საქართველოს საპატრიარქო აფხაზ მღვდელმსახურს ავტოკეფალიის საკითხზე სასაუბროდ თბილისში იწვევს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში "აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით" რეგისტრირებულმა ეპარქიის საეკლესიო საბჭომ (АПЦ) საქართველოს საპატრიარქოსგან საპასუხო წერილი მიიღო, საქართველოს პატრიარქის ილია მეორისა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქ კირილისადმი გაგზავნილ მიმართვაზე.

მღვდელმსახურ ბესარიონ აპლიას საქართველოს პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მიმართავს და პრობლემატური საკითხების თბილისში განხილვას სთავაზობს.

„მოგახსენებთ რომ, გავეცანით, საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებისადმი თქვენს მიმართავს. მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიულად არ ვიზიარებთ წერილის შინაარსსა და სულისკვეთებას, ვაცნობიერებთ დიალოგის დაწყების აუცილებლობას. როგორ იცით მტერი ყოფს - ღმერთ კი აერთიანებს. ამიტომ ვფიქრობთ, სასარგებლო იქნება ამ თემაზე შეგვხვდეთ თბილისში და პირისპირ განვიხილოთ პრობლემატური საკითხები“, - ნათქვამია მიქაელ ბოტკოველის წერილში.

რუსეთისა და საქართველოს პატრიარქებისადმი „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ ეპარქიის საეკლესიო საბჭოს მიმართვაში საუბარია „აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ საქართველოს საპატრიარქოს არაკანონიკურ უფლებამოსილებაზე“.

„1992 წელს, ისტორიული და კანონიკური სიმართლის საწინააღმდეგოდ, მსოფლიო პატრიარქმა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი გამოსცა, რომლითაც აფხაზეთი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიას მიაკუთვნა. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ შედიოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში და აღადგენს აფხაზეთის საკათოლიკოსოს სტატუსს, - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ მღვდელი ბესარიონ აპლია, იღუმენი იგნატიუსი (კიუტი), მღვდელი ნიკიტა ადლეიბა, მღვდელი დალმატ გოპია, მღვდელი ალექსანდრე სერგეევი.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ მე-19 საუკუნიდან მოყოლებული კავკასიაში მართლმადიდებლობას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აცოცხლებს.

„ჩვენ ველით, რომ მისი [რუსეთის] დახმარებით აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია მიაღწევს აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის კანონიკურ აღიარებას. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ მას არ სურს ძმური სულიერი კავშირი ჰქონდეს მათთან, ვინც სახარების ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ, აფხაზეთს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად მიიჩნევს“, - ნათქვამია მიმართვაში. რომლის ხელმომწერებიც მიმართავენ ყველა მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქრისტიანს, „გამოიძიონ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სტატუსი, საეკლესიო კანონიკური მართლმადიდებლური სამართლის დახმარებით. მართლმადიდებლობა და ეთნოფილია შეუთავსებელია“, - ამბობენ ისინი.

თებერვალში საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზ ბესიარიონ აპლიას შეახსენა, რომ იგი მღვდლად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა და ის არის ქართული ეკლესიის წევრი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთს თავის კანონიკურ ტერიტორიად მიიჩნევს, ასე თვლის მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის, მოსკოვის საპატრიარქო.

საქართველოს საპატრიარქოს სასულიერო პირებს, 1992-93 წლებში აფხაზეთში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ. ქართველი სასულიერო პირის მიერ ხელდასმული ერთადერთი მღვდელი, რომელსაც არ ეკრძალება მსახურება, ბესარიონ აპლიაა. იგი ომის დასრულების შემდეგ სოხუმისა და ბიჭვინთის ეპარქიას ჩაუდგა სათავეში, რომელიც მოგვიანებით "აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიად" დარეგისტრირდა.

თავად მღვდელი ბესარიონი აფხაზური ეკლესიის ეპისკოპოსს უწოდებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რეგისტრირებულია კიდევ ერთი მართლმადიდებლური ორგანიზაცია - აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია, მისი ცენტრი ახალ ათონშია. წმინდა მიტროპოლიის შექმნა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მცდელობაზე რეაქცია იყო. რუსეთს სურდა თავისი მღვდლის დანიშვნა ახალი ათონის მონასტერში. მონასტრის ბერები, არქიმანდრიტ დოროთეოსის (დბარის) მეთაურობით, აფხაზეთის საეკლესიო საკითხს მოუგვარებლად თვლიან და მორწმუნეთა სახელით კონსტანტინოპოლის პატრიარქს მიმართავენ, ეს საკითხი მართლმადიდებლურ კომისიაში გადაწყდეს.

დრობით ღონისძიებად, აფხაზეთის ეკლესიის კონსტანტინოპოლის პატრიარქის მზრუნველობის ქვეშ გადაცემაზე, საქართველოშიც მსჯელობდნენ. იდეა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს ეკუთვნოდა. თუმცა იგი საქართველოს საპატრიარქომ უარყო, რადგან კონსტანტინოპოლის ეკლესია საგარეო პოლიტიკაში ხშირად მოსკოვის საპატრიარქოს მხარესაა ხოლმე.

აფხაზეთის ორ მართლმადიდებელ თემს შორის დროდადრო დაძაბულობაც იჩენს თავს, უმთავრესად „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ მოთხოვნის გამო, „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის“ წარმომადგენლებმა გაათავისუფლონ ახალი ათონის მონასტერი და მათ გადასცენ.