რას გვიყვება ნინო ხარატიშვილის წიგნი, რომელსაც HarperCollins გამოსცემს

ნინო ხარატიშვილის ახალი რომანი DAS MANGELNDE LICHT (The Lack of Light) ჯერ გერმანულადაც არ დაბეჭდილა, მაგრამ წიგნის გამოცემის საავტორო უფლება უკვე შეიძინა ძალიან ცნობილმა და ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამომცემლობა „ჰარპერ კოლინზმა“( HarperCollins Publishers). ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი (გერმანულენოვანი) ავტორის წიგნი ამერიკაში გამოიცემა. ნინოს ახალი რომანის (ქართული სამუშაო სათაურით „უკმარი სინათლე“) მოგზაურობა მსოფლიოში მალე დაიწყება.

ახალი ამბავი ნინოს გერმანულმა გამომცემლობამ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის დღეს, უკვე ტრადიციად ქცეულ, ნინო ხარატიშვილის ევროპელი გამომცემლების შეხვედრაზე გაახმაურა.

„ვიცი, რომ ამერიკაშიც უნდა ჩავიდე, იგეგმება გაცნობა, გეგმების შედგენა. ჯერ ბევრი მეც არაფერი ვიცი. სულ ახალი ამბავია, დარეტიანებული ვბრუნდები ფრანკფურტიდან“ - გვითხრა ბერლინისკენ მიმავალმა ნინომ.

ამერიკის წიგნის ბაზარზე შესვლა გერმანიისთვისაც კი რთული ამბავია, ამიტომ ნინოს სიხარულიც გასამმაგებულია, თან უკვე ცნობილია, რომ ეს გრძელვადიანი თანამშრომლობა იქნება და ამ ერთი წიგნის გამოცემით არ დასრულდება.

ნინო ხარატიშვილი

ახალ რომანს ნინო ხარატიშვილი სამი წელი წერდა.

ეს არის ოთხი მეგობარი გოგოს ამბავი, რომელიც დროის ორ მონაკვეთში იშლება. დღეს, ბრიუსელში და 1987-1999 წლების საქართველოში.

90-იან წლებში მეგობარი გოგონები თინეიჯერები არიან, წლების შემდეგ კი, ისინი, თითქმის 50 წელს მიახლოებულები, ერთმანეთს ბრიუსელში, ოთხიდან ერთი, უკვე გარდაცვლილი მეგობრის, ცნობილი ფოტოგრაფის გამოფენაზე ხვდებიან.

„ამ წიგნში 90-იანი წლებიც ძალიან მნიშვნელოვან დროს თამაშობს, მაგრამ მთავარი მაინც ამ გოგოების მეგობრობაა, რომელიც ბევრ გამოცდას და რთულ ეტაპს გადის. რაღაც მონაკვეთში ინგრევა კიდეც, შემდეგ კი, ახლანდელ დროში ისინი ისევ ხვდებიან ერთმანეთს უკვე ევროპაში და მანდ იწყება ძალიან დიდი კონფლიქტი, საუბრები... ფაქტობრივად, ამ რომანის თანამედროვე დროის ნაწილი ერთი დღე-ღამის ისტორიაა, რომელსაც ემატება ამბები 90-იანი წლების საქართველოდან, თბილისიდან“, - მოგვითხრობს ნინო ხარატიშვილი.

ნინო ხარატიშვილის გერმანული გამომცემლობის Frankfurter Verlagsanstal-ის მიერ მომზადებულ რეცენზიაში კი ვკითხულობთ, რომ ნინოს ახალი რომანი ეს არის:

„...დაკარგული მიწის და დაკარგული თაობის ისტორია, ამბავი რევოლუციისა, რომელიც შთანთქავს თავის შვილებს; ამბავი მეგობრობაზე, რომელიც ეწინააღმდეგება სიკვდილს, ტკივილს. საკუთარ თავთან და სამყაროსთან ბრძოლაზე, ბედისწერაზე. ეს რომანი ასევე არის საქართველოს, ქალაქ თბილისისა და მისი ხალხის პატივისცემის, სიყვარულის დეკლარაცია“.

ქეთო, დინა, ნენე და ირა თბილისურ ე.წ. იტალიურ ეზოში იზრდებიან. მათი ოჯახები განსხვავებულ სოციალური სტატუსს ატარებენ, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მათ მეგობრობას. თავად გოგოებიც სხვადასხვანაირები არიან.

