ლოიდ ოსტინი და უკრაინა-საქართველოს სამხედრო დახმარების საკითხი

ვოლოდიმირ ზელენსკი და ლოიდ ოსტინი

საქართველოს შემდეგ უკრაინაში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა, 19 ოქტომბერს პირდაპირ რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყებასა და კონფლიქტის გაგრძელებაში.

„ეს ომი რუსეთმა დაიწყო და რუსეთი უშლის ხელს მის მოგვარებას“, - თქვა ოსტინმა უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრი ტარანთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მანამდე, შავიზღვისპირა კიდევ ერთ პარტნიორ ქვეყანაში, საქართველოში მყოფმა პენტაგონის შეფმა ასევე ცალსახად დაგმო „რუსეთის მიერ საქართველოს გაუთავებელი ოკუპაცია და შავი ზღვის რეგიონში გავლენის გაფართოების მცდელობა სამხედრო იძულებისა და ბოროტმოქმედების გზით“.

ნიშანდობლივია, რომ ორშაბათს უკრაინამ აშშ-ისგან სამედიცინო ტვირთისა და შეიარაღების მეორე პარტია მიიღო. საერთო ჯამში 60 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიწოდება აგვისტოში ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ვიზიტისას შეთანხმდა.

უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლება არ ახმაურებს, თუ რა დახმარება მოითხოვა და რას მიიღებს მომავალში აშშ-ისგან საქართველო, რომელსაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი არმია ჰყავს.

ამის მიზეზად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ტრადიციულად არაეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციის გარდა, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია, ჩრდილოელი მეზობლის მიმართ არჩეულ „არგაღიზიანების პოლიტიკას“ ასახელებს.

„გარკვეულწილად მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეშინია რუსეთის გაღიზიანების, რაც კარგად ზის მის ამ არგაღიზიანების პოლიტიკაში. და ამიტომ იმაზე ნაკლებს საუბრობენ, ვიდრე უნდა ისაუბრონ. ისევე როგორც იმაზე ნაკლებს ითხოვენ, ვიდრე უნდა ითხოვდნენ“, - უთხრა თეონა აქუბარდიამ რადიო თავისუფლებას.

„ამაღელვებელი“ ახალი ფაზა და მდუმარე საქართველოს მთავრობა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის ისტორიულად შერაცხილ ვიზიტს უკვე მოჰყვა მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგი საქართველოსთვის, რაზეც რადიო თავისუფლება ვიზიტის დაწყებამდე მიანიშნებდა.

ასევე ნახეთ

ლოიდ ოსტინის ისტორიული ვიზიტის შესაძლო პრაქტიკული შედეგები 

საქართველოში მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა თავის ქართველ კოლეგასთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად 18 სექტემბერს გამოაცხადა „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“, რომელსაც ლოიდ ოსტინმა უწოდა „ამაღელვებელი ახალი ფაზა“ უსაფრთხოების ორმხრივ თანამშრომლობაში.

„ჩვენ ნამდვილად გამოვიყენებთ ბაზად საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას და გავაგრძელებთ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის სექტორში, გავაძლიერებთ შესაძლებლობებს და უნარს, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი შეკავებისა და თავდაცვისათვის“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

დეტალებზე საუბარი ერთობლივ პრესკონფერენციაზე არ ყოფილა, თუმცა თბილისში გაფორმებული მემორანდუმის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას იძლევა გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“. გამოცემის თანახმად ირკვევა, რომ ახალი პარტნიორობის პროგრამა წინა პროგრამის 3 წლის ნაცვლად გასტანს 6 წელიწადს და ტერიტორიული თავდაცვის საკითხების გარდა, „იგი შეიძლება ასევე განვითარდეს იმ მიმართულებით, რასაც ოფიციალური პირები რუსეთიდან მომავალ ჰიბრიდულ საფრთხეებს უწოდებენ“, - ნათქვამია „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში.

ჰიბრიდულ საფრთხეზე ერთობლივ პრესკონფერენციაზე მიანიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემაც, როდესაც რუსეთის მხრიდან ოკუპაციის სხვადასხვა მეთოდის, მათ შორის კიბერთავდასხმის გამოყენებაზეც საუბრობდა.

რუსეთის „არგაღიზიანების“ სტრატეგია


მაგრამ რუსეთის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება არათუ საქართველოს, არამედ მასზე ბევრად უფრო ძლიერ უკრაინასაც უჭირს, რომელიც წელს აშშ-ისგან 400 მილიონი დოლარის დახმარებას მიიღებს.

