პროკურატურა შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს

პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილიშვილის გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდება წაუყენა 12 ოქტომბერს, შიდა ქართლის რეგიონში დაკავებულ პირს.

პროკურატურის მიერ დღეს, 14 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მცირეწლოვან შვილიშვილს ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სისტემატიურად აუპატიურებდა, ახორციელებდა გარყვნილ და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს“.

ბრალდებულისთვის წაყენებული, სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები 15-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე ნახეთ 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით 53 წლის კაცი დააკავეს

პროკურატურამ სასამართლოს მიმართა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით.

როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, არასრულწლოვანი დაზარალებულის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დაიგეგმა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.