4 ოქტომბრიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც საქართველოში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენის საჯარო სკოლაში, კორონავირუსი დაუდასტურდა 12 მოსწავლეს.
ამის შესახებ რადიო თავისუფლებას სკოლის დირექტორმა ნონა კობიაშვილმა განუცხადა. დირექტორის თქმით, ვირუსი დაუდასტურდათ მეშვიდე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს, ძირითადად ერთი ოჯახის წევრებს:
„დღეს ამ კლასის მოსწავლეები სკოლაში არ გამოცხადებულან, შესაბამისად, სასწავლო პროცესი ახლა არ მიმდინარეობს. ზოგადად, სკოლა მუშაობას აგრძელებს. კოვიდის 12 შემთხვევის შესახებ ჩვენ უკვე ვაცნობეთ ადგილობრივ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს და მათ გადაწყვეტილებას ველოდებით, რა ფორმით გაგრძელდება სკოლაში სასწავლო პროცესი“.
რადიო თავისუფლება გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. მანანა გოგაშვილი ამბობს, რომ ამ წუთებში, სოფელ ახაშენის სკოლაში 4 ჯგუფია გაგზავნილი, რომლებიც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს კორონავირუსზე ტესტებს ჩაუტარებენ. გოგაშვილის თქმით, სავარაუდოდ, დღის ბოლოს მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა ფორმით გაგრძელდება სწავლა ახაშენის საჯარო სკოლაში.
კახეთში დღეიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის #3 საჯარო სკოლა. საგანმანათლებლო რესურსცენტში გაცხადებენ, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა 2 მოსწავლეს და 1 პედაგოგს.
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციითვე, კორონავირუსის შემთხვევებია ველისციხის მეორე საჯარო სკოლაშიც, თუმცა დეტალებზე ვერ საუბრობენ.
კორონავირუსის შემთხვევების გამო სააღმზრდელო პროცესის დაწყებიდან მეოთხე დღეს, კახეთში ორი საბავშვო ბაღი დაიკეტა. COVID-19 თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენის საბავშვო ბაღებში დაფიქსირდა.
საკლასო ოთახებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბერს დაიწყო.
ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი მცირდებოდა და 100-დან 250-მდე იყო, თუმცა უკვე სამი დღეა, რეგიონში ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვი თითქმის 400-ია.
8 ოქტომბრის მონაცემებით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2661 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, კახეთში - 420. საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,22%-ია.