებები და რეგულირების სააგენტოს მიეცეს მანდატი, რომ არა მხოლოდ ამბულატორიები, არამედ კლინიკებიც შეამოწმოს, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა და ასევე მნიშვნელოვანია, შეიცვალოს გარკვეული წესები საკანონმდებლო დონეზე, რათა არ მოხდეს კლინიკების დარეგისტრირება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების დონეზე, არამედ მოხდეს განსაზღვრა მათი საჭიროების, მათი სამუშაოს აღწერილობის და მხოლოდ რეგულირების სააგენტოს და სამინისტროს თანხმობით მოხდეს შემდგომ კლინიკების გახსნა და ოპერირება“.

უქმნის თუ არა საფრთხეს C ვიტამინის თაღლითური სქემა კოვიდ-ვაქცინაციის პროცესს?

არსებობს საფრთხე, რომ ამ ფაქტმა კიდევ უფრო დააზარალოს ისედაც ნელი ტემპით, ფაქტობრივად გაჩერებული კოვიდ-ვაქცინაციის პროცესი. სოციალურ ქსელში უკვე გაჩნდა მაგალითად, ასეთი კითხვები:

„ნეტა, ნამდვილად „ფაიზერით“, ამცრეს?“;

„მგონი, ჯობდა მენახა, რა ვაქცინა გამიკეთეს“;

„იმედია, ფიზიოლოგიური ხსნარით არ ვარ აცრილი“,

„ძვირფასო მედიკოსებო, აი, ამიტომ არ გენდობით ის ხალხიც კი, ვინც ვაქცინაციაზე თანახმაა. ბნელები თქვენ გაბრალებენ ყველაფერს“...

ანი, ქავთარაძე, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, რომელიც აქტიურადაა ჩართული კოვიდ-ვაქცინაციის პოპულარიზაციის პროცესში, ამბობს, რომ მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად და ზოგადად, ვაქცინაციის ისედაც მყიფე მხარდაჭერის ფონზე, აუცილებელია, რომ გამოირიცხოს ყველანაირი მაქინაციის შესაძლებლობა და სახელმწიფომ გასწიოს კლინიკების და ამბულატორიების მკაცრი კონტროლი - მაგალითად, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის რომელი პარტია შემოდის ქვეყანაში, როგორ ხდება კლინიკებში მისი შენახვა, დაცულია თუ არა ცივი ჯაჭვის პრინციპი და ა.შ.

რაც შეეხება საზოგადოებაში გაჩენილ ეჭვებს კოვიდ-ვაქცინაციის პროცესში მსგავსი თაღლითური სქემის არსებობისა, ანი ქავთარაძე ამას გამორიცხავს:

ანი ქავთარაძე

„ქვეყანაში კოვიდ-ვაქცინის შემოტანისა და გადანაწილების პროცესი მკაცრად კონტროლდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ და ეს ვაქცინები ქვეყანაში კომერციულად არ შემოდის. შესაბამისად, უსაფუძვლოა შიში და ეჭვები, რომ შესაძლოა, ვინმე აცრეს არა კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით, არამედ მაგალითად, ფიზიოლოგიური ხსნარით ან C ვიტამინით“.

რისი უფლება აქვს ვაქცინაციაზე მისულ მოქალაქეს?

რაც შეეხება ზოგადად, ვაქცინაციის დროს, მოქალაქის უფლებებს, ანი ქავთარაძის თქმით, აცრის კაბინეტში მისულ მოქალაქეს, უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია იმ კონკრეტული ვაქცინის შესახებ, რომლითაც ის იცრება. ასევე მოითხოვოს, იმ ფლაკონის ჩვენება, საიდანაც ვაქცინა უნდა ამოიღონ:

„გარდა ამისა, მას აქვს უფლება მოისმინოს კვალიფიციური პასუხი როგორც ვაქცინის სარგებლის, ისე ვაქცინის გვერდითი მოვლენების შესახებ. მას ასევე უნდა მიეცეს საშუალება, რომ ვიზუალურად ნახოს, როგორ იხსნება მის თვალწინ ვაქცინა, რა ვადები აქვს, როგორ პირობებში ხდება მისი შენახვა და შემდეგ ჩაიტაროს აცრა“.

ანი ქავთარაძის თქმით, სეზონური გრიპის ვაქცინის შემთხვევაში, მაგალითად „ვაქსიგრიპი“, ის უკვე შპრიცშია გამზადებული ერთჯერადი მოხმარებისთვის, რომელსაც ზედ აქვს დატანილი ინფორმაცია, თუ რა ვაქცინაა, როდემდე აქვს შენახვის ვადა და ასევე შენახვის წესები.

გვაქვს თუ არა სეზონური გრიპის ვაქცინის საკმარისი მარაგი?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სეზონურ გრიპზე სპეციალური ჯგუფების ასაცრელად, ამ ეტაპზე, შემოტანილია 200 ათასი დოზა ვაქცინა. 20 ოქტომბრიდან ვაქცინის უფასოდ გაკეთება შეუძლიათ, დიალიზზე მყოფ პირებს; მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფ პირებს; საოჯახო ბავშვთა სახლებში მყოფ ბავშვებს; C-ჰეპატიტის მქონე ადამიანებს; ორსულებს; აივინფექციის მქონე პირებს; 60 წლის ზემოთ მოქალაქეებს; სკოლის პედაგოგებს; ორგანოგადანერგილებს; ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს; ვეტერინარიისა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალს; საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელებს.

რაც შეეხება სხვა დანარჩენ მოქალაქეებს, მათთვის სეზონური გრიპის ვაქცინის გარკვეული, მცირე მარაგი არსებობს. მაგალითად „ევექსის ჰოსპიტლების“ ქსელში, გარდა სპეციალური ჯგუფების უფასო ვაქცინაციისა, მოქალაქეებს შეუძლიათ ვაქცინაცია ჩაიტარონ მხოლოდ თბილისის მასშტაბით. ამ ეტაპისთვის, ფასიანი ვაქცინების მარაგი სამ კლინიკაშია. ვაქცინის ღირებულება კი 80 ლარს შეადგენს.

ჯერჯერობით არ მიუღია სეზონური გრიპის ვაქცინა ამბულატორიულ ქსელს „მედისონი“. იქ მხოლოდ დიალეზზე მყოფი და ორსულთა უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს. როგორც კლინიკაში გვეუბნებიან, ვაქცინის შემოტანა, ეტაპობრივად დაიწყება, თუმცა თარიღს ვერ აკონკრეტებენ.

სეზონური გრიპის ვაქცინები ამ ეტაპზე არ აქვს არც „ავერსის“ კლინიკების ქსელს. გვეუბნებიან, რომ „ერთ კვირაში შევეხმიანოთ“.

სეზონურ გრიპზე ვაქცინაციას იმუნოლოგები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ კოვიდ-პანდემიის ფონზე, რაკიღა, არსებობს ერთდროულად გრიპის ვირუსითა და კოვიდით ინფიცირების საფრთხე, ე.წ. ტვინდემია, რაც ექიმების თქმით, ზრდის, როგორც დაავადების მძიმედ მიმდინარეობის ისე გარდაცვალების რისკს.