სოციალური სამართლიანობის ცენტრი ინსტიტუციური ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ ბათუმში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა სათანადო გამოძიებას მოითხოვს და მნიშვნელოვანია, ის პოლიტიკური განხილვებისა და გრძელვადიანი ინსტიტუციური ცვლილებების საფუძველი გახდეს.

„ბათუმში ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობის ჩამონგრევა სავარაუდოდ სუსტ სამშენებლო რეგულირებასა და ტექნიკურ ზედამხედველობას უკავშირდება. სისტემური პრობლემაა სამშენებლო სანებართვო პირობების შეთანხმებაზე პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილებების არაჯეროვნად შესრულება. ჩვენი დაკვირვებითა და გამოცდილებით, არაერთ შემთხვევაში, იკვეთება სამშენებლო ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოების მხრიდან ლოიალური დამოკიდებულება დეველოპერებისადმი და არათანმიმდევრული მიდგომა სამშენებლო პირობების მოთხოვნებთან და მათ შესრულებასთან დაკავშირებით. მასობრივი სახე აქვს მანკიერ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო ნებართვები არასათანადო საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო დასკვნების საფუძველზე გაიცემა. მათ შორის ყველაზე მწვავეა გეოლოგიური დასკვნების ხარისხის არასათანადოობა და სიზუტეც“, - წერია განცხადებაში.

სოციალური სამარტლიანობის ცენტრი მიუთითებს, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის ორგანოები სუსტი და არაქმედითია როგორც მუნიციპალურ, ისე ეროვნულ დონეებზე. რიგ შემთხვევებში მონიტორინგის სამსახურები კანონის მოთხოვნებს უგულებელყოფენ, იყენებენ შემოწმების არასათანადო სტანდარტს და იშვიათად რეაგირებენ დარღვევებზე. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს სამშენებლო მასალების, მშენებლობის ხარისხისა და მდგრადობის კონტროლის მექანიზმებს, რაც შესაძლოა მომავალში არაერთი უბედური შემთხვევის მიზეზი გახდეს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. გარდაცვლილია 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. ადგილობრივი მოსახლობა აცხადებს, რომ ხუთსართულიან კორპუსს კიდევ ორი სართული ჰქონდა დაშენებული, ხოლო კორპუსის ნგრევა სავარაუდოდ პირველ სართულზე მიმდინარე სამუშაოებმა გამოიწვია, როდესაც ერთ-ერთი მობინადრე სარდაფისა და ბინის გაერთიანებას ცდილობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დაკავებულია სამი ადამიანი.