საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში მომავალ კვირაში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინის ვიზიტს ისტორიული დატვირთვის მქონეს უწოდებს და აცხადებს, რომ ვიზიტი ხაზს უსვამს იმ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ანიჭებს საქართველოსთან მტკიცე საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დამყარებულ სტრატეგიულ პარტნიორობას.
დავით ზალკალიანის თქმით, გრძელდება ვიზიტის დეტალებზე მუშაობა, თუმცა არის მოლოდინი, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისას განხილული იქნება როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, ასევე რეგიონული უსაფრთხოება და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რეგიონული ტურნეს ფარგლებში დაგეგმილი ვიზიტი მოწმობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკისთვის მშვიდობა და სტაბილურობა შავი ზღვის რეგიონში.
„ამერიკასა და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე მრავალწლიანი პარტნიორობა თავდაცვის სფეროში, რაც გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის მზაობის ამაღლებისა და ნატოსთან თავსებადობის თვალსაზრისით. საქართველო ამერიკის ერთგული მოკავშირე და პარტნიორია როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების ძალისხმევაში. ქართველი და ამერიკელი სამხედროები მრავალი წელია მსახურობენ ერთად მსოფლიოს არაერთ ცხელ წერტილში, მათ შორის, ავღანეთში და განუზომელი წვლილი შეაქვთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. ამ მრავალწლიანი გამოცდილების, სამხედროებს შორის ჩამოყალიბებული მტკიცე ურთიერთობებისა და ჩვენი საერთო მიღწევების საფუძველზე, ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებასა და გაღრმავებას“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ასევე ნახეთ საქართველოს ეწვევა აშშ-ის თავდაცვის მინისტრიაშშ-ის თავდაცვის მინისტრი, საქართველოს გარდა, ჩავა უკრაინასა და რუმინეთში. იგი ვიზიტს დაასრულებს ბრიუსელში, სადაც ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება.
ასევე ნახეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ისტორიულს უწოდებს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მომავალ ვიზიტსაშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლოიდ ოსტინი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2020 წლის დეკემბერში წარადგინა. ოსტინი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა 2021 წლის 22 იანვრიდან, სენატის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ.