სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, რუსთავში, #17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის გამო გათიშული ელექტროენერგიის აღდგენისთანავე ყველა პატიმარს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემა.
უწყების ინფორმაციით, პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილი ხანძარი, ამ დროისთვის, უკვე ლოკალიზებულია.
#17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი დაახლოებით, 14:20 საათზე გაჩნდა. უწყება აღნიშნავს, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ასევე განმარტავს, რომ #17 დაწესებულება რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური დაწესებულებებიდან (5, 6, 12, 16) მოშორებით მდებარეობს და, შესაბამისად, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.