ასევე ნახეთ ნინო ხარატიშვილი შილერის პრემიის ლაურეატი გახდა

თავისუფლებას მოწყურებული, მამით ობოლო დინა, რომელიც დედასთან ცხოვრობს, ირა - ჭკვიანი აუტსაიდერია, რომანტიკული ნენე, რომლის ბიძაც ქალაქში ცნობილი „კანონიერი ქურდია“, ძალიან მგრძნობიარე, უდედო ქეთო, რომელიც ცხოვრობს ორ გულგატეხილ ბებიასთან, მეცნიერებით შეპყრობილ მამასა და მეამბოხე ძმასთან ერთად.

"რომანი მოგვითხრობს დიდ პირველ სიყვარულზე, ძალადობაზე, რომელიც მოჰყვა ქვეყნის ახლად მოპოვებულ დამოუკიდებლობას, ქუჩებში გამართულ სისხლიან ბრძოლებზე, სამოქალაქო ომზე, გაყინულ თბილისურ ზამთრებზე, ჰეროინზე, რომელიც ქვეყნააში შემოედინება... და ამ ყველაფრის ფონზე ოთხი გოგოს მეგობრობა მაინც ურღვევი ჩანს, სანამ მას უპატიებელი ღალატი და კიდევ ერთი ტრაგიკული სიკვდილი არ დაამსხვრევს... და მერე, წლების შემდეგ, უკვე 2019 წელს, მეგობრები, ოღონდ ერთის გამოკლებით, ისევ ხვდებიან ერთმანეტს შუაგულ ევროპაში. იქ ჩნდება სინათლის სხივი და პატიებაც ხდება შესაძლებელი".

ნინოს ვკითხეთ, არსებობენ თუ არა მისი ახალი რომანის გმირების პროტოტიპები და ამბავი სრულად გამოგონილია თუ რეალურ ისტორიას ეყრდნობა. მან ასე გვიპასუხა:

„არა, ფიქციაა, ამბობს ნინო - ეგ პერიოდი, რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს, ჩემი ბავშვობის ნაწილია, მაგრამ რეალური პროტოტიპი არ მყოლია“.

მწერალს, ისევე როგორც მის ქართველ გამომცემელს, იმედი აქვს, რომ ამ წიგნის გამოსვლა გააჩენს უფრო დიდ ინტერესს საქართველოს და ქართული ლიტერატურის მიმართაც:

„ეს რომანიც ხომ საქართველოაზეა. ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ ასეთი ინტერესი დაიმსახურა ჯერ კიდევ არგამოსულმა წიგნმა“, - უთხრა ნინო ხარატიშვილმა რადიო თავისუფლებას.

წიგნის გამოცემის საავტორო უფლება ამ დროისთვის ათმა ქვეყანამ იყიდა, მათ შორის არიან ჰოლანდია, იტალია, ესპანეთი, ამერიკა, (საფრანგეთთან ჯერ მოლაპარაკებები მიდის), შვედეთი, დანია; ნორვეგია და პოლონეთი და საქართველოც.

ასევე ნახეთ ნინო ხარატიშვილი: ქართულად წერის სურვილიც მაშინ გამიჩნდება, როდესაც მთლიანად ქართულ რეალობაში გავეხვევი

როდის გვექნება “Lack of Light” ქართულად?

ნინო ხარატიშვილის ახალ რომანს ქართულად ისევ გამომცემლობა „ინტელექტი“ გამოსცემს. თარგმანზე უკვე მუშაობს მაია ფანჯიკიძე და როგორც „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა გვანცა ჯობავამ გვითხრა, თარგმანი, სავარაუდოდ, 2022 წლის აპრილში უნდა დასრულდეს. ქართველ მკითხველამდე წიგნი 2022 წლის ბოლომდე მივა.

2022 წელსვე უნდა დაიბეჭდოს ნინო ხარატიშვილის კიდევ ერთი, ბოლოს წინა რომანი, „კატა და გენერალი“ (Die Katze und der General) რომელსაც გერმანულიდან ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი თარგმნის.

„ინტელექტს“ უკვე გამოცემული აქვს ნინოს სხვა წიგნებიც, მათ შორის „ჟუჟა“, „ჩემი საშინელი ბედნიერების წელიწადი“, „ჩემი საყვარელი ორეული“ და „მერვე სიცოცხლე“ (ბრილკას).

