“Covid-19 აღარ არის კრიტიკული საფრთხე” - როგორ შეძლეს სხვა ქვეყნებმა?

სამედიცინო სფეროს თანამშრომლების საპროტესტო აქცია ბუდაპეშტში ხელფასების გაზრდის მოთხოვნით. 31 ივლისი, 2021წ.

მაშინ როცა საქართველოში საავადმყოფოები სავსეა კოვიდპაციენტებით, ყოველდღიურად 40-ზე მეტი ადამიანი იღუპება, 30 000 ათასის მაგივრად დღეში 3 000 მდე აცრა კეთდება და მხოლოდ 48% ატარებს პირბადეს, არსებობენ ქვეყნები, სადაც პანდემია პირველი რიგის პრობლემა აღარ არის და ხალხი ცხოვრების ძველ რიტმს უბრუნდება.

როგორ შეძლეს სხვა ქვეყნებმა?

გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი

„ვერცერთმა ქვეყანამ ვერ დაამარცხა პანდემია, უბრალოდ ქვეყნებმა დაიწყეს მისი მართვა. ორი გზა არსებობს, დიქტატორული - ჩაკეტო ყველა ადგილი, სადაც ინფიცირებული გამოჩნდება ან დემოკრატიული, პირბადეებისა და აცრების მეშვეობით მიაღწიო შედეგს“ - ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე

პორტუგალია

პორტუგალია იმ ქვეყნებს შორისაა, ვისაც მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ჰყავს აცრილი. პორტუგალიაში 12 წლის ზევით, ფაიზერის ვაქცინით აცრილია მოსახლეობის 98%

10 მილიონიან ქვეყანაში 18 ოქტომბრის მონაცემებით, მხოლოდ 465 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 9 ადამიანია გარდაცვლილი.

ვიცე ადმირალი - ენრიკე გოუვეა ე მელო

„ როცა იანვარში კვირაში 2000 ადამიანი კვდებოდა კორონავირუსისგან, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ვიცე ადმირალი [ენრიკე გოუვეა ე მელო რ.თ.] დააყენეს, რომელმაც როგორც სამხედრო ოპერაცია ისე შეასრულა დავალება 98%- ით. აცრა იყო სავალდებულო ყველასთვის. ადმირალი იღებდა გადაწყვეტილებას და არავინ ეწინააღმდეგებოდა მას, მმართველი პარტიაც კი. ვაქცინაციის პროცესში ჯარიც მონაწილეობდა [ჯარი უწევდა კოორცინაციას ვაქცინაციის კამპანიას რ.თ].

ახლა თითქმის ნულზეა სიკვდილიანობის მაჩვენებელი და ქვეყანა იხსნება, კლუბები, ბარები. პორტუგალიამ გვაჩვენა რომ ეს მეთოდი მუშაობს.“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი ფხაკაძე

ვაქცინაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა COVID 19 ის წინააღმდეგ. 2021 წელი

ისრაელი

ისრაელ ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან მალევე მოსახლობის 60 % უკვე აცრილი ჰყავდა. 9 მილიონიან ქვეყანაში, ახლა მოსახლეობის 70% ია აცრილი, მათგან სრულად ვაქცინირებული კი 64%. worldometers- ს 17 ოქტომბრის მონაცემებით 1200 - მდე შემთხვევა და 18 გარდაცვლილია.

ისრაელში მცხოვრები ციკო მანაშეროვი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ქვეყანაში კოვიდ პასპორტებს იყენებენ, თუმცა . სხვადასხვა დაწესებულებში შესვლისას საბუთებს თითქმის არავინ ითხოვს. თუმცა სკოლაში ბავშვის გაშვების წინ, მშობლებს ყოველდღიურად უწევთ ელექტრონული მონაცემების შევსება. „სკოლებში, ბავშვის გაშვების წინ სკოლის საიტზე მშობლები ყოველ დღე ვავსებთ ინფორმაციას ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ, რომ ბავშვს არ ჰქონია სიცხე, ჯანმრთელია და მიდის სკოლაში. პერიოდულად უტარდებათ PCR ტესტირება და პირბადის ტარება ყველასთვის სავალდებულოა “ - ამბობს ციკო.

მისი თქმით, ვაქცინაციის პარალელურად გაზრდილ შემთხვევებს განსაკუთრებული შეზღუდვები არ მოჰყოლია, მხოლოდ პირბადის ტარების ვალდებულება დააბრუნეს დახურულ სივრცეში, ასეა ახლაც. პლუს აცრები და ბუსტერ დოზები, რომელიც უკვე 2 თვეა დაიწყო ისრაელში, სადაც მოსახლეობას მხოლოდ ფაიზერით სცრიან.

ჩინეთში

მილიარდ ნახევრიან ჩინეთში, საიდანაც კორონავირუსის გავრცელება დაიწყო, მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყანაში ახლა კოვიდ ინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მცირე მაჩვენებლები ფიქსირდება, Worldometers ის მონაცემებით, მხოლოდ 516 ადამიანია დაინფიცირებული.

როგორ მოახერხა ეს ქვეყანამ?

მოკლედ რომ ვთქვათ - ჩაკეტვებით და ვაქცინაციით.

ნანუაცა ტორონჯაზე 7 წელზე მეტია ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში ცხოვრობს და მუშაობს, შესაბამისად პანდემიის მართვის პროცესს დეტალურად გვიყვება და ამბობს, რომ 3-4 თვე კარჩაკეტილი მოუწიათ ცხოვრებამ, მხოლოდ საკუთარი უბნის მაღაზიაში შეეძლოთ ჩასვლა, შემდეგ ციფრებმა კლება დაიწყო.

„ბოლოს ყველა ქალაქი გამწვანდა. სანამ დაავადებულების რიცხვმა 0 არ მიაღწია არაფერი გაიხსნა. მაგრამ გახსნის მიუხედავად ხალხი მაინც არ დადიოდა გარეთ ხშირად. ჩვეულებრივ რიტმს ალბათ დავუბრუნდით ინფექციის გავრცელებიდან 6 თვეში. ყველაზე ბოლო ვინც გააღო მაყურებლებისთვის კარი იყო კინოთეატრი - რადგან რთული გასანიავებელია ამიტომ რთულია კოვიდისთვის შესაფერისი ზომების დაცვა. თავიდან ყველა დაწესებულებას ყოველდღე უტარდებოდა დეზინფექცია“ - ამბობს ნანუცა

ნანუცა ტორონჯაძე - ჩინეთი

თუმცა ჩაკეტვების გარდა მოსახლეობის გადაადგილება აპლიკაციის მეშვეობით კონტროლდება და მინიჭებული კოდებით კონტროლდება ინფიცირებულთან კონტაქტებიც.

„ამ კოდზე რეგისტრირდები შენი ტელეფონის ნომრით, ამიტომ ლოკაცია და ქალაქი, სადაც არ უნდა წახვიდე, კოდზე ჩანს. თუ იყავი ისეთ ქალაქში სადაც 1 დაავადებულიც-კი არსებობს კოდი გიყვითლდება და სანამ მატარებელში ან თვითმფრინავში ჩაჯდები გიწევს 3 დღეში 2 კოვიდ ტესტის გაკეთება. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია ნორმალურად გადაადგილება.

წითელი კოდი არის მაღალი რისკის ფაქტორის ჯგუფებისთვის რაც ნიშნავს, რომ აუცილებელია მინიმუმ 14 დღიანი კარანტინი. მილიონი გადამოწმება და როდესაც ქვეყანა დარწმუნდება რომ არაფერი გჭირს მაგ შემთხვევაში გიმწვანებენ კოდს.“

მაღალი გავრცელების დროს ყველა უბანს თავის ექიმი ჰყავდა ტესტირებისთვის. ახლა, როგორც ნინუცა ამბობს, ჩინეთი ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდა, მაგრამ დაავადება ქვეყანაში მაინც არსებობს .

ქალაქში სადაც 1 ან 2 დაავადებული მაინც არის მთლიანი ქალაქი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მრავალმილიონიანია, ტესტირებას იკეთებს.

ამასთან ერთად, ourworldindata-ს სექტემბრის მონაცემებით, ჩინეთის მოსახლეობის 70 % უკვე ვაქცინირებულია. მიუხედავად ამისა, პირბადეს ატარებენ ყველა დახურულ სივრცეში.

ვაქცინაციის მოწმობაც უმეტესობას აქვს, თუ თვითმფრინავსა ან მატარებელში ჯდები 48 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტის პასუხიც აუცილებელია. “არ აქვს მნიშვნელობა აცრილი ხარ თუ არა თუ არის რისკის ფაქტორი ტესტს იკეთებს ყველა. დიდი, პატარა , ორსული, მოხუცი არის სასტუმროები სადაც მხოლოდ აცრილ ადამიანებს უშვებენ, თუმცა ძირითადად 48 საათიანი ტესტი ყველგან „ჭრის“.

ნანუცა გუანჯოუში ცხოვრობს, ამბობს რომ 2020 წლის მერე აქ ქალაქი არ ჩაკეტილა, ბოლოს 1-2 ინფიცირებული აპლიკაციის მეშვეობით უცბად “იპოვეს” და ამ ფორმით შეაჩერეს ვირუსი.

დანია

დანია მისაბაძია ევროპის არაერთი ქვეყნისთვის, რადგან 5 მილიონიან ქვეყანაში ourworldindata-ს 77% აცრილია. 752 ახალი შემთხვევა ფიქსირდება და 3 გარდაცვლილია.

10 სექტემბერს დანიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ Covid-19 აღარ არის "კრიტიკული საფრთხე საზოგადოებისთვის" და მოხსნა ყველა შეზღუდვა. კომუნიკაციის დროს მოსახლეობას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისკენ, პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებდნენ. დანიელები ვაქცინაციაში აქტიურად ჩაერთნენ.

იმ პერიოდში როცა სხვა ქვეყნები ყოყმანობდნენ დანიას უკვე დაწყებული ჰქონდა 12-15 წლის ბავშვების აცრა. ახლა მიუხედავად შემცირებული შემთხვევებისა მოსახლეობას ხშირად ახსენებენ, რომ სხვების საკეთილდღეოდ აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვა.

რიგი კოპენჰაგენის ღამის კლუბთან, დანია 3 სექტემბერი 2021 წელი

თურქეთი

საქართველოს მეზობელ თურქეთში სადაც 84 მილიონი ადამიანი ცხოვრობს დღეს 186 ადამიანი გარდაიცვალა და 24,114 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. თურქეთის მოსახლეობის 75% ვაქცინირებულია, 10 მილიონს კი მესამე, ბუსტერ დოზაც აქვს გაკეთებული. საზოგადოებრივ ღონისძიებაზე, მაგალითად კონცერტზე თუკი პირბადე არ გიკეთიათ და კოვიდ პასპორტი არ გაქვთ და არც აცრილი ხართ, აუცილებელია PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოს შეუძლია გაიმეოროს ევროპული ქვეყნების მაგალითი და თუკი პოლიტიკური ნება იქნება 6 თვეში შესაძლებელია ისეთი შედეგის მიღება, როგორიც მაგალითად პორტუგალიამ მიიღო ან თუნდაც მეზობელმა თურქეთმა.

სტამბოლი - 2021 წლის სექტემბერი