შიმშილობის ანატომია: რატომ აცხადებენ და რა მოსდის ადამიანს?

Your browser doesn’t support HTML5

ლუპი - შიმშილობის ანატომია

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა თავისი დაპატიმრებისა და „პოლიტიკური მოტივით“ მიმდინარე საქმეების გასაპროტესტებლად.

ექსპრეზიდენტი არ აპირებს შეწყვიტოს შიმშილობა, რომელიც დაკავების დღესვე, პირველ ოქტომბერს დაიწყო და რისკის ქვეშ დააყენა თავისი ჯანმრთელობა, ქრონიკული დაავადების ფონზე. ის უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე იმ შემთხვევაშიც, თუკი გონებას დაკარგავს.

სააკაშვილის ექიმი ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს უჭირს მოძრაობა, შეეცვალა მეტყველება და შიშობს, რომ შესაძლოა, მან 30 ოქტომბრამდე, არჩევნების მეორე ტურამდე, ვერ მიაღწიოს.

რატომ იყენებენ შიმშილობას, როგორც პროტესტის ფორმას პოლიტიკური პროცესების მონაწილეები და რატომ აყენებენ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ? რა ემართება ადამიანის სხეულს, როდესაც მას არ აქვს საკმარისი საკვები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში?

რა არის შიმშილობა?

შიმშილობა არის პროტესტის მეთოდი, რომლის დროსაც საკვებზე უარს ამბობენ. მას ძირითადად მიმართავენ ისინი, ვისთვისაც პროტესტის სხვა ფორმა ხელმისაწვდომი არაა - ხშირად, პატიმრები. ასეთი არჩევანის მიზანია, როგორც წესი, ციხის პირობების გაპროტესტება, ან საზოგადოების ყურადღების მიქცევა კონკრეტული საქმისკენ ან პრობლემისკენ.

საკვებზე (ან საკვებსა და სითხეებზე, რასაც მშრალი შიმშილობა ეწოდება) უარის თქმით, პროტესტანტები რისკავენ ჯანმრთელობას და საფრთხეს უქმნიან საკუთარ სიცოცხლეს.

რა ემართება ადამიანს შიმშილობისას?

საკვებზე ხანგრძლივად უარის თქმა გავლენას ახდენს ადამიანის სხეულის უმეტეს ორგანოებსა და სისტემებზე, იწვევს კუნთების სისუსტეს, დაუცველობას ინფექციების მიმართ, ფსიქოლოგიურ პრობლემებს და, საბოლოოდ, ორგანოთა უკმარისობას.

თუ ადამიანი, რომელიც იწყებს შიმშილობას, ჯანმრთელია პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის გამოყენებამდე და შიმშილობისას განაგრძობს სითხის მიღებას, მას ექვსიდან რვა კვირამდე პერიოდში შესაძლებელია სიკვდილი დაემუქროს.

ადამიანი შეიძლება გაცილებით ადრე მოკვდეს - სამი კვირის შემდეგ, თუ ის სერიოზულად ავად არის. სითხეებზე უარის შემთხვევაში, სიკვდილი შეიძლება დადგეს ერთი კვირის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ კუნთების მასის დაკარგვა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, ადამიანი, როგორც წესი, კვდება ინფექციის ან ორგანოთა უკმარისობის გამო.

სისტემები ადამიანის სხეულში, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს

(შიმშილობის დროს)

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ პირობებში ადამიანებს შეუძლიათ საკვების გარეშე გაძლონ რამდენიმე კვირა, ფიზიკური და გონებრივი პრობლემები ორ-სამ დღეში უკვე სახეზეა. ნახშირწყლების ნაკლებობის გამო, სხეული იწყებს ცხიმებისა და ცილების რეზერვების გამოყენებას.

ადამიანი კარგავს ცხიმებსა და კუნთოვან მასას, სხეული იცვლის მეტაბოლიზმს. ასევე მნიშვნელოვნად იკლებს ელექტროლიტების დონე, რაც არღვევს სხეულის სხვადასხვა ფუნქციას.

ორი კვირის შემდეგ ადამიანს შეიძლება დაეწყოს თავბრუსხვევა, სისუსტე, დაკარგოს კოორდინაციის უნარი და შეუსუსტდეს გულისცემა. მომდევნო კვირაში შეიძლება დაიწყოს ნევროლოგიური პრობლემები, მაგალითად, გაუარესდეს მხედველობა.

ერთი თვის შემდეგ ან სხეულის წონის 18 პროცენტზე მეტის დაკარგვის შემდეგ, სხეული მუდმივად ზიანდება. ძნელდება ყლაპვის რეფლექსი, ძლიერდება თავბრუსხვევა, ქვეითდება სმენა და მხედველობა, ვითარდება ორგანოს უკმარისობა.

45 დღის შემდეგ, არსებობს სიკვდილის მაღალი რისკი, უმეტესად ინფექციის ან გულ-სისხლძარღვთა კოლაფსის გამო.

მას შემდეგაც კი, რაც მომიტინგე გადაწყვეტს შიმშილობის შეწყვეტას, არსებობს „ხელახალი კვების სინდრომის“ პოტენციური რისკი. ეს სინდრომი ჩნდება სითხეებისა და ელექტროლიტების ცვლის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ ზედმეტი საკვების ან სითხეების ძალიან სწრაფად მიცემა შეიძლება საშიში და პოტენციურად ფატალური იყოს. ეს შეიძლება მოიცავდეს ღვიძლის დისფუნქციას, გულის არითმიას და ფილტვის, ნევროლოგიურ ან სხვა სიმპტომებს.

გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის პროფესიონალებმა საკვები ნივთიერებები ფრთხილად და თანდათან უნდა მიაწოდონ ყველას, ვინც შიმშილობდა ხუთი დღის ან მეტი ხნის განმავლობაში.

კვების დაწყების სინდრომის ნიშნები

(სიმპტომების მაგალითები)

  • მინერალური დისბალანსი -- ნატრიუმის, მაგნიუმის დაბალი დონე და ა.შ.;
  • გულის დისფუნქცია -- გულის არითმია, გაზრდილი გულისცემა;
  • სითხის შეკავება;
  • სხვა სიმპტომები -- ღვიძლის არანორმალური ფუნქციონირება, მუცლის ტკივილი, ანემია, სუნთქვის სიძნელე.

შენიშვნა: შეიძლება აღინიშნოს ზოგიერთი, ყველა ან სხვა სიმპტომი.

როგორ რეაგირებენ ოფიციალური პირები შიმშილობის აქციებზე?

შიმშილობა არის პროტესტის განსაკუთრებული ტიპი, რომლის დროსაც მონაწილეები მზად არიან ზიანი მიაყენონ საკუთარ თავს მიზნის მისაღწევად. მოშიმშილეები ხშირად ეყრდნობიან თავიანთი პროტესტის მორალურ ძალას, რადგან ზოგიერთს შეიძლება გადაწყვეტილი ჰქონდეს, სიცოცხლე შესწიროს იდეებს. შიმშილობამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სახის საჯაროობა მათ საქმეში და დაეხმაროს მათ მიზნის მიღწევაში.

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ხელისუფლებებს, როგორც წესი, არ სურთ მოშიმშილის გარდაცვალება. ზოგადად, პასუხისმგებლიანი საზოგადოება და საერთაშორისო ორგანიზაციები ზეწოლას ახდენენ ხელისუფლებაზე, რომ არ დაუშვას ადამიანის სიკვდილი. გარდა ამისა, მთავრობებს ეშინიათ, რომ თუკი მაგალითად დემონსტრანტს სიკვდილის უფლებას მისცემენ, ის შეიძლება მოწამედ აღიქვას საზოგადოებამ.

ამიტომ სახელმწიფო ხანდახან იძულებით კვებავს მოშიმშილეებს - ან ემუქრება ამით. იძულებითი კვებისას, ვინმეს ნების საწინააღმდეგოდ, როგორც წესი, მოშიმშილეს კუჭში საკვები პლასტმასის მილით ცხვირიდან შეჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ მიზანი შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება, ძალისმიერი კვება ითვლება სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად. ის ასევე ძალიან მტკივნეულია და შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა ან სხვა გართულებები.

შიმშილობის თანამედროვე ისტორია

ითვლება, რომ ერთ-ერთი პირველი დიდი შიმშილობა თანამედროვე ისტორიაში მოხდა მე-19 საუკუნის ბოლოს რუსეთში.

ნიუ-იორკის ჰამილტონის კოლეჯის ისტორიის პროფესორის, კევინ გრანტის კვლევის თანახმად, ერთ-ერთი შიმშილობა დაფიქსირდა 1878 წელს, როდესაც პეტერბურგის პეტრესა და პავლეს ციხეში მყოფმა პოლიტპატიმრებმა უარი თქვეს საკვებზე ციხეში არაადამიანური პირობების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

მომდევნო წლებში, ასევე დაფიქსირდა პოლიტპატიმარი ქალების შიმშილობა, ციმბირში. ერთ-ერთი ასეთი პროტესტი დაიწყო პატიმარ ელიზავეტა კოვალსკაიას სოლიდარობის ნიშნად, რომელიც დასაჯეს მას შემდეგ, რაც მან თითქოსდა შეურაცხყოფა მიაყენა ვიზიტორ ჩინოვნიკს. ეს ეპიზოდი, რომელმაც რამდენიმე სიკვდილი გამოიწვია (ზოგიერთმა პატიმარმა შიმშილობა დაასრულა საწამლავის ჭამით), ცნობილი გახდა როგორც „კარას ტრაგედია“ და ციხე მალევე დაიხურა.

პროტესტის ეს ე.წ. რუსული მეთოდი, როგორც მაშინ აღწერა რამდენიმე გამოცემამ, მოგვიანებით გამოიყენეს ბრიტანელმა სუფრაჟისტებმა, რომელთაგან პირველი იყო მარიონ დანლოპი 1909 წელს. ციხეში მისი გარდაცვალების შიშის გამო, რაც მოძრაობისადმი მეტ თანაგრძნობას გამოიწვევდა საზოგადოებაში, იგი გაათავისუფლეს 91 საათის შემდეგ. სხვა სუფრაჟისტებმა მას მიბაძეს. ბევრი გაათავისუფლეს ციხიდან, მაგრამ ზოგი იძულებით გამოკვებეს.

მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიომ ბევრი სხვა შიმშილის პროტესტი იხილა. მაჰათმა განდიმ რამდენჯერმე იშიმშილა ბრიტანეთის მმართველობის გასაპროტესტებლად. მათგან ყველაზე გრძელი იყო 21 დღე. ბობი სენდსი, ირლანდიის რესპუბლიკური არმიის (IRA) წევრი, 1981 წელს მოკვდა 66-დღიანი შიმშილობის შემდეგ. ის მოითხოვდა მოპყრობოდნენ როგორც პოლიტპატიმარს და არა როგორც დამნაშავეს.

საბჭოთა დისიდენტმა ანატოლი მარჩენკომ რამდენჯერმე გამოაცხადა შიმშილობა და გარდაიცვალა ციხეში 1986 წელს, დიდი ალბათობით, შიმშილობისგან გამოწვეული გართულებების გამო. ინდოელმა აქტივისტმა ირომ შარმილამ, 16-წლიანი შიმშილობის შემდეგ, 2016 წელს დაიწყო საკვების მიღება. სავარაუდოდ, ეს ყველაზე გრძელი მარხვაა ისტორიაში. მთავრობა მას 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ძალით კვებავდა ცხვირიდან.

ცნობილი შიმშილობის აქციები

შიმშილობის მაგალითები საქართველოში

2021 წლის მაის-ივნისში ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა 30 დღე არ მიიღეს საკვები, მათი საცხოვრებელი სახლებისთვის მიყენებული ზარალის გამჭვირვალე შეფასებისა და სოფლიდან გასახლების ადეკვატური კომპენსაციების მიღების მოთხოვნით.

2018 წელს ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებმა აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა იშიმშილა 7 დღით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში მისი უფლებების ხელყოფისადმი პროტესტის ნიშნად და სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან თანადგომის მოსაპოვებლად.

2020 წელს, აქტივისტმა ბექა ბასილაიამ შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც 19 დღის შემდეგ შეწყვიტა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ის მოითხოვდა მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას, 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის გამო.

40-დღიანი შიმშილობის შემდეგ, 2018 წელს გარდაიცვალა 32 წლის პატიმარი გიორგი ფასეიშვილი. ის არ აღიარებდა წარდგენილ ბრალდებას და საქმის გადახედვას მოითხოვდა.

რუსლან პერტაიამ, რომელიც 3 ტომარა თხილის ქურდობის ბრალდებით დააკავეს, 2014 წელს 48 დღე იშიმშილა. მას ამოკერილი ჰქონდა თვალი და პირიც. მარცხენა ხელი მიჭედებული ჰქონდა საპატიმროს მაგიდაზე. პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართეს მისმა ოჯახის წევრებმაც - შვილებმა ხელები ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ხეზე მიიჭედეს. თავის დაწვა სცადეს დაკავებულის დედამ და შვილმა.