„აშშ-სთან ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა რამდენიმე მიმართულებით ვითარდება. პირველ ყოვლისა, ეს არის გარკვეული შეიარაღება, რომელსაც უკრაინა ვაშინგტონისგან უსასყიდლოდ იღებს, როგორც ეს იყო „აილენდის“ ტიპის კატარღების შემთხვევაში. გვაქვს შესაძლებლობა, რომ გარკვეული ტიპის შეიარაღება შევიძინოთ, როგორც ეს იყო „ჯაველინების“, ისეთი ტიპის შეიარაღების შემთხვევაში, რომელსაც სპეციალური ნებართვა სჭირდება. არსებობს სტრატეგიული დიალოგი ვაშინგტონთან, რომლის ფარგლებშიც მრავალი პრაქტიკული დახმარება ხორციელდება, ეს ეხება როგორც ორმხრივ სწავლებებს, ასევე ვაშინგტონის დახმარებას უკრაინის შეიარაღებული ძალების რეფორმირების პროცესში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ანალიტიკურ ცენტრ „უკრაინული პრიზმის“ უსაფრთხოების პროგრამების დირექტორმა, ანა შელესტმა.

აშშ-ისგან „აილენდის“ კლასის ორი კატარღა 2018 წელს საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურმაც მიიღო. ხომალდები აღჭურვილია თანამედროვე სანავიგაციო და საკომუნიკაციო სისტემებით, რაც მნიშვნელოვანია რეალურ დროში ოპერატიული ინფორმაციის მისაღებად და გასავრცელებლად.

იმავე წელს საქართველომ აშშ-ისგან ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი კომპლექსის, „ჯაველინის“ პირველი პარტიაც შეიძინა. ამ ტიპის შეიარაღება ქართველმა სამხედროებმა იმავე წლის აგვისტოში, მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის დროს, გამოიყენეს.

სულ ახლახან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სისტემის, „ჯაველინის“ რაკეტების და შესაბამისი დანადგარების მიყიდვის შესაძლებლობას. საუბარია 30 მილიონი დოლარის შესყიდვაზე.

გარდა ამისა, ორმხრივი ამერიკულ-ქართული თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში საქართველოში ბოლო 4 წლის განმავლობაში 9 საბრძოლო ბატალიონმა გაიარა მომზადება, რასაც, როგორც 18 ოქტომბერს ითქვა, გაგრძელება ექნება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციის საკითხებს.

„შეიარაღების მოდერნიზება“ ფართო ცნებაა და იგი შეიძლება მოიცავდეს აშშ-ის მხრიდან ახალი შეიარაღების შეძენასაც. მაგრამ საქართველოს პარლამენტის პროფილური კომიტეტის წევრისთვისაც კი უცნობია, მოითხოვა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ რაიმე სახის შეიარაღება ლოიდ ოსტინის ვიზიტის დროს.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პრობლემა. რეალურად ეს იყო კარგი შანსი, როცა ამერიკის თავდაცვის მდივანთან შეხვედრის დროს საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო ეთხოვა თავისი სტრატეგიული პარტნიორისთვის თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება. მაგრამ საქართველოს მხრიდან ამ ვიზიტამდე არანაირი ასეთი მოლოდინი არ შექმნილა. ჩვენ რეალურად არ ვითხოვთ არაფერს და რასაც გვაძლევენ, იმაზეც კი არაფერს ვამბობთ“, - აღნიშნავს თეონა აქუბარდია.

ოპოზიციონერი დეპუტატი დასძენს, რომ მან აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ვიზიტის შედეგების შესახებ უფრო მეტი „ვაშინგტონ პოსტის“ საშუალებით გაიგო, ვიდრე საქართველოს მთავრობის ე.წ. სტრატკომებისგან, რომლებიც ბოლო ხანს მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეკავებაზე უფრო მეტს მუშაობენ, ვიდრე მის გავრცელებაზე.

„ამის ნათელი მაგალითია ის, რომ, როდესაც ავღანეთიდან მოხდა ქართული ქვედანაყოფის გამოყვანა, საქართველომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ასევე საერთშორისო ორგანიზაციების დახმარების კუთხით. კერძოდ, როდესაც ჩვენს აეროდრომზე მოხდა ამ ორგანიზაციების თანამშრომლების ჩამოყვანა, რაშიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია გავიდა მხოლოდ რამდენიმე დღის შემდგომ, ისიც ძალიან მწირი. მაშინ, როცა ეს დახმარება შეგვეძლო საჯაროდ გამოგვეცხადებინა ძალიან მნიშვნელოვნად. შესაბამისად, გარკვეულწილად მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეშინია რუსეთის გაღიზიანების“, - ამბობს თეონა აქუბარდია.

