თბილისობა -  როგორ დაიწყო...

თბილისობა - როგორც დაფუძნებისას ეწოდა, „შრომისა და ძმობის გამარჯვების დღესასწაული“ - ონლაინ-კონცერტით უნდა შემოფარგლულიყო, თუმცა, ბათუმის ტრაგედიის გამო, 2021 წელს კონცერტიც აღარ შედგება.

პანდემიის გამო ხალხმრავლობის გარეშე ჩაიარა 2020 წლის თბილისობამაც, დღესასწაულის 42 წლიან ისტორიას უფრო დიდი ჩავარდნაც ახსოვს: 1989-1994 წლებში თბილისობა, რომელსაც მომხრეც ბევრი ჰყავს და - მოწინააღმდეგეც, საერთოდ არ გამართულა. „ოქტომბერში, პირველად ითქვა უარი ცრუინტერნაციონალისტურ, ყალბ ზეიმზე - თბილისობაზე!“ - წერდა რუსთაველის საზოგადოების გაზეთი „მამული“ 1989 წელს. ბევრს დღემდე ჰგონია, რომ „თბილისობის“ იდეა ედუარდ შევარდნაძეს ეკუთვნის, რაც ასე არ არის.

როგორც გაჩნდა იდეა?

„თბილისობა, თბილისობა,
მეხივით გასკდა მოწმენდილ ცაზე.
თბილისობა, თბილისობა,
მეტეხის თავზე, ნარიყალაზე
გაცოცხლებულა ძველი თბილისი,
თვალი უკეთესს ვერაფერს ნახავს
და მოჰფენია მილეთის ხალხი,
თბილისის უბნებს, ძველსა და ახალს“, - მღეროდა ანსამბლი „ივერია“ საგანგებოდ თბილისობისთვის დაწერილ სიმღერას, რომელიც დღესასწაულის არაოფიციალურ ჰიმნად იქცა, თუმცა „თბილისობის“ შემოღება, როგორც სიმღერის ტექსტშია, მოწმენდილ ცაზე მეხის გასკდომასავით მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა.

თბილისის ყოფილი მერი, ნიკო ლეკიშვილი იხსენებს შორეულ 1978 წელს, როცა კომკავშირის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობაზე მუშაობისას ესწრებოდა თათბირს, სადაც პირველად გაიჟღერა დედაქალაქის დღესასწაულის შემოღების იდეამ.

ტივები მტკვარზე

„თენგიზ მენთეშაშვილი იყო ქალაქკომის პირველი მდივანი. თბილისის მაშინდელმა მთავარმა არქიტექტორმა, შოთა ყავლაშვილმა მოიტანა ძველი თბილისის აღდგენის გეგმა. უნდა დაწყებულიყო ძველი უბნების რესტავრაცია. შექმნა არქიტექტორთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებმაც დაიწყეს ამ საკითხზე მუშაობა. გაიმართა თათბირი, მოიხაზა ძველი თბილისის მიდამოები, საიდანაც დაიწყებოდა რეაბილიტაცია. სწორედ ამ თათბირზე თქვა თენგიზ მენთეშაშვილმა (მაშინ მთელ საქართველოში იმართებოდა რაიონული მასშტაბის დღესასწაულები: მცხეთობა, ვაჟაობა და ა.შ.), ყველა ეს დღესასწაული რომ დასრულდება, ხომ არ ჩავატაროთ თბილისობა, როგორც ერთგვარი შემაჯამებელი ღონისძიება? მოიწონეს ეს იდეა და დავალება მისცეს სპეციალისტებს, გაკეთებულიყო კონცეფცია. გადაწყდა, 1978 წელს ოქტომბერში ჩატარებულიყო პირველი თბილისობა, მანამდე კი აღედგინათ ძველი თბილისის რაღაც ნაწილი. შეირჩა ბარათაშვილის ქუჩა, რომლის პროექტი დაამუშავეს შოთა ყავლაშვილმა და გიგა ბათიაშვილმა. კიდევ ოთხი თუ ხუთი სახელოსნო არსებობდა. მათაც გადაუნაწილეს უბნები, იმუშავეს არქიტექტორებმა და ძალიან კარგი გეგმა მოიტანეს“, - უთხრა ნიკო ლეკიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ნიკო ლეკიშვილი

თუმცა 1978 წელს ბარათაშვილის ქუჩის რესტავრაცია ვერ მოესწრო პროექტის მასშტაბურობისა და მოსახლეობის გაყვანასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, ერთი წლის თავზე კი თბილისელებმა მიიღეს თვისებრივად შეცვლილი ბარათაშვილის ქუჩა, სადაც გათავისუფლდა სარდაფები, გაკეთდა ქორწინების სახლი, ბავშვთა გალერეა, თოჯინების თეატრი და სხვ.

განახლებული ბარათაშვილის ქუჩა. 1979 წ.

ნიკო ლეკიშვილის თქმით, ერთ-ერთი მორიგი თათბირის დროს გაჩნდა იდეა, დედაქალაქის საპატიო მოქალაქეების არჩევისა და დაჯილდოების თაობაზე, რაც თავის მხრივ ასევე გულისხმობდა თბილისის სიმბოლიკის შექმნასაც:

„დაუძახეს ემირ ბურჯანაძეს. საკითხის კურატორობა მე დამევალა. სწორედ მაშინ გააკეთა ქალაქის გასაღები, გერბი და დროშა. ყველა კარგი იყო, თუმცა დავა მოჰყვა იმას, რომ გამოყენებული ჰქონდა ჯვარი, მუხა, ვარსკვლავები... ბოლოს მაინც დაამტკიცეს“.

პირველი თბილისობა

თბილისობის თარიღად ოქტომბრის ბოლო უქმეები შეირჩა. დედაქალაქმა თავის პირველ დღესასწაულს 1979 წლის 28 ოქტომბერს უმასპინძლა. საქართველოს ყველა კუთხემ თავი მოიყარა ძველ თბილისში: აბანოთუბანსა და რიყეზე. მხარეები წარმოდგენილი იყვნენ თავიანთი ანსამბლებით, სამზარეულოთი, მოწეული მოსავლითა და სახალხო რეწვის ნივთებით. გაცოცხლდა ძველი და თანამედროვე თბილისის ყოფა. თბილისის ისტორიულ უბნებში გამოჩნდნენ ეროვნულ ტანისამოსში, ყარაჩოხელისა და კინტოს ფორმაში გამოწყობილი ადამიანები, აივნებზე გამოიფინა ფარდაგები, მტკვარზე ტივი დაეშვა, ტაქსი შეცვალა ფაეტონმა, გაჩაღდა სოფლიდან ჩამოტანილი სურსათის ყიდვა-გაყიდვა, აშიშხინდა მწვადი, მოდუღდა თათარა, ღია ცის ქვეშ სახელდახელოდ მოწყობილ საწნახელში დაიწურა ყურძენი, შეისვა ღვინო, ითქვა ტრადიციული სადღეგრძელოები და ა.შ. იცეკვეს სუხიშვილებმა, იმღერეს „რუსთავის“ წევრებმა...

თბილისობა

პირველ თბილისობაზე საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭეს ოთხ ადამიანს:

  • ლადო გუდიაშვილი - საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
  • კონსტანტინე ილურიძე - ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მჭედელი, სოციალისტური შრომის გმირი
  • აკაკი შანიძე - ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
  • შუშანა ჩიქოვანი - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

თენგიზ მენთეშაშვილი თბილისობას მასპინძლობდა დაარსებიდან 1982 წლამდე ანუ იმ დრომდე ვიდრე მოსკოვში გადაიყვანდნენ სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივნად.

თენგიზ მენთეშაშვილი

1981 წელს თენგიზ მენთეშაშვილმა თბილისობაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ თბილისობა ძმობისა და მეგობრობის ის დღესასწაულია, სადაც ძმა ძმას ხვდება და მეგობარი მეგობარს ესიყვარულება:

„...სადაც სოფელი ქალაქს უერთდება ვაჟკაცური შრომით მოწეული ხვავითა და ბარაქით. ხელგაშლილი და გულგაშლილი თბილისი იმ ბედნიერ დედას ჰგავს თავის უსაყვარლეს შვილებს ამაგდარ და დიდ საბჭოთა ქვეყნის საკეთილდღეოდ ნაღვაწ ერისკაცებს შინ რომ უყრის თავს ხოლმე... ადამიანი დღესასწაულობს მაშინ, როცა იგი გამარჯვებულია, როცა მას ზეიმის უფლება მოპოვებული აქვს გარჯითა და შრომით. თანამოქალაქენო,. ეს უფლება დღესაც გმირული შრომით არის მოპოვებული და იდღესასწაულეთ. ალალია თქვენზე ეს დღე. ეს მზე, ეს დოვლათ-ბარაქიანი შემოდგომა და ეს დიდებული სტუმრიანობა... თბილისობა ხვალისთვის თადარიგის დაჭერასაც გულისხმობს, მაშ ვემზადოთ ხვალინდელი დღისათვის, ახალი მიღწევებისა და გამარჯვებებისათვის“.

უკანასკნელი საბჭოთა თბილისობა

თბილისის საპატიო მოქალაქედ არჩეულმა ცნობილმა კომპოზიტორმა, ანდრია ბალანჩივაძემ თბილისობას ეროვნული დღესასწაული უწოდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეროვნული დღესასწაული, გადაიზარდა საყოველთაო, ინტერნაციონალურ დღესასწაულშიო.

„ჩვენ ვუსმენთ და ვუყურებთ ეროვნულ სიმღერებსა და ცეკვებს ეროვნულ ტანისამოსში და ეს ყველაფერი გამოხატულია ეროვნული ფორმით, მაგრამ არსი და შინაარსი დღევანდელი ზეიმისა უნდა ემსახურებოდეს მსოფლიოს ხალხების დიდ თანამეგობრობას და ადამიანების ურთიერთგაგებას ცხოვრების ყველა გამოვლინებაში“.

თბილისობა

თბილისობას დაემატა არაერთი თეატრალური სანახაობა, სპორტული შეჯიბრებები, კონცერტები. როგორც ნიკო ლეკიშვილი ამბობს, არა მარტო თბილისელები, არამედ რაიონებიც სიხარულით ელოდნენ წლიდან წლამდე ამ დღესასწაულს, რომელსაც კომპოზიტორები სიმღერებს, პოეტები კი ლექსებს უძღვნიდნენ:

შემოდგომაა ძლიერებისა,
შემოდგომაა გამარჯვებისა.
თბილისს მოაწყდა ამერ-იმერი,
ქართული ღვინის დამაჭრებისას.
ქალაქს ალაღებს სოფლის ბარაქა,
ჰიმნი, მიწაზე გარჯილ ერისა...

ასე გაგრძელდა 1989 წლამდე... ბოლო საბჭოთა თბილისობა 1988 წელს გაიმართა. როგორც ნიკო ლეკიშვილი იხსენებს, ეს ბოლო საბჭოთა თბილისობა მთლად საბჭოთა აღარ იყო.

„სწორედ მაშინ დავარქვით პლეხანოვის გამზირს აღმაშენებლის გამზირი, ხოლო ჩელუსკინელების გამზირს თამარ მეფის სახელი, რასაც დიდი საყვედური და თითის ქნევა მოჰყვა მოსკოვიდან. ეს იყო მთავარი განსხვავება წინა თბილისობებისგან, სხვა დანარჩენი ისე ჩატარდა, როგორი ტრადიციაც იყო“, - უთხრა ნიკო ლეკიშვილმა რადიო თავისუფლებას.

თბილისობა

1989 წელს თბილისობა არ გაიმართა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების გამო. თბილისობა არც მომდევნო წლებში გამართულა. ნიკო ლეკიშვილის თქმით, ეროვნულ ხელისუფლებას თბილისობაზე უარი არ უთქვამს, თუმცა აპირებდა ზეიმის კონცეფციაში ცვლილების შეტანას, მაგრამ არ დასცალდა ჯერ ქუჩების გაუთავებელი პიკეტირების, შემდეგ კი პუტჩისა და ომის გამო. წყვეტა 1995 წლამდე გაგრძელდა.

დაბრუნება ქართვლის დედასთან ერთად

1995 წელს თბილისის მერიამ გადაწყვიტა თბილისის 1500 წლის იუბილეძზე (1958 წელი) აღმართული ქართვლის დედის დროებითი ქანდაკების განახლება.

„გვინდოდა აღდგენილი ზეიმისთვის დაგვემთხვია თბილისისთვის გაკეთებული მნიშვნელოვანი საქმე“, - ამბობს თბილისის მაშინდელი მერი ნიკო ლეკიშვილი, რომელმაც კომკავშირის ხეივანში, სადაც ალუმინის ფურცლებით დაფარული ხის ქანდაკება იდგა, თან იახლა ავტორი, ელგუჯა ამაშუკელი.

თბილისობა

„ქანდაკება სრულიად გაძარცვული, გამომპალი და გადახრილი იყო. ელგუჯა არ ელოდა ასეთ მდგომარეობაში თავისი ნამუშევრის ხილვას. ძალიან ინერვიულა, თბილისელებმა როგორ გაძარცვეს თბილისის სიმბოლოო. ისე ცუდად გახდა, რომ საავადმყოფოში დავაწვინეთ. მოგეხსენებათ პირველი „ქართვლის დედა“ გაკეთებული იყო ხისგან, რომელსაც ალუმინის ფირფიტები ჰქონდა დაკრული. სწორედ ეს ფირფიტები მოიპარეს. გადავწყვიტეთ, ჩამოგვესხა, მაგრამ არც ფული გვქონდა და არც - არაფერი. ჯერ კიდევ კუპონების პერიოდი იყო. დავუძახე ბიჭებს, დავთქვით, ნუ ვიტყვით ვინ ვართო. სულ 7-მა კაცმა დადო ფული. ძალაშია ეს დათქმა დღესაც. თბილისელები არიან. ნაწილი ცოცხალი აღარ არის. დამწყები ბიზნესმენები იყვნენ. ზოგმა 50 ათასი დადო, ზოგმა 70 ათასი,.... სულ შევაგროვეთ 350 ათასი დოლარი, რაც დიდი თანხა იყო. მასალა არ იშოვებოდა, იური ლუჟკოვის დახმარებითა მოსკოვიდან ჩამოვიტანეთ მასალა. ელგუჯამ ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩამოიყვანა ოსტატები, გააკეთა თაბაშირის მაკეტი. სამგორის რაიონში იყო მერიის კულტურის სამმართველოს სამხატვრო კომბინატი და იმ ტერიტორიაზე გავაკეთეთ. საბოლო ჯამში, დავდგით ახალი ქართვლის დედა. იმის გამო, რომ ქალაქი არ არცერთი წუთით არ დარჩენილიყო ძეგლის გარეშე, სამი მეტრის მოშორებით გავაკეთეთ ახალი ფუნდამენტი და იქ აღვმართეთ. ასე რომ, რამდენიმე საათის განმავლობაში ქალაქში ორი ქათვლის დედა იდგა. ერთ ღამეში ვერ მოვასწარით. ამიტომ საღამომდე, 5-6 საათამდე იდგა ორი ქათვლის დედა. ეს გაკეთდა 10 ოქტომბერს“, - უთხრა ნიკო ლეკიშვილმა რადიო თავისუფლებას.

"ქართვლის დედა". ავტორი ელგუჯა ამაშუკელი

1995 წელს თბილისობა 11 ოქტომბერს გაიმართა, მანამდე ასევე გაიხსნა იოანე პეტრიწისა და დოდო აბაშიძის ქანდაკებები.

„გადავწყვიტეთ, რომ თუ ვაკეთებთ დღესასწაულს, არ იყოს ის მარტო ჭამა-სმა და ქეიფი. ამიტომ დავიწყეთ აბანოთუბნის აღდგენა, განვაახლეთ რუსთაველის გამზირის ფასადები და აღვადგინეთ პირველი სკოლა. სხვა მხრივ, ჩავატარეთ ისე, როგორიც ადრე ვატარებდით. ხალხმა ძალიან გაიხარა, რადგან ამდენი ხანი არაფერი კარგი არ ხდებოდა, სულ გაჭირვება და უბედურება იყო. ასე აღვადგინე მრავალწლიან წყვეტის შემდეგ, მერე გაგრძელდა და გაგრძელდა“, - ამბობს ნიკო ლეკიშვილი.

თბილისის საპატიო მოქალაქეები 1995 წელსაც აირჩიეს:

  • ნანი ბრეგვაძე - მომღერალი
  • ვალერიან გუგუნავა - ომის ვეტერანი
  • მურმან ლებანიძე - პოეტი
  • თეიმურაზ ჩირგაძე - ექიმი

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს თბილისის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის, უცხო სახელმწიფო მოქალაქეებს — განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და თბილისის წინაშე.