საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდის შესახებ. მისი ინფორმაციით, მთავარ საკითხებს წარმოადგენდა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება, ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ანექსიის პროცესი და ადგილზე არსებული ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა.
„მოლაპარაკებისას საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით მოსკოვის მიერ ბოლო დროს გააქტიურებული ნაბიჯები, მათ შორის, ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ „პროგრამის“ იმპლემენტაცია, ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ე.წ. შეთანხმების დადება, სოფელ აიბღას ნაწილის უკანონო მიერთებისა და რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ოკუპირებული ტერიტორიების მონაკვეთის ცალმხრივი დელიმიტაცია-დემარკაციის მცდელობა. ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და სახელმწიფო დუმის მაჟორიტარი დეპუტატების არჩევა ნათლად მიუთითებს ანექსიის მიმდინარე პროცესზე", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს წარმომადგენლებმა დისკუსიაზე აღნიშნეს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროება და კვლავაც დასვეს აფხაზეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხი.
როგორც სამინისტრო აცხადებს, ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გამოწვევებსა და მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, რასაც კიდევ უფრო ართულებს ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესი, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და სხვადასხვა დისკრიმინაციული ზომები. საგარეო უწყების ცნობით, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას. თანათავმჯდომარეებმა, საქართველოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმა, ხაზგასმით აღნიშნეს ირაკლი ბებუასა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლებისა და საკითხის ჰუმანიტარული მიდგომის საფუძველზე გადაჭრის აუცილებლობა.
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 7-8 დეკემბერს გაიმართება.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები.
მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.