შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირებული მოსწავლეების რაოდენობა იზრდება

ბოლო ორ დღეში გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში კორონავირუსით 8 მოსწავლე დაინფიცირდა. ის კლასები, სადაც ეს მოსწავლეები სწავლობენ, დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. გორის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, ვირუსი გორის მესამე საჯარო სკოლის 3 მოსწავლეს და მეთორმეტე სკოლის ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა.

„მე-3 საჯარო სკოლაში დადასტურდა ინფიცირების სამი შემთხვევა: 2 მეთერთმეტე კლასში და 1 ინფიცირებული დაწყებითი კლასის მოსწავლეა. დაწყებითი კლასის მოსწავლის ინფიცირება გამოვლინდა გორის მე-12 სკოლაშიც. თითოეული ეს კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავა”, – აცხადებს ტერმაკოზაშვილი.

7 ოქტომბერს ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა გორის მე-7 სკოლის ერთ მოსწავლეს და სოფელ მეჯვრისხევის სკოლის 3 მოსწავლეს.

გასულ დღე-ღამეში შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირების 116 შემთხვევა დადასტურდა.

საქართველოს მასშტაბით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 30 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული ქვეყანაში 36 840 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 2 661 შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამეში 1 274-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.