ცესკომ პარლამენტის თავმჯდომარეს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოქმის შედგენით დაადასტურა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ აგიტაციის წესები დაარღვია.

საარჩევნო ადმინისტრაციისგან რეაგირებას ითხოვდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელმაც საჩივარი დაწერა მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერს კახა კუჭავა საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მივიდა „ქართული ოცნების“ სიმბოლიკიანი პირბადით.

ასევე ნახეთ ცესკოს სპიკერი: საარჩევნო უბანზე კახა კუჭავამ აგიტაციის წესი დაარღვია
ასევე ნახეთ პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ საარჩევნო უბანზე აგიტაციის წესი დაარღვია

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, მისი საჩივარი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს განიხილა ზეპირი მოსმენით, კახა კუჭავას მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი აგიტაციის წესების დარღვევის ფაქტზე და საქმე განსახილველად სასამართლოს გაეგზავნა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აგიტაციის წესის დარღვევა 2 ოქტომბერსვე აღიარა და თქვა, რომ სავარაუდოდ, ჯარიმის გადახდაც მოუწევს.