ის, რომ ხანძარს 14 ოქტომბერს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუსტიციის სამინისტრომ მეორე დღეს, 15 ოქტომბრის დილით დაადასტურა. განცხადება იყო ზოგადი - არ იყო მითითებული ორი პატიმრის, რომან ქრისტესიაშვილისა და ილია ხიპაშვილის გარდაცვალების ზუსტი დრო, ადგილი და არც სიკვდილის სავარაუდო მიზეზები.
სიკვდილის გამომწვევი მიზეზების დადგენა გამოძიების საქმეა - მომხდარს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი იძიებს. გამომძიებლებმა დღეს დაიწყეს შემთხვევის ადგილის შესწავლა.
დაზუსტებით არც დაშავებულების რაოდენობაა ცნობილი - ოფიციალურ განცხადებაში საუბარი იყო, რომ ხანძრის დროს დაშავდნენ იმ კომპანიის წარმომადგენლები, ვინც პატიმრებს საკვებით უზრუნველყოფს. იუსტიციის მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში კი დღეს თქვა, რომ დაკვამლიანების შედეგად მსუბუქად „ილი ჯგუფის” მხოლოდ ერთი თანამშრომელი დაშავდა. ადვოკატები კი, რომლებიც დღის განმავლობაში რუსთავის ციხესთან მიდიოდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების სანახავად, ამბობენ, რომ მძიმე დაკვამლიანების გამო დაშავებულები მსჯავრდებულებიც არიან და ეს გამოიწვია იმან, რომ ხანძრის დროს ციხიდან ევაკუაციის ნაცვლად ისინი „საკნებში გამოკეტეს”.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არ სცემს პასუხს კითხვაზე, რომელ საათზე მიიღეს შეტყობინება ციხეში ხანძრის შესახებ და რა დროს შევიდა რუსთავის მეჩვიდმეტე დაწესებულებაში სახანძრო-მაშველების პირველი ეკიპაჟი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მეხანძრე-მაშველების 11 ეკიპაჟი იღებდა მონაწილეობას და რომ ხანძრის ჩაქრობის პროცესში შეზღუდული იყო ელექტროენერგიის მიწოდება საპატიმრო დაწესებულებისთვის.
ციხეში ხანძრის გაჩენის ფაქტს სწავლობს სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარიამ დღეს პირადად მოინახულა ხანძრის ადგილი და პატიმრებს ესაუბრა. იმის მიხედვით, რასაც პატიმრები სახალხო დამცველს უყვებიან:
- სახანძრო სამსახური ხანძრის გაჩენიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მივიდა შემთხვევის ადგილას.
- სანამ მეხანძრეები მივიდოდნენ, ერთი მსჯავრდებული ცდილობდა ცეცხლში გახვეული სასადილოდან თავის დაღწევას, მან ფანჯრის შუშები ჩალეწა, მაგრამ გისოსების გამო ალმოდებული შენობიდან გამოსვლა ვერ მოახერხა.
- ცეცხლში მოყოლილი პატიმრის დახმარება სცადა სხვა მსჯავრდებულმა და სამზარეულოში შეაღწია;
- მოასწრეს თუ არა გარდაცვალებამდე პატიმრების რომელიმე კლინიკაში გადაყვანა, არც სახალხო დამცველისთვის არის ცნობილი;
- ხანძრისას გარდაცვლილების გარდა კიდევ ორი პატიმარი დაშავდა: ერთი - კვამლის ინტოქსიკაციით, ხოლო ერთს დაზიანებული აქვს თითი.
როგორი გავრცელდა ინფორმაცია ხანძრის შესახებ
- პირველი ცნობები მედიაში ხანძრის შესახებ 14 ოქტომბერს, დღის სამი საათისთვის გაჩნდა.
- პენიტენციურმა სისტემამ 16:39 წუთზე გაავრცელა პირველი განცხადება, სადაც თქვა, რომ ხანძარი 14:20 წუთზე გაჩნდა მე-17 დაწესებულების სასადილოში და რომ მის ჩასაქრობად მეხანძრე-მაშველების 11 ბრიგადა მუშაობდა.
- 14 ოქტომბერს, 6:06 წუთზე, პენიტენციურმა სისტემამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია, მაგრამ მე-17 დაწესებულებას ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება, რის გამოც პატიმრები ვერ ახერხებენ სატელეფონო კონტაქტს ოჯახის წევრებთან.
- 14 ოქტომბერს პენიტენციური სისტემის მიერ გავრცელებულ მესამე განცხადებაში კვლავ არაფერია ნათქვამი დაშავებულებსა და გარდაცვლილებზე. ამ განცხადების მიზანი იყო იმის უარყოფა, რომ ციხეში ბუნტი მოხდა.
- 14 ოქტომბრის საღამოს საათებში ადვოკატებს უკვე ჰქონდათ ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ - მაგალითად, ჯაბა კოჭლამაზაშვილმა გვიან ღამით ფეისბუკზეც კი დაწერა გარდაცვლილების შესახებ. რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ მან თქვა, რომ სანამ ფეისბუკზე დაწერდა ინფორმაციას გარდაცვლილების შესახებ, ცდილობდა ოფიციალური სტრუქტურებისგან მიეღო ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, მაგრამ უშედეგოდ. 14 ოქტომბრის ღამით პენიტენციური სისტემა მხოლოდ იმას ამბობდა, რომ ხანძრის შედეგად მსუბუქად იყო დაშავებული ერთი ადამიანი, რომელმაც „კვამლი ჩაისუნთქა”.
- გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია პენიტენციურმა სისტემამ 15 ოქტომბერს დღის 12 საათისთვის გაავრცელა. მანამდე იუსტიციის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.
„სამწუხაროდ, მეც მაქვს კითხვა, რატომ არ შეგვატყობინა არც პენიტენციურმა, არც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა, რომ იყვნენ ან დაზარალებულები, ან მით უმეტეს გარდაცვლილები.
მე ჩემი მხრიდან გეტყვით, რომ დაახლოებით 7-ის ნახევარზე საღამოს გვქონდა ბოლო კომუნიკაცია პენიტენციურთან, ვამოწმებდით მათ შორის ბუნტს. როგორც გვითხრეს, იყო სიმშვიდე და არანაირი პრობლემა“, - თქვა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დღეს მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხეში ხანძრის თვითმხილველ პატიმრებს შეხვდა.
„ჩვენ დადგენილი წესით, გარდაცვალების ფაქტი ძალიან მალე შევატყობინეთ მათი ოჯახის წევრებს, ეს არის დადგენილი ფაქტი.
მთელი საღამოს განმავლობაში მიმდინარეობდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, ასევე სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ციხის ტერიტორიას არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. ეტაპობრივად დაიწყო ელექტროენერგიის აღდგენა და დაკავებული ვიყავით თითოეული პატიმრის უსაფრთხოებით.
პირადად ვიმყოფებოდი ადგილზე, სადაც ციხის ადმინისტრაციასთან ერთად ვაკვირდებოდი ვითარებას და მთელი გუშინდელი საღამო მოცული ვიყავით იმით, რომ არცერთი პატიმარი არ ყოფილიყო დაშავებული და ყოფილიყო სიმშვიდე“, - ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი „რუსთავი 2“-ის ეთერში კითხვას იმის შესახებ, რატომ გაავრცელა უწყებამ გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია დაგვიანებით. რატი ბრეგაძე მადლობას უხდის პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მეხანძრეების კარგი მუშაობისთვის და ამბობს, რომ მისი უწყება მზადაა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
ასევე ნახეთ ჯაბა კოჭლამაზაშვილი ციხის ხანძარზე - "ადამიანები არ უნდა იღუპებოდნენ ციხეებში!"„დროულად ვერ მოხდა რეაგირება, პატიმრები თავიანთი ძალებით ცდილობდნენ ადგილზე ცეცხლის ლოკალიზებას. დაახლოებით 1 საათის განმავლობაში პატიმრები ცდილობდნენ სხვების ამოყვანას იმ შენობიდან, სადაც ცეცხლი გაჩნდა”, - უთხრა დღეს რუსთავის ციხესთან მყოფ ჟურნალისტებს ადვოკატმა ანა კეკენაძემ. ის ეყრდნობოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრის მონათხრობს, რომელიც მე-17 დაწესებულებაში იხდის სასჯელს და საკუთარი საკნის ფანჯრიდან ადევნებდა თვალს ხანძარს.
„სხვა დაშავებულებზე ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ვიცი, რომ ეს ადამიანები უკვე გარდაცვლილები იყვნენ და პირდაპირ პროზექტურაში გადაასვენეს. ეს შენობა არის ახალი გარემონტებული შენობა და, სავარაუდოდ, გაყვანილობის ბრალი იყო ხანძრის გაჩენა. დაკვამლიანება იყო ძალიან ძლიერი”, - თქვა დღეს რუსთავის ციხესთან მისულმა ადვოკატმა, ჯაბა კოჭლამაზიშვილმა. ის უარყოფს ცნობებს ციხეში ბუნტის შესახებ, თუმცა ადასტურებს „გარკვეულ ვნებათაღელვას”.
„გუშინ მთელი დღე ვეხვეწე ციხის ადმინისტრაციას და პენიტენციურ სამსახურს მთლიანად, რომ როგორმე მოეხდინა პატიმრების ევაკუაცია ხანძრის დროს, რაც სამწუხაროდ არ გააკეთა არც იუსტიციის მინისტრმა, არც ციხის დირექტორმა. ჩაკეტეს პატიმრები და ჩაკეტვის შედეგად გაიგუდნენ. ბუნტს არ ჰქონია ადგილი, იყო უბედური შემთხვევა - სასადილოში გაზქურას გაუჩნდა ხანძარი და უცებ აალდა. სისხლის სამართლის დანაშაულებრივი ქმედებაა ჩადენილი და ამაზე პასუხისმგებლობა ასაღები აქვს ბატონ მინისტრს“, - ეს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძეა. ის 14 ოქტომბერს დღის 4 საათითვის ფეისბუკლაივში მართლაც საუბრობდა ევაკუაციის საჭიროებასა და იმაზე, რომ პატიმრები მე-17 დაწესებულებიდან შველას ითხოვდნენ.
„ყველაზე სწორი რეაგირება იქნებოდა საზოგადოების დაუყოვნებელი ინფორმირება პატიმრების გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ზოგადად იმის თქმაც, რომ არ იყო საფრთხე სხვა პატიმრებთან მიმართებაში“, - განაცხადა ტატო ქელბაქიანმა რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ სტუმრობისას. ის არასამთავრობო ორგანიზაციის „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ თავმჯდომარეა.
ასევე ნახეთ ტატო ქელბაქიანი ციხის ხანძარზე - "ფანჯრების ჩამტვრევა რომ გახდა საჭირო, იყო თუ არა გასასვლელები დატოვებული?"