საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
საქართველოს მთავრობის მეთაური წერს, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს ახალი სამშვიდობო ინიციატივა და საქართველოს მზაობა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში მშვიდობისათვის და განვითარების მეტი შესაძლებლობისათვის.
“სომხეთის რესპუბლიკაში ჩემი ვიზიტის ფარგლებში პროდუქტიული საუბარი მქონდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობა, სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი სამშვიდობო ინიციატივა და საქართველოს მზაობა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში მშვიდობისათვის და განვითარების მეტი შესაძლებლობისათვის”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
8 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ აუცილებელია, საქართველო არ ჩამორჩეთ იმ პროცესებს, რომლებიც რეგიონში ვითარდება:
„აუცილებლად ვიყოთ ყველა იმ ახალ თუნდაც ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც შეიძლება, ასცდეს საქართველოს და ამით, საქართველომ თავისი როლი და ფუნქცია დაკარგოს. ამისთვის აუცილებელია, რომ ზუსტი პოზიცია გვქონდეს, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ დაზიანდეს“.