თუკი ამ დრომდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) არ იძლეოდა კოვიდვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზების გაკეთების რეკომენდაციას მინიმუმ სექტემბრამდე მაინც, სანამ თითოეული ქვეყნის მცხოვრებთა სულ მცირე 10% მაინც არ იქნებოდა აცრილი და, ამასთანავე, არ იყო მიღწეული კონსენსუსი, COVID-19-თან უფრო ეფექტიანად საბრძოლველად, იყო თუ არა საჭირო კოვიდვაქცინის მესამე დოზის დამატება, გასულ კვირაში, ეს დილემა გადაწყდა. WHO-ს იმუნიზაციის ექსპერტთა და სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფმა, 60 წელს ზევით ადამიანებისთვის, რომლებიც „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ არიან აცრილნი, მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზის რეკომენდაცია გასცა.
მესამე, ბუსტერ დოზის დამატების რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ იმუნოკომპრომისული პაციენტებისთვისაც. ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ადამიანები ჩინური წარმოების ვაქცინით არიან აცრილნი, თუ ევროპული ან ამერიკული ვაქცინებით („ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „მოდერნა“, „ჯონსონი და ჯონსონი“).
თუმცა, აღსანიშნავია, რომ საკუთარი მოსახლეობის მესამე დოზით აცრის გადაწყვეტილება, მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ, ჯერ კიდევ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციამდე მიიღო. მათ შორის, მაგალითად, ისრაელმა, თურქეთმა, ავსტრიამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, ბელგიამ, უნგრეთმა, ლიეტუვამ და ა.შ. პირველ ეტაპზე, ე.წ. ბუსტერ დოზების გაკეთება მოწყვლადი ჯგუფებისთვის გადაწყდა - 60 წელს ზევით მოქალაქეებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, მედპერსონალისთვის, ინფიცირების მაღალი რისკის მქონე ადამიანებისთვის.
იმუნოკომპრომისული პაციენტებისათვის კოვიდვაქცინის მესამე დოზის რეკომენდაციას იძლევა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრიც. რეკომენდაციის თანახმად, პაციენტებს დამატებითი, ბუსტერ დოზის („ფაიზერი“, „მოდერნა“) მიღება, პირველადი ვაქცინაციიდან 28 დღის შემდეგ შეუძლიათ.
რაც შეეხება 65 წელს ზევით მოქალაქეებსა და სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირებს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, მათ ბუსტერ დოზის მიღება პირველადი ვაქცინაციიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ შეუძლიათ. „ხოლო სხვა ჯგუფებმა ბუსტერ დოზის ჩატარების გადაწყვეტილება, მათი ინდივიდუალური რისკებისა და სარგებლის საფუძველზე უნდა მიიღონ“, - წერია აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებაში.
რა გადაწყვიტა საქართველომ?
საქართველოს ხელისუფლებამ არა თუ ბუსტერ დოზა, არამედ მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს ხელახალი ვაქცინაციის, რევაქცინაციის საშუალებაც მისცა.
ვის ეკუთვნის ბუსტერ დოზა?
„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 11 ოქტომბრის ბრძანების თანახმად, ბუსტერ დოზის მიღება შეუძლია:
- 50 წლის და უფროსი ასაკის პირებს;
- ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში მცხოვრებ 16 წელზე მეტი ასაკის პირებს, მათ მომვლელებს და დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულ 16 წელზე მეტი ასაკის პირებს (მოქალაქეობის სტატუსისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად);
- სამედიცინო პერსონალს;
- 16-დან 49 წლის ჩათვლით ასაკის პირებს, ქრონიკული დაავადებებით.
ბუსტერ დოზით ვაქცინაცია შესაძლებელია ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 6-თვიანი ინტერვალით, რაც აითვლება მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან. ბუსტერ დოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა.
ვის ეკუთვნის რევაქცინაცია?
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ რევაქცინაციის დროს, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გამოყენებული იქნება მხოლოდ ამერიკული წარმოების კოვიდვაქცინა „ფაიზერი“.
ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ჩინური წარმოების ვაქცინებით, „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრილ საქართველოს მოქალაქეებს, საზღვარგარეთ მგზავრობისას პრობლემები შეექმნათ, რაკიღა ევროპული ქვეყნების უმეტესობისთვის, ჩინური წარმოების ვაქცინით იმუნიზაცია ე.წ. კოვიდსაშვს არ წარმოადგენს.
ამიტომ 7 ოქტომბერს გადაწყდა, რომ „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრილი საქართველოს მოქალაქეები, პირველადი ვაქცინაციიდან 28 დღის თავზე, რევაქცინაციას „ფაიზერით“ შეძლებენ. რევაქცინაცია გულისხმობს „ფაიზერის“ არა ერთი, როგორც ბუსტერის შემთხვევაში, არამედ სრული, ორი დოზის მიღებას.
ჯანდაცვის მინისტრის 11 ოქტომბრის ბრძანებაში ვკითხულობთ:
„ორი დოზით აცრილ პირებს, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება, დამატებით შესაძლებელია ჩაუტარდეთ Pfizer–BioNTech ვაქცინის ორი დოზით აცრა, ამასთან მეორე დოზას და დამატებით პირველ დოზას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 28 დღეს“.
რევაქცინაციის მიღების მსურველებმა, ვაქცინაციის პუნქტში უნდა წარადგინონ შემდეგი ცნობები:
- პირველადი აცრის ცნობა;
- სამგზავრო ბილეთი/ჯავშანი;
- ან მოწვევა;
- ან წერილი სამსახურიდან მივლინების შესახებ;
- ან დამსაქმებლის წერილი ხშირი ბიზნესვიზიტების შესახებ და სხვა.
სწორედ ასე აიცრა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გახსნილ ამცრელ პუნქტში 32 წლის ნიკა, რომელმაც 4 თვის წინ ჩაიტარა ვაქცინაციის სრული კურსი „სინოფარმით“. ნოემბერში საზღვარგარეთ აპირებს გამგზავრებას და ამიტომ, მგზავრობისას პრობლემების თავიდან ასარიდებლად, გადაწყვიტა ხელახლა აცრილიყო ამერიკული კოვიდვაქცინით, „ფაიზერით“:
„საინტერესო ის იყო, რომ ჯერჯერობით, თავად ამცრელი ბრიგადებიც არ იყვნენ კარგად გარკვეულნი, მხოლოდ ერთი დოზით მიწევდა აცრა თუ მეორე დოზაც უნდა გავიკეთო სამი კვირის შემდეგ. ექიმმა აქეთ მკითხა, ეს ხომ ბუსტერიაო? მე ავუხსენი, რომ ჩემს შემთხვევაში, ეს იყო ვაქცინის ჩანაცვლება“.
რის საფუძველზე მიიღო საქართველომ მოქალაქეების რევაქცინაციის გადაწყვეტილება?
რეკომენდაცია საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველი მოქალაქეების რევაქცინაციის შესახებ, იმუნიზაციის საბჭოს წარუდგინა საქართველოს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულმა ჯგუფმა.
ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი და იმუნიზაციის საბჭოს წევრი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მრჩეველთა ჯგუფი დაეყრდნო აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციას, რომლის თანახმადაც, აშშ-ში ჩასულ ადამიანებს, რომლებიც არ არიან ვაქცინირებულნი აშშ-ში რეგისტრირებული ვაქცინებით, საშუალება ეძლევათ, რომ პირველადი ვაქცინაციიდან 28 დღის შემდეგ, ჩაიტარონ ხელახალი ვაქცინაცია ქვეყანაში რეგისტრირებული ვაქცინებით.
ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ვინაიდან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა რეკომენდაციას, რომ პირველადი ვაქცინაციიდან ერთ თვეში ვაქცინის ჩანაცვლება შესაძლებელია, შესაბამისად, ის საფრთხის შემცველი არ უნდა იყოს ადამიანების ჯანმრთელობისთვის, თუმცა, ამასთანავე, იმასაც ამბობს, რომ თუკი საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ გამგზავრება და ამის გამო რევაქცინაციის ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, დამატებითი ვაქცინაციისგან თავი შეიკავონ:
„ეს არის რეკომენდაცია მხოლოდ ადამიანებისთვის, რომლებსაც სასიცოცხლოდ სჭირდებათ საზღვარგარეთ გამგზავრება და მათ სჭირდებათ ვაქცინაციის სტატუსი ამა თუ იმ კონკრეტულ ქვეყანაში ჩასასვლელად. ამ გამონაკლისს, ამ ეტაპზე, აქვს მხოლოდ სატრანსპორტო მნიშვნელობა. ადამიანებმა ყალბი ბილეთის ჯავშნებით არ უნდა იკეთონ აცრები. მათ თუ მართლაც ესაჭიროებათ საზღვარგარეთ წასვლა, სამედიცინო მიზეზი იქნება ეს თუ საქმიანი, ანდა სასწავლო მგზავრობა, მხოლოდ მათთვის არის რეკომენდებული. ასე პანტა-პუნტით, 20-30 წლის გოგო-ბიჭებმა ხელახალი ვაქცინაციები და ბუსტერ დოზები იკეთონ, აბსოლუტურად გაუმართლებელია და არ არის საჭირო“.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. რევაქცინაციის შემთხვევაში, აჯობებდა, თუკი დაცული იქნებოდა არა 28-დღიანი, არამედ უფრო მეტი, მაგალითად, ექვსთვიანი პერიოდი, ისე, როგორც ბუსტერ დოზის შემთხვევაში. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ დროისათვის, არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი კვლევები, სადაც განხილული და შეფასებული იქნება რევაქცინაციასთან დაკავშირებული დეტალები, მას გაუჭირდება არგუმენტირებული მტკიცება იმისა, შეიცავს თუ არა საფრთხეს ასე მოკლე პერიოდში ხელახალი ვაქცინაცია:
„ეს არის სუფთა ემპირიული გადაწყვეტილება. იმ ქვეყნების გამოცდილებასაც ვერ ავიღებთ, სადაც ბუსტერ დოზები კეთდება, რადგან იმ ქვეყნების მიზანი იყო და არის, არა ადამიანების სამოგზაუროდ გაშვება, არამედ ვაქცინით მიღებული იმუნიტეტის კიდევ უფრო გაძლიერება“.
კიდევ ერთი ქვეყანა, რომელმაც მოგზაურობის საბაბით „სინოვაკით“ აცრილ მოქალაქეებს „ფაიზერის“ დამატებითი დოზები შესთავაზა, თურქეთია. გადაწყვეტილება თურქეთის ხელისუფლებამ აგვისტოში მიიღო. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც „სინოვაკით“ იყვნენ აცრილები, „ფაიზერის“ ბუსტერ დოზა მიიღეს და სურთ საზღვარგარეთ მოგზაურობა, საშუალება ექნებათ, გაიკეთონ „ფაიზერის“ მეორე დოზაც.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის ექსპერტთა და სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფი, რომლის წევრებიც იმუნიზაციის პოლიტიკაზე მუშაობენ, ე.წ. ბუსტერ დოზების შესახებ გლობალურ მონაცემებს 11 ნოემბრისთვის გადახედავენ.
უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული არაერთი გამოკვლევის თანახმად, კოვიდვაქცინების ეფექტიანობა, იქნება ეს ამერიკული, ევროპული თუ ჩინური წარმოების ვაქცინები, დაახლოებით ექვს თვეში იკლებს. სწორედ ამიტომ, ვაქცინის მწარმოებლებმა, მათ შორის, „ფაიზერმაც“, რამდენიმე თვის წინ მიმართა აშშ-სა და ევროპულ რეგულატორებს, დაემტკიცებინათ ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება, რაკიღა, მწარმოებლების განცხადებით, ორჯერადი ვაქცინაციიდან ექვსი თვის თავზე, იზრდება COVID-19-ით ინფიცირების რისკი.
ერთ-ერთი ბოლო გამოკვლევის შედეგები კოვიდვაქცინის მწარმოებელმა, „ფაიზერმა“ გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის ეფექტიანობა აცრიდან ექვსი თვის თავზეც მაღალია, მისი მაჩვენებელი 180 დღის გასვლის შემდეგ 13%-ითაა შემცირებული.
იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მოქალაქეების ნაწილს როგორც ბუსტერ დოზების, ისე რევაქცინაციის საშუალებაც მიეცა, სავალალოდ გამოიყურება ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი. 18 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში მხოლოდ 2 230 ადამიანი აიცრა. მათმა უმეტესობამ ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, ვაქცინაცია, ფაქტობრივად, შეჩერებულია.
საქართველოში კოვიდვაქცინით აცრილია მთელი მოსახლეობის მხოლოდ 25%.