მიტროპოლიტი ანანია ხელს მოაწერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელს მოაწერს მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია.

ამის შესახებ კომენტარი მან მცხეთაში, სვეტიცხოვლობის წირვაზე შესვლამდე გააკეთა:

„ვაპატიოთ, შეუნდოთ, ეს არის უმთავრესი - შენდობა“.

ჟურნალისტების კითხვაზე, მოაწერს თუ არა ხელს პეტიციას, მიტროპოლიტი ანანია პასუხობს: „აუცილებლად“.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას უკვე მოაწერა ხელი ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ, მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, შემოქმედის მიტროპოლიტმა იოსებ კიკვაძემ, დეკანოზმა თამაზ ლომიძემ და სქემმონაზონმა სიდონიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია და მალევე ამის დასადასტურებლად ვიდეოებიც გამოაქვეყნა.

პირველ ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები დაჟინებით იმეორებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია.

საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო ბრიფინგზე კი ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

რაც შეეხება საქმეებს, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილი არის ბრალდებული, პროკურატურის განცხადებით, ეს არის „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 8 მილიონ ლარზე მეტის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტები. ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მიხეილ სააკაშვილი მეცამეტე დღეა შიმშილობს.