გზა ამერიკისკენ - რას წარმოადგენს გამომცემლობა HarperCollins Publishers?

„ჰარპერ კოლინზი“ არის მსოფლიოს უდიდეს, ხუთ ინგლისურენოვან გამომცემლობას შორის სიდიდით მეორე, ასევე ცნობილი Penguin Random House-ის, Simon & Schuster-ის, Hachette-ისა და Macmillan-ს შორის.

ეს არის გამომცემლობა ორასწლიანი ისტორიით, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 10 000 ახალ წიგნს გამოსცემს 16 ენაზე. მისი სათაო ოფისი არის ნიუ იორკში. ამ გამომცემლობის ავტორებს შორის არიან ნობელის პრემიის ლაურეანტები, პულიცერის პრემიის, ეროვნული წიგნის ჯილდოს და სხვა ცნობილი ლიტერატურული ჯილდოების გამარჯვებულები.

როდესაც ასეთი ავტორიტეტული გამომცემლობა შენით ინტერესდება, ეს ნიშნავს იმას, რომ წიგნის წარმატებაც გარანტირებულია - მისი გავრცელების, მსოფლიოს წამყვან წიგნის მაღაზიებში მოხვედრის, ჯილდოებზე წარდგენის, უამრავი რეცენზიის დაწერის მხრივ.

გვანცა ჯობავა

ავტორისთვის, გვეუბნება გვანცა ჯობავა, ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა.

„ცხადია, ამ წიგნის ტირაჟი იქნება ბევრად მასშტაბური, წიგნი მივა უფრო მეტ ადამიანამდე და თან მივა ინგლისურ ენაზე, რომელზეც მსოფლიოში ასიათასობით ადამიანი კითხულობს“.

დღემდე ნინო ხარატიშვილის წიგნები ამერიკაში არ გამოცემულა - ცხადია, მისი წიგნების ინგლისურენოვანი გამოცემების ყიდვა იქ შესაძლებელი იყო, მაგრამ როცა უკვე ამერიკული საგამომცემლო სახლი ყიდულობს წიგნის გამოცემის საავტორო უფლებას, ეს ნიშნავს, რომ წიგნის წარმატება წინასწარ ცნობილია.

საქართველოსთვის კი, ეს ამბავი იმიტომაც არის გამორჩეულად სასიხარულო, რომ პირველი შემთხვევაა, როცა ასეთი რანგის გამომცემლობა დაინტერესდა გერმანულენოვანი ქართველი ავტორით, რომელიც საქართველოზე წერს.

ამ ახალ რომანში მოთხრობილი ამბებიც ხომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ხდება და როგორც გვანცა ჯობავამაც გვითხრა, ეს აჩენს შანსს ზოგადად ქართული ლიტერატურისთვისაც:

„ამერიკული წიგნის ბაზარზე ქართულ ლიტერატურას დღეს ასე კარგად არა აქვს საქმე, ყოფილა მცდელობები, მაგრამ ეს არის ძალიან რთული ბაზარი შესაღწევად. თითქმის წარმოუდგენელია, რომ ამ ბაზარმა მიგიღოს და არათუ ასეთი დიდი, არამედ საშუალო ან პატარა გამომცემლობაც დაინტერესდეს შენით. ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ნინოს წიგნი გაკვალავს ამ გზას და შესაძლოა, სხვა გამომცემლობები დაინტერესდნენ ქართველი მწერლებით. როგორც ეს მოხდა, სხვათა შორის, გერმანიის შემთხვევაშიც - იქ ნინოს წარმატებამ დიდი როლი შეასრულა, რომ გერმანული წიგნის ბაზარზე ჩვენი ამდენი ავტორი გამოჩენილიყო“.

ნინო ხარიტიშვილის ახალი რომანი გერმანულად უკვე დაწერილია, მას ახლა არედაქტირებენ და როგორც ნინომ გვითხრა, ის გერმანულად თებერვალში უნდა გამოვიდეს. მერე კი მისი ამერიკული და დიდი ალბათობით, მსოფლიო ტურნეც დაიწყება.

Your browser doesn’t support HTML5

ნინო ხარატიშვილი ფრანკფურტის ბაზრობაზე