საქართველოსგან განსხვავებით უკრაინის ხელისუფლებას ნაკლებად აინტერესებს, გაღიზიანდება თუ არა რუსეთი მისი იმ ინიციატივებით, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას შეეხება. კიევი არც იმას მალავს, რომ დასავლელი პარტნიორებისგან კიდევ უფრო ქმედით დახმარებას ელოდება როგორც ზოგადად ქვეყნის შეიარაღებული ძალების, ასევე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

„საგზაო რუკა“ შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის

აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის უკრაინაში ვიზიტის დროს შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი გაჟღერდა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, ამერიკელ კოლეგასთან მოლაპარაკებების დროს ისაუბრეს შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის „საგზაო რუკაზე“. რას ნიშნავს ეს სიტყვათშეთანხმება? რა სახის „საგზაო რუკის“ მიღება სურს უკრაინას? უკრაინელ ექსპერტებს ხელისუფლებასთან კომუნიკაციის წყალობით არ უჭირთ ამ შეკითხვებზე პასუხის მიღება.

„პირველი, ეს არის უფრო მეტი პატრულირება. დღეისათვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნატოს ქვეყნების გემები ნახევარი წლის განმავლობაში იმყოფებიან შავ ზღვაში. არსებობს დაპირება, რომ ასეთი ყოფნა ყოველ წელს კიდევ უფრო გაიზრდებოდა, მაგრამ პანდემიის გამო, სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა. არადა, ასეთი პატრულირება ყველა ჩვენგანისათვის, საქართველოსთვის და უკრაინისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი ასეთ შემთხვევაში უფრო ნაკლებთავხედურად იქცევა შავ ზღვაზე“.

ანა შელსტის თქმით, კიდევ ერთი პრობლემა წყლის ზედაპირზე არსებული ვითარების მონიტორინგი და დაზვერვაა (reconnaissance and monitoring). იმის გამო, რომ შავ ზღვაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან მრავალმხრივ მოქმედებას აქვს ადგილი, უკრაინას სურს ჰქონდეს სრული ინფორმაცია, როგორც წყალქვეშა, ისე წყალზედა სიტუაციაზე.

„ამას სჭირდება შავი ზღვის ქვეყნების ძალების გაერთიანება და დამატებითი დახმარება იქ, სადაც ეს საჭიროა. მაგალითად, საქართველოს საერთოდ არ ჰყავს სამხედრო-საზღვაო ფლოტი, ხოლო უკრაინასა და რუმინეთში ეს სახეობა არ არის საკმაოდ ძლიერი. არ გვყოფნის და, შესაბამისად, კარგი იქნებოდა დახმარება, მაგალითად, საზღვაო ნაღმების აღმომჩენი და, შესაძლოა, ასევე სხვა ტიპის გემების სახით“, - აცხადებს უკრაინელი ანალიტიკოსი ანა შელესტი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, რუსეთმა მნიშვნელოვნად შეცვალა სამხედრო ძალთა ბალანსი შავ ზღვაში, რაც ნატოს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

ასევე ნახეთ

რუსეთი კიდევ უფრო მეტ ძალას უყრის თავს შავ ზღვაში

„შავი ზღვის უსაფრთხოება არის ნატოსა და საქართველოს პრიორიტეტი. ჩვენ გვაწუხებს რუსეთის მუდმივი სამხედრო გაძლიერება რეგიონში. რუსეთი ყირიმს იყენებს იმისთვის, რომ შავ ზღვაში გაზარდოს თავისი წარმომადგენლობა და ჩვენ, ასევე, ვცდილობთ, გავზარდოთ შავ ზღვაში ჩვენი წარმომადგენლობა“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წელს, 17 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს.

  • რუსეთმა 2014 წელს მოახდინა ყირიმის ანექსია. უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ჩამოგდების შემდეგ რუსეთმა ნახევარკუნძულზე ჯარები შეიყვანა და სამხედრო კონტროლის პირობებში ჩაატარა რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმი. სანქციების პირველი პაკეტი ევროკავშირმა მოსკოვს 2014 წელს დაუწესა ყირიმის ანექსიის საპასუხოდ. რუსეთს ასევე ბრალი დასდეს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებაში, რასაც მოსკოვი უარყოფს.
  • სულ ახლახან, აგვისტოს დასაწყისში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის და დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიების უკრაინის კონტროლქვეშ დაბრუნება „დროის საკითხია“.