აშშ-ის თავდაცვის მინისტრი შავი ზღვის რეგიონში იწყებს ვიზიტს, ესტუმრება საქართველოსაც

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი გაემართა შავი ზღვის რეგიონისკენ, სადაც მისი ვიზიტის მიზანია, კავშირები განამტკიცოს ქვეყნებთან, რომლებზეც ზეწოლა აქვს რუსეთს და მადლობა უთხრას მათ ავღანეთის მისიაში გაღებული წვლილისთვის.

ოსტინი ეწვევა საქართველოს, რუმინეთს და უკრაინას, სანამ პირადად მიიღებდეს მონაწილეობას ბრიუსელის ნატოს სამიტში 21-22 ოქტომბერს.

„ჩვენ ვადასტურებთ და ვაძლიერებთ იმ ქვეყნების სუვერენიტეტს, რომლებიც რუსული აგრესიის უშუალო სამიზნე არიან“, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენელმა გამგზავრების წინ.

სამივე ქვეყანა, სადაც ოსტინი ჩავა, ნატოს ორბიტაზე არიან, რუმინეთი ალიანსის წევრია, ხოლო უკრაინა და საქართველო პარტნიორი სახელმწიფოები არიან.

სამივე ქვეყანა შავი ზღვის პირას მდებარეობს, სადაც რუსეთი თავისი გავლენის გაძლიერებას და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებისთვის ხელის შეშლას ცდილობს.

ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ „ჩვენი ორმხრივი დახმარება მიზანმიმართულია ინსტიტუციური რეფორმების კონკრეტულ ასპექტებზე, რომლებიც საჭიროა ნატოსთვის. ეს ეხება უკრაინასაც და საქართველოსაც“.

საქართველოში ოსტინი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს. თბილისში შეხვედრების საკვანძო მიზანია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის ხელშეწყობა, რადგან წელს აშშ-ის არმიის სამწლიანი საწვრთნელი პროგრამის ვადა იწურება.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „თავდაცვის დეპარტამენტი ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებს მტკიცედ უჭერს მხარს შავი ზღვის მნიშვნელოვან რეგიონში რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების ფონზე“.

სამივე ქვეყანაში, სადაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჩადის, ვაშინგტონი ესწრაფვის თავდაცვის სფეროში მხარდაჭერას, მაგრამ ამავე დროს ხედავს დემოკრატიული განვითარების და კორუფციის პრობლემებს.