„გვჭირდება დიდი შერიგება“ - სააკაშვილის მიმართვა აქციის მონაწილეებს გააცნეს

თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს გააცნეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა, სწორედ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.

ყოფილი პრეზიდენტის მიმართვა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა და „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

„მოგესალმებით სამარტოო საკნიდან ტელეეკრანის შემყურე. დარჩენილ სიცოცხლეს გავცვლიდი იმაში, რომ ახლა თქვენთან ერთად ვიყო. ჩვენ მრავალ ათას თანამემამულესთან, მე ვიტყოდი მრავალ ათი ათას, საიდანაც ერთი ხელის გაწვდენაზე ვარ, მაგრამ მაინც ვერ გიერთდებით, ვერ გიერთდებით ჯერ, ჩემი უპირველესი ნატვრა და მთავარი სურვილია, ქართველებს ჰქონდეთ სახელმწიფო, გამორჩეული თავისუფლებით და კეთილდღეობით, სამართლიანობით და დაცულობით. უძველეს ევროპელებს უნდა გვქონდეს ევროპული ქვეყანა, სხვა ევროპულ ქვეყნებში კი დავდიოდეთ ტურისტებად, სასწავლებლად, ბიზნესის საკეთებლად, მაგრამ ყოველთვის უნდა ვბრუნდებოდეთ შინ, როგორც მე დავბრუნდი შინ. ჩვენს სამშობლოში უნდა ვბრუნდებოდეთ ყველა, რომლითაც ვიამაყებთ და სადაც ცხოვრება იქნება შესანიშნავი“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მიმართვაში ყოფილი პრეზიდენტი პასუხობს შეკითხვას, „რატომ ვარ დღეს საქართველოში?“

„მე აქ ვარ, რადგან ვერ ვიქნები ბედნიერი, თუნდაც ჩემთვის ძალიან ახლობელ უკრაინაში, ვერ ვიქნები სხვაგან, როცა ამდენ სისასტიკეს და უბედურებას ვხედავ ჩემს უსაყვარლეს სამშობლოში. უემოციოდ ვერ ვუყურებ, მასობრივად როგორ გარბის ჩვენი ქვეყნიდან ხალხი და როგორ ცარიელდება ქვეყანა ყველაზე ნიჭიერი, მშრომელი და წესიერი ადამიანებისგან. ვერ ვიქნები ჩვენი სამშობლოს განადგურების გვერდიდან მაყურებელი. ამას სიკვდილიც მირჩევნია. ამიტომაც ვარ აქ. აქ ვარ და მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, დავრჩე და ამით წვლილი შევიტანო რეჟიმის დამარცხებაში. ჩემი წვლილი შევიტანო ქართველი ხალხის ბრძოლაში - სიღატაკის, კორუფციის, უსამართლობის, ნგრევის წინააღმდეგ, ქართველ ხალხთან წინ აღვუდგე ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც პუტინის რუსეთში მიათრევს ჩვენს სამშობლოს. ჩვენ ყველამ ერთად არ უნდა დავუშვათ ეს. და ყველამ ერთად საქართველო უნდა დავაბრუნოთ დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე“, - აცხადებს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი გამოდის შერიგების იდეით და აღნიშნავს: „ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია შევწყვიტოთ ერთმანეთის დამცირება და ზიზღის ფრქვევა ერთმანეთის მიმართ და მივუტევოთ ერთმანეთს. ამას ვწერ ციხის საკნიდან, უკანონო პოლიტპატიმარი, მაგრამ გარეთ პირველ რიგში ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებთ. კიდევ ერთი რევანში და შურისძიება მორალურად გაანადგურებს ჩვენს საზოგადოებას და საბოლოოდ დაანგრევს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ წინ დიდი ცვლილებები გველის, მაგრამ ამისთვის ყველანაირი წყენა უნდა დავივიწყოთ. გვერდზე გადავდოთ ჩვენი ნეგატიური ემოციების ტვირთი, რადგან ამის მოშორების გარეშე ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ერთმანეთზე გაბოროტებულ საზოგადოებას არასდროს დაუყენებია პროგრესის გზაზე საკუთარი ქვეყანა. არასდროს შეუქმნია რაიმე ფასეული და ყოველთვის დამარცხებულა საკუთარ ბრაზთან და აგრესიასთან. ცივილიზებული ქვეყანა ვერ იქნება დაფუძნებული შუღლზე და თუ ჩვენ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, მაშინ, აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე“, - ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მხარდაჭერას უცხადებს თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის სხვა კანდიდატებს, რომლებიც მეორე ტურში გავიდნენ.

არჩევნების მეორე ტური საქართველოში 30 ოქტომბერს ჩატარდება.

დღეს, 14 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება. მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან თბილისში ჩამოვიდნენ.

მიხეილ სააკაშვილი მეცამეტე დღეა შიმშილობს რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ის 1 ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.