ლოიდ ოსტინის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში ომი რუსეთმა დაიწყო და ის ხელს უშლის მის მოგვარებას

აშშ-ისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრები ანდრი ტარანი (მარცხნივ) და ლოიდ ოსტინი. კიევი, 19 ოქტომბერი.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა, რომელიც კიევში იმყოფება ვიზიტით, რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყებასა და კონფლიქტის გაგრძელებაში.

„ეს ომი რუსეთმა დაიწყო და რუსეთი უშლის ხელს მის მოგვარებას,“ თქვა ოსტინმა უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრი ტარანთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

კიევში ჩასვლის შემდეგ ოსტინმა ტვიტერში დაწერა, რომ მისი ვიზიტის მიზანია, მხარდაჭერა გამოუხატოს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გამოთქვას მზადყოფნა, დაეხმაროს მას მომავალში რუსეთის აგრესიის მოგერიებისთვის საჭირო შესაძლებლობების განვითარებაში.

ნატოში უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე საუბრისას ოსტინმა განაცხადა, რომ არავითარ „მესამე ქვეყანას“ არა აქვს უფლება, ვეტო დაადოს წევრობას. ოფიციალურად ნატო აცხადებს, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისთვის, მაგრამ კიევს ჯერ არ მიუღია კავშირში მიღებისთვის საჭირო სამოქმედო გეგმა - MAP-ი. ნატოში უკრაინის წევრობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთი. კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ახლახან „აქტიური ზომებით“ დაიმუქრა იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინა მიუახლოვდება წევრობას.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, მოლაპარაკებების დროს ისაუბრეს აშშ-სა და უკრაინას შორის სამხედრო თანამშრომლობისა და შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის „საგზაო რუკაზე“. ტარანმა აღნიშნა, რომ ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანა არანაირად არ აისახება აშშ-ის, როგორც მყარი პარტნიორისადმი კიევის რწმენაზე.

ორშაბათს უკრაინამ აშშ-ისგან სამედიცინო ტვირთვისა და შეიარაღების მეორე პარტია მიიღო. საერთო ჯამში 60 მილიონი დოლარის ღირებულების ტვირთების მიწოდება ახლახან იქნა შეთანხმებული ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტისას.

ლოიდ ოსტინი, რომელიც აღმოსავლეთევროპულ ტურნეს მართავს, უკრაინაში საქართველოდან ჩავიდა.