4 ათასამდე გაბათილებული ბიულეტენი - რა მოხდა ლაგოდეხში

ხმის დათვლის პროცესი კაბალის მე-19 უბანზე

ლაგოდეხის ოცდათვრამეტივე საარჩევნო უბანზე, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 3996 ბათილი ბიულეტენია, - აზუსტებს რადიო თავისუფლებასთან არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნანა დევიძე.

ლაგოდეხის მე-15 საარჩევნო ოლქის მე-19 საარჩევნო უბანზე (სოფელი კაბალი) 1300-მდე ამომრჩეველი დარეგისტრირდა. 2 ოქტომბერს ხმის მისაცემად 516 ადამიანი მივიდა. კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმში წერია, რომ მერის ასარჩევად განკუთვნილი ბიულეტენებიდან 162 გაბათილდა. 83 ბათილი ბიულეტენია ლაგოდეხის პირველ უბანზე, 89 მეორეზე, 87 მეხუთე უბანზე.

საერთო ჯამში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 38 საარჩევნო უბანზე როგორც მერის, ასევე მაჟორიტარულ და პროპორციულ ნაწილში 4000-მდე ბიულეტენი გაბათილდა.

ბათილი ბიულეტენების ეს რაოდენობა კითხვებს უჩენს თითქმის ყველა იმ ადამიანს, ვინც საარჩევნო პროცესში იყო ჩართული. მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას". ორგანიზაციის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნანა დევიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბათილი ბიულეტენებიდან უმეტესობა, დაახლოებით 2300, მერის იყო.

"დაწერილი გვაქვს საჩივრები, რომელსაც კომისია დღეს განიხილავს. ლაგოდეხის მე-15 ოლქის მე-20 უბანზე 204 ბათილი ბიულეტენი გვაქვს, არის უბნები, სადაც 162 და 141 ბათილი ბიულეტენია. ჩვენ ვითხოვთ უბნების გადათვლას. უნდა ვნახოთ, რასთან გვაქვს საქმე", - ამბობს ნანა დევიძე.

საჩივრების განხილვა ლაგოდეხის საოლქო კომისიაში

ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების ნაწილი დღეს განიხილა, მათ შორის, სამართლიანი არჩევნების. არასამთავრობო ორგანიზაციამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სულ ცოტა 6 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლა მოითხოვა. 5 შემთხვევაში ოლქმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ხოლო ერთი საჩივარი დააკმაყოფილა და ლაგოდეხის მე-20 უბნის ბიულეტენებს, მათ შორის ბათილს, თავიდან დათვლიან. საოლქო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დარბაიძე ამბობს, რომ 5 შემთხვევაში საჩივრების დაწერის პროცედურა და ვადები არ იყო დაცული, თუმცა ისიც მიუთითა, რომ ორი უბანი, რომლის გადათვლასაც სამართლიანი არჩევნები ითხოვს, უკვე გადათვლილია.

"ეს ორი უბანი ლოტოტრონის საშუალებით გამოვლინდა და გადათვლილია. ბათილი ბიულეტენების რაოდენობა ფაქტობრივად არ შეცვლილა. ეს საჩივრები განუხილველი დარჩა, რადგან კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით საჩივრები უნდა შესულიყო უბანზე, ხმების დათვლის დასრულებამდე. ხმის დათვლის დროს თუ ჩანს, რომ ბათილი ბიულეტენებია, მაშინვე უნდა დაიწეროს საჩივარი ან განცხადება. საუბნო კომისიაში უნდა შესულიყო მსგავსი საჩივარი და კომისიას უნდა ემსჯელა, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შემოსულიყო საოლქო კომისიაში. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვერ ვიმსჯელებთ და ვერ დავარღვევთ კანონს".

საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესი

საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვას დაესწრო ოპოზიციის წარმომადგენელიც. ლალი გელაშვილი საოლქო კომისიაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს იცავს. ის ამბობს, რომ რამდენიმე უბანზე ხმის დათვლის პროცესს თავადაც დაესწრო და საკუთარი თვალით ნახა, რომ ბათილი ბიულეტენების უმრავლესობაში არ იყო შემოხაზული არცერთი კანდიდატი. ლალი გელაშვილს საკუთარი ვერსია აქვს, თუ რა მოხდა 2 ოქტომბერს ლაგოდეხის საარჩევნო უბნებზე.

"ყველაზე მეტი ბათილობა გამოვლინდა მერის ბიულეტენებში, სადაც ჩვენი პარტია (ენმ) არ იყო წარმოდგენილი. უბნებიდან ამომრჩეველი რომ გამოდიოდა, ამბობდა, 5 ნომერს ეძებდნენ და ვერ იპოვეს. ბათილ ბიულეტენებში ნება არ არის გამოხატული, არცერთი კანდიდატი არ არის შემოხაზული და, ბუნებრივია, ასეთი ბიულეტენები გაბათილდა. ჩვენ თავად ვნახეთ, რომ ბიულეტენები ცარიელი იყო კონვერტში".

ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში ბათილი ბიულეტენების სიმრავლეს, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოც" იმას უკავშირებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მერობის კანდიდატი არ ჰყავდა და რადგან ოპოზიციის ამომრჩეველმა მერის ბიულეტენში სასურველი ნომერი ვერ იპოვა, ის ხელუხლებელი დატოვა. ლაგოდეხში მერობის ორი კანდიდატი იყო - "ქართული ოცნებიდან" და გიორგი ვაშაძის "მესამე-ძალა სტრატეგია აღმაშენებლიდან". მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რომელსაც მხარს უჭერდა "ნაციონალური მოძრაობაც", საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მოხსნა.

ასევე ნახეთ ბალანსი ისევ “არ ჯდება” - ცესკოს ასობით საჩივარი აქვს განსახილველი

"ასეთი ტიპის არჩევნების დროს, როდესაც სამი ბიულეტენია, თანაც როცა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას მერობის კანდიდატი არ ჰყავდა, მოხდა მსგავსი რამ. ვერ ვიტყვი, რომ ეს ნორმალური პროცესია, მაგრამ მათი (ამომრჩევლის) ნებაა და ასე, სამი ბიულეტენიდან ყველა არ შემოხაზეს".

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური არ ჩატარდება. მერის არჩევნებში 70-პროცენტიანი მხარდაჭერა მიიღო "ქართული ოცნების" კანდიდატმა ჯონდო მდივნიშვილმა. რაც შეეხება საკრებულოს - 30-წევრიან წარმომადგენლობით ორგანოში 17 მანდატი ექნება მმართველ გუნდს, 9 "ნაციონალურ მოძრაობას", ორი მანდატი გიორგი ვაშაძის პლატფორმა "მესამე ძალას", ერთი ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიას "საქართველოსთვის". ლაგოდეხის საკრებულოში ერთი პირი, დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შევა.