საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას ახალი ინიციატივა ცვლის

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ახალი ეტაპი უწოდა საქართველოს თავდაცვის და შეკავების გაძლიერების ინიციატივას, რომლის შესახებაც დღეს გამოცხადდა საქართველოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტისას.

თბილისში, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ აშშ დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს და უცვლელი და მტკიცეა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ილაპარაკა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე, რომელიც სამ წელზე მეტია ემსახურება აშშ-ის ძალისხმევას, ხელი შეუწყოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და მზადყოფნის ზრდას. ეს პროგრამა წლის ბოლოსთვის დასრულდება და, როგორც ლოიდ ოსტინმა თქვა, პატივი აქვს, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამოაცხადოს ახალი - საქართველოს თავდაცვის და შეკავების გაძლიერების ინიციატივა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანახმად, ეს ინიციატივა იქნება საფუძველი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალებს შორის უსაფრთხოების სფეროში შემდგომი თანამშრომლობისთვის და ახალი ეტაპი უსაფრთხოების სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის პროცესში.

ლოიდ ოსტინის თქმით, საფუძვლად გამოყენებული იქნება თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა და აშშ გააგრძელებს საქართველოს თავდაცვის სექტორში ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას, გააძლიერებს შესაძლებლობებს და უნარს, რომელიც აუცლებელია ეფექტიანი შეკავებისა და თავდაცვისთვის და დაეხმარება ნატოსთან საქართველოს თავსებადობას. ოსტინის შეფასებით, ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს საერთო ინტერესების გატარებას და პარტნიორობის გამყარებას.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თბილისში დღეს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ხაზს უსვამს აშშ-ის გრძელვადიან პოლიტიკას, დაეხმაროს საქართველოს თავდაცვაში, აგრესიის შეკავებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში.

ლოიდ ოსტინის თქმით, თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამ უნდა გააძლიეროს დემოკრატია და გაატაროს ფუნდამენტური რეფორმები, რომლებიც აუცილებელია დასავლეთთან მეტად დაახლოებისთვის.

ასევე ნახეთ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში სტრატეგიული პარტნიორობის მტკიცე დასტურია - ჯუანშერ ბურჭულაძე

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, თავდაცვის ძალებს და ხალხს, მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოიჩინეს ავღანეთში აშშ-ის და ნატოს ძალისხმევისადმი. ოსტინის თქმით, საქართველომ ავღანეთში დიდი მსხვერპლი გაიღო - 32 დაღუპული და 293 დაჭრილი სამხედრო და აშშ მათ პატივს მიაგებს.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა საქართველოდან დაიწყო ვიზიტი შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში. ლოიდ ოსტინი უკრაინასა და რუმინეთსაც ეწვევა და ევროპულ ტურნეს დაასრულებს ბრიუსელში, სადაც ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების სხდომაა დაგეგმილი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლოიდ ოსტინი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2020 წლის დეკემბერში წარადგინა. ოსტინი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა 2021 წლის 22 იანვრიდან, სენატის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ.