"ნანგრევებში არის 5-ზე მეტი ადამიანი, მათგან 3 ბავშვი" - რას ჰყვება თვითმხილველი

რადიო თავისუფლება ესაუბრა ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სახლის ჩამონგრევის თვითმხილველებს. მათგან ერთი, რომლის კორპუსის კედელიც ჩამოგრეულ სახლს ესაზღვრება, ამბობს, რომ დანამდვილებით და ოჯახის წევრებზე დაყრდობით შეუძლია გვითხრას, რომ ნანგრევებში არის 3 ბავშვი და 4 საშუალო ასაკის ზრდასრული. ჩვენი წყაროს ცნობით, ბავშვები სხვადასხვა ოჯახებიდან არიან, ორი ბავშვი ერთი ოჯახის წევრია, მესამე - სხვა ოჯახის. ვრცელდება ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ ბავშვთან ერთად იმყოფება ძიძა.

კადრებში, რომელსაც შემთხვევის ადგილიდან ვიღებთ, ჩანს ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილები - ერთ-ერთი ავტომობილიდან ამოყვანილი ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

კადრებში ასევე ჩანს, როგორ ცდილობენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები ხმა გააგონონ მაშველებს და იქ მყოფ ადამიანებს.

"შემიძლია სუნთქვა", "მესმის შენი ხმა", - უთხრა ნანგრევებში მოყოლილმა ერთმა ადამიანმა მაშველს, რომელიც ნანგრევებზე დადიოდა.

ჩამონგრეულ კორპუსში ადგილობრივების თქმით, 20-ზე მეტი ბინაა, პირველ სართულზე კი სალონი ფუნქციონირებდა, რომელიც ჩამონგრევის მომენტში მუშაობდა. 7-სართულიან სახლს ერთი სადარბაზო აქვს, დაშენება კი სადარბაზოს თაღზე, ე.წ. არკაზე აქვს გაკეთებული. კორპუსი აშენების დროს 5-სართულიანი იყო, დამატებითი სართულები მას მოგვიანებით დააშენეს. სახლს ჰქონდა ასევე მოგვიანებით მიშენებული ლიფტის კონსტრუქცია.

ბათუმის მერის ინფორმაციით, კორპუსში სულ 15 ოჯახი ცხოვრობდა.

ადგილობრივები რადიო თავისუფლებას უყვებიან, რომ სახლი ავარიულად შეფასებული არ იყო და მისი ნგრევა მოულოდნელი იყო, მიზეზები კი, რამაც ნგრევა გამოიწვია, უცნობია.

კორპუსის ჩამოგრევის შესახებ ინფორმაცია დღის 12 საათისთვის გავრცელდა. ნანგრევებთან მყოფი ადამიანები წუხან, რომ სამაშველო ოპერაცია არაორგანიზებულია და ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანა გვიანდება. სამაშველო ტექნიკა და სახანძრო მანქანები მომხდარიდან დაახლოებით 1 საათში გამოჩნდა შემთხვევის ადგილზე. მანამდე ტერიტორია პოლიციამ შემოსაზღვრა ყვითელი ლენტებით.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე იმყოფება რამდენიმე ათეული პოლიციელი და მაშველი. მობილიზებულია სასწაფო დახმარების მანქანებიც. ოფიციალური ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის (2:00 pm) არ არსებობს.