საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ გერმანული მხარის დახმარებით გახსნა ტრანსნაციონალური დანაშაული, რომლითაც გერმანიის მოქალაქეებს მოტყუებით მილიონობით ევრო გამოსძალეს. 21 ოქტომბერს საგანგებო ბრიფინგი ამ საკითხზე პროკურატურაში გერმანიის ელჩის მოადგილის მონაწილეობით გაიმართა.
გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს და ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებმა 2015 წელს ჩამოაყალიბეს დანაშაულებრივი ჯგუფი და დააფუძნეს საქართველოში ექვსი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელთა ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი, სადაც უცხო ენის მცოდნე პირები დაასაქმეს.
დაკავებულია სულ შვიდი პირი, აქედან ერთი საქართველოს მოქალაქე არ არის.
გამოძიების ვერსიით:
- "ქოლ-ცენტრის თანამშრომლები წინასწარ შემუშავებული გეგმით, ცრუ სატელეფონო ნომრების გამოყენებით უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფლის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით";
- "ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ, მათგან ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე".
პროკურატურაში ასევე აღნიშნეს, რომ ამ გზით მოპოვებული თანხა ირიცხებოდა უცხოეთში ამავე ჯგუფის მიერ დაფუძნებულ საბანკო ანგარიშზე, შემდეგ კი საქართველოში. ამ გზით მოპოვებულია 9 490 991 ევროს, 716 642 აშშ დოლარის და 218 000 ბრიტანული ფუნტი სტერლინგის ოდენობის თანხა.
საქართველოს ექვს მოქალაქეს ამ საქმეზე წარედგინა ბრალდება თაღლითობისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგამოძიებო უწყება ექვსივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
"დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი დაკავებულ იქნა მის მიმართ საექსტრადაციო პატიმრობის გამოყენების მიზნით... გერმანულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით გამოძიება გრძელდება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირების და მხილების მიზნით", - ვკითხულობთ განცხადებაში.