საქართველოს ეწვევა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი. თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლოიდ ოსტინი და მისი გუნდი ემზადებიან მომავალ კვირაში ევროპაში გასამგზავრებლად.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი საქართველოს გარდა, ჩავა უკრაინასა და რუმინეთში. როგორც ჯონ კირბიმ თქვა, მინისტრი ამ მნიშვნელოვან ვიზიტს დაასრულებს ბრიუსელში, სადაც ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლოიდ ოსტინი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2020 წლის დეკემბერში წარადგინა. ოსტინი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა 2021 წლის 22 იანვრიდან, სენატის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ.