„რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, ალექსი პეტრიაშვილი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ აღნიშნავს, რომ ავღანეთის მისიის დასრულების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსთან თანამშრომლობის ფორმატები და სივრცე რეალურად ითხოვს ახალ სტრატეგიულ პროექტებს, რომლებშიც ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაში საქართველო იქნება მოაზრებული. იგი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით ბევრი ფიქრი და მეტი მუშაობაა საჭირო.
„ტოლობის ნიშნის დასმა ცოტა რთული იქნება, ცხადია, მაგრამ შავი ზღვის უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებში შედის, შესაბამისად, აქ იქნება ნამდვილად საქართველოსთვის როლი და საქართველოსთვის მიმართულება. ერთგვარი გადამისამართება ხდება გარკვეული და ყველასთვის ცხადი კონკრეტული მიზეზების გამო. სამხრეთ კავკასია იყო ადრე მოაზრებული და კავკასიის მიმართულება, ახლა შავი ზღვის უსაფრთხოება და შავი ზღვის მიმართულება ხდება სტრატეგიული და პრიორიტეტული. ჩვენ ჩვენი პოლიტიკური ნება უნდა გამოვავლინოთ, რა თქმა უნდა. ეს ის პლატფორმაა, სადაც ჩვენი მეგობრები იქნებიან, ნატოს წევრი ქვეყნები, იგივე თურქეთი, იგივე ბულგარეთი, იგივე რუმინეთი, ჩვენი უახლოესი მეგობარი ქვეყანა, მოკავშირე უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატების და ნატოს ჩართულობა“, - თქვა ალექსი პეტრიაშვილმა „დილის საუბრებში“, სადაც ამ კონტექსტში საგანგებოდ შეეხო ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტის დროს გაკეთებული საჯარო გზავნილების იმ ნაწილს, რომელიც 3+3 ფორმატს შეეხებოდა:
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ძალიან მკაფიო პოზიციონირება მოახდინა 3+3 ფორმატთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ დახურულ კარს მიღმა კიდევ უფრო პირდაპირ იქნებოდა ამაზე საუბარი. დარწმუნებული ვარ ჩემი გამოცდილებით, რომ ამაზე აუცილებლად იქნებოდა საუბარი, მაგრამ მან 3+3 ფორმატზე საუბრის ნაცვლად, თქვა, რომ უმჯობესია რუსეთმა პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, ვიდრე დაიწყებს რაიმე ფორმატებში თანამშრომლობაზე საუბარს და შეთავაზებებს. ეს ჩახედული საზოგადოებისთვისაც და არა მხოლოდ, ძალიან მკაფიო და ნათელი სიგნალია“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა „დილის საუბრებში“. მისი შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში განსაკუთრებულად ნიშანდობლივია ავღანეთიდან კოალიციური ძალებისა და შეერთებული შტატების სამხედრო კონტინგენტის გასვლის შემდეგ:
ასევე ნახეთ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი 3+3 ფორმატზე: ჯობს რუსეთმა პატივი სცეს ვალდებულებებს ასევე ნახეთ ახალი ინიციატივა და ძველი გზავნილი - აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში„აშშ-ის თავდაცვის მდივანი არ ჩამოდის, სამწუხაროდ, საქართველოში ყოველ წელს, 2014 წლის შემდეგ პირველი ვიზიტი იყო საქართველოში. განსაკუთრებით ნიშანდობლივია ავღანეთიდან კოალიციური ჯარების და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო კონტინგენტის, რბილად რომ ვთქვათ, ქაოტური გასვლის შემდეგ. ამას ყველა აღიარებს. გაჩნდა კითხვის ნიშნები ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორებისადმი დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. უშუალოდ ევროპაშიც კი გაუჩნდათ ასეთი კითხვის ნიშნები და სულ უფრო ხმამაღლა ჟღერდა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ თვალსაზრისითაც, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადასტურეს ამ ვიზიტით თავისი ინტერესი, სტრატეგიული ინტერესი შავი ზღვის რეგიონის მიმართ“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა „დილის საუბრებში“.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა თბილისში შეხვედრები 18 ოქტომბერს გამართა. მან საქართველოდან დაიწყო ვიზიტი შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში, უკრაინასა და რუმინეთში. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ევროპულ ტურნეს დაასრულებს ბრიუსელში, სადაც ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების სხდომაა დაგეგმილი.
ასევე ნახეთ ლოიდ ოსტინი და უკრაინა-საქართველოს სამხედრო დახმარების საკითხი