პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, არ დათანხმდებიან საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას, რის შესახებაც 20 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.
სააკაშვილის ინტერესების დამცველის თქმით, ხელისუფლებამ შეცვალა გადაწყვეტილება და პირობის ნაცვლად, რომ მათ თავად შეეძლებოდათ სამკურნალო დაწესებულების არჩევა, სთავაზობენ ადგილს, რომლის სამედიცინო მზაობის შესახებ არაფერი იციან.
„ჩვენ ვხედავთ, ხელისუფლება როგორ დახტის თავის სიტყვაზე, რამდენიმე დღის წინ მათ თქვეს, რომ დაცვის მხარემ მიუთითოს ნებისმიერი კლინიკა თბილისში და მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას მოვახდენთო იქ. გუშინ კი მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია მოხდება მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, ეს არის პირდაპირ მინიშნება იმაზე, რომ ისინი აწყობენ პროვოკაციას, არ ზრუნავენ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე. ჩვენ არაფერს განსაკუთრებულს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ იმ პრაქტიკას, რაც აქამდეც ჰქონდა პენიტენციურ სამსახურს - პენიტენციური დაწესებულებიდან ისეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, ვინც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ, გადაჰყავთ ან „ვივა მედში“, ან ნებისმიერ სხვა კლინიკაში, სადაც შესაბამისი პირობები არსებობს, სამოქალაქო დაწესებულებებზეა საუბარი. მათ თუ არ აქვთ იმის თავი, რომ უსაფრთხოება უზრუნველყონ, ეს განცხადება, რაც რატი ბრეგაძემ გააკეთა, ეს არის შეუძლებელი, ეს ვერ განხორციელდება“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
დღესვე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი მივა, რომელმაც მისი შესაძლო ჰოსპიტალიზაციის საკითხი უნდა განიხილოს. ნიკოლოზ ყიფშიძე იმ სამედიცინო კონსილიუმის წევრებსაც მიმართავს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უწევენ მონიტორინგს, შეისწავლონ გლდანში მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო შესაძლებლობები.
„კონსილიუმის წევრები წავიდნენ და ნახონ ეს საავადმყოფო, როგორ არის მოწყობილი, არის თუ არა აპარატურა იმისთვის, რომ მკურნალობა გაგრძელდეს. ჩვენ გადაგვყავს პრეზიდენტი საავადმყოფოში არა იმიტომ, რომ ვუმკურნალოთ და მერე გამოვწეროთ და კარგად იქნება, ეს ასე არ არის, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა მედიკამენტოზური საშუალებები, რომ ის უფრო კომფორტულ მდგომარეობაში იყოს“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში 20 ოქტომბერს დაასახელა კლინიკა, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს მოათავსებენ.
„თუ დადგება საჭიროება, მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, იგი ჰოსპიტალიზებული იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. აღნიშნულ დაწესებულებას შეუძლია, მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართოს“, - თქვა რატი ბრეგაძემ.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი მზადაა ჰოსპიტალში გადასაყვანად, მაგრამ მისი პირადი ექიმის განცხადებით, „ეს ხვალ და ზეგ არ მოხდება“. ამასთან, ნიკოლოზ ყოფშიძის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის გაგრძელებას აპირებს ჰოსპიტალიზაციის პირობებშიც.
ასევე ნახეთ მინისტრმა დაასახელა დაწესებულება სადაც საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს მოუწევს მკურნალობა19 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროში კონსილიუმის წევრებთან ერთად გამართული შეხვედრის შემდეგ სააკაშვილის ექიმმა თქვა, რომ კლინიკა, სადაც თანხმობის შემთხვევაში ექსპრეზიდენტი გადავა, „ყველამ ერთად უნდა ამოირჩიოს